Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული კოდი 


ნანა ექვთიმიშვილი
ნანა ექვთიმიშვილი

პროტესტის დაწყებამდე, როცა ხელისუფლებამ ჯერ „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის“ დაანონსებით მოსინჯა ძალა, შემდეგ რუსული კანონი დააბრუნა და „ოფშორების კანონი“ სასწრაფოდ მიიღო, როცა ჯერ კიდევ მწიფდებოდა საზოგადოებაში რეაქციისა და პროტესტის გამოხატვის ფორმები, ალბათ ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი გახდებოდა ის, რასაც დღეს ვხედავთ.

ალბათ სულ თავიდან ვინმეს რომ ეთქვა, ჩვენ გავაპროტესტებთ, ჩაგვერთვება კულტურული კოდი, ამუშავდება და დავიძვრებით გამარჯვებისკენ, ცოტა გულუბრყვილოც შეიძლებოდა ვინმეს მოსჩვენებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ზუსტად ასე მოხდა.

ჩვენი კულტურული კოდი, სწორ დროს და ადგილას ჩაირთო და ამოქმედდა, როგორც ყველაზე ძლიერი საბრძოლო იარაღი. შეუძლებელია ამ იარაღს ტერორით, ან პროპაგანდით მოერიო. ამ კოდმა ისტორიის განმავლობაში მრავალ დარტყმას გაუძლო, უახლოეს წარსულში უმძიმესი საბჭოთა რეპრესიები გადაიტანა, მაგრამ დღევანდელ განსაცდელში ის კიდევ უფრო ხელშესახები გახდა, ყველანაირი ინტერპრეტაციისგან გათავისუფლებული კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა საქართველო გამარჯვებისკენ მიჰყავს.

ეს კულტურული კოდი, ისტორიიდან და წინა თაობებიდან გადმოცემული სიმდიდრე, დღეს ისე გაბრწყინდა, როგორც არასდროს ბოლო ათწლეულებში და თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში სასწაული მოახდინა.

ეს არის ის, რაც დღეს ქუჩაში გამოსულ ყველა ადამიანს აერთიანებს: ახალგაზრდებს თუ ძველებს, განსხვავებული პროფესიისა და მისწრაფებების მოქალაქეებს, ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და კუთხიდან, თავიანთი ცოდნითა და არცოდნით, დანაკარგითა თუ შენაძენით. თითქოს არც კი ვიცოდით ასე დარწმუნებით, რომ კულტურის ეს განმსაზღვრელი, ყველას, უკლებლივ ყველას გაგვაჩნდა: სახლებში თუ ძველ თაროებზე, წიგნების კარადებში, სასკოლო რვეულებში, უჯრებში, ჯიბეებში, საოჯახო ალბომებში, სასიყვარულო წერილებში, დღიურებში, წიგნების სანიშნეებში, ხელნაწერებში, მაცივრებზე გაკრულ შენიშვნებში, სადარბაზოს კედლებზე, ქალაქის სტენსილებში, ტატუებში, გულის ფიცარზე, მეხსიერებაში, თვალებში, ერთმანეთის შეხედვაში, ნაბიჯებში, ქალაქის ქუჩებში, ხმაურში, მტვერში, გაზაფხულის ყვავილებში, ტიტებსა და მიხაკებში, დაკარგულ ადამიანებში, თითო საყვარელ ლექსში, ყველას აღმოგვაჩნდა ჩვენი საერთო კულტურული კოდი, რომელიც თურმე ჩვენთან ერთად ცოცხლობდა და ფეთქავდა და რომელმაც ყველა ჩვენგანში თითო კოცონი დაანთო. ეს ისეთი ძლიერი ცეცხლი აღმოჩნდა, რომ შეიქმნა უპრეცედენტო ერთობა და ძალა, რომელიც აღმართს ხნავს.

საქართველოს ყველა იმ მოქალაქის გული, რომელიც ამ საყოველთაო პროტესტშია ჩაბმული, დღეს ერთნაირად ძგერს იმ სიმღერებზე, რომლებსაც საქართველოს უმღერიან. ამ პროცესში არავინ ფიქრობს საკუთარ თავზე, საკუთარ გეგმებზე, დაკარგულ დროზე, გაცდენილ ცხოვრებაზე, სამსახურზე, წამოწყებულ პროექტებზე, რადგან ყველამ ვისწავლეთ ერთ დროს, რომ: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!“ ან „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ რადგან ჯერ კიდევ გვესმის გმირების გმინვა, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალია მარო მაყაშვილის სიტყვები, სახელოვნად გამარჯვებაზე, რადგან გვახსოვს მერაბ კოსტავას შეგონება თავისუფლების შენარჩუნებაზე, რადგან ისევ აქ არის პაოლო იაშვილის სასოწარკვეთა და სინდისის გამარჯვება, ჯავახიშვილის სიმტკიცე, ილია, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი და მისი “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს, აკაკის „ჩონგური საქართველოა“ თუ სახუმარო სკაბრეზი რუსთა ქებაზე, ვაჟას „სამშობლოს ვერვინ წაგვართმევს“, კიდევ მრავალი და მრავალი ფურცელი თუ ფაქიზი დეტალი ჩვენი ისტორიიდან და კულტურიდან და, რაღა თქმა უნდა, დღეს გაცოცხლებული ორი სიტყვა, კაშკაშა და მოგიზგიზე, ისე როგორც არასდროს, სულხან-საბას „ძალა ერთობაშია“, რომელიც თბილისის თავზე თავად მეფე გორგასლის ხელით არის აღმართული საქართველოს ხუთჯვრიან დროშად.

„ქართულ ოცნებას“, რომელიც საბოლოოდ რუსული გამოდგა, სწორედ მთავარი შეეშალა, იმით დამარცხდა, რითაც რუსეთს ყველაზე მეტად ჩამოჰგავს: ისინი ვერ ხვდებიან ჩვენს სულს, ვერ იგებენ რა გვამოძრავებს, რა გვამღერებს, რა გვიხარია, რა გვაძლებინებს, რატომ ვკვდებით ან რატომ გვინდა სიცოცხლე: საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის...

ვინ იფიქრებდა, რომ წინა დღის სისასტიკის მერე, მეორე დღეს ყველა ასე ლამაზად გაიშლებოდა ქალაქში და ასე იმღერებდა. ეს არის კულტურული კოდი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, ეს არის ის ნაკვერჩხალი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამქრალა და თურმე თავისთვის, წყნარად ღუის ერის გულში.

როგორი ტერორიც არ უნდა მოაწყოს რუსულმა ხელისუფლებამ, ქართული და თუნდაც ევროპის დროშის მანტიაში გახვეულმა, რამდენი ფულიც არ უნდა გადაიხადოს ივანიშვილმა ხალხის აზრის ყიდვაში, შეუძლებელია ამოძირკვო ქვეყნის კულტურული იდენტობა, რომელზეც საქართველო დგას. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის აბსოლუტურად ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ მას 20% ქვეყნის ოკუპირებული აქვს, რომ საქართველო არ დაუხრის თავს რუსეთს და რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს ევროპის ნაწილი. ეს ცოდნა და შეგნება მიღწეულია არა პროპაგანდით, არა ძალდატანებით, არამედ ეს არის ის ბუნებრივი მდგომარეობა, რითაც აქამდე მოვედით.

ხალხის ხმის ამაღლებისთვის ახლა უკვე აღარაფერს აქვს პრინციპული მნიშვნელობა, არც ლიდერს, არც ოპოზიციურ პარტიას. ხალხია ლიდერიც და ოპოზიციაც! ისინი მწყობრად და ჯიუტად მიაბიჯებენ მიზნისაკენ, ისმის პოეტის ხმა, იუნკრების რეინკარნაციით მოდიან პატარები, ეგრეთ წოდებული ჯენზი, მთელი მსვლელობა ემსგავსება ზეიმს, ზეიმი კი გამარჯვებას. ისმის სიმღერაც... მომღერალი ხალხს ეუბნება, თქვენ გენაცვალეთო, მათ ამღერებს, მერე მეორე ხმას ითხოვს, მერე იძახის, ჩვენ ვერაფერი დაგვამარცხებსო, ამას ქალი ამბობს, ათასობით ადამიანის წინაშე, ისე ამბობს, როგორც მეფე უძლეველი და არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ასეა!

ეს ყველაფერი, პრინციპში, დაუჯერებელია!

ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს!

მაგრამ ეს არ არის სიზმარი!

სამშობლო, დედაო ჩვენო!

ფორუმი

XS
SM
MD
LG