Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხელები სასმელი წყლის საფასურის მრიცხველის მიხედვით გადახდას აპროტესტებენ


საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ბოლო ორ დღეში ლაგოდეხში მეორე აქცია გაიმართა. ადგილობრივთა მოთხოვნა ერთია - შენარჩუნდეს ძველი წესი და წყლის გადასახადი არა მრიცხველის ჩვენების, არამედ სულადობის მიხედვით მოეთხოვოთ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უარს ამბობს სულადობრივ გადასახადზე, მოსახლეობა კი აქციების გაგრძელებას აანონსებს.

„მთავრობის წევრები ხელფასიდნ გადაიხდიან წყლის საფასურს და მე რომ არ მაქვს ხელფასი, საიდან უნდა გადავიხადო, მითხარით?! - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც 100-მდე ადგილობრივთან ერთად ლაგოდეხში საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა.

აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ დღეიდან ისინი სასმელი წყლის საფასურს, სულადობის ნაცვლად, მრიცხველის ჩვენებით გადაიხდიან.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

იმის გამო, რომ ლაგოდეხელებს სარწყავი წყალი არ აქვთ, სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვისაც სასმელ წყალს იყენებენ, ამიტომ მრიცხველის ჩვენებით, თვეში, შესაძლოა, 100 ლარის გადახდაც კი მოუწიოთ.

სარწყავი არ გვაქვს, ბოსტნები როგორ მოვრწყათ? მთავრობა არც სარწყავი წყლის პრობლემას აგვარებს და არც მრიცხველების გაუქმება სურს...

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ქალაქის გარეუბნებში, ფაქტობრივად, ისე ცხოვრობენ, როგოც სოფლეში: ჰყავთ საქონელი, აქვთ ბოსტნები და წყლის მოხმარება ასეთ უბნებში უფრო დიდია. შესაბამისად, თუკი გადასახადს მრიცხველის მიხედვით გადაახდევინებენ, ეს დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული:

„მრიცხველი ძალიან ბევრს დაწერს და ჩვენ როგორ ვიხადოთ, მაშინ როცა უმუშევრები ვართ? გამოდის, რომ ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს. სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ამიტომ გამოვედით ქუჩაში“.

სარწყავი არ გვაქვს, ბოსტნები როგორ მოვრწყათ? მთავრობა არც სარწყავი წყლის პრობლემას აგვარებს და არც მრიცხველების გაუქმება სურს. სანამ სარწყავი წყლის საკითხს არ მოაგვარებენ, მანამდე არ გავჩერდებით“.

როგორ შეიძლება, რომ  სასმელი წყლით ნაკვეთები მორწყან?! ჩვენ იმდენი წყალი ვერ გვექნება ონკანში, რომ იმით ჰექტრობით მოირწყას...
ჯონი ოსიფაშვილი

ადგილობრივები, რომელთაც დღეს ლაგოდეხში გზა გადაკეტეს, ამბობენ, რომ მათ ონკანებში ამ დრომდე სასმელად უვარგისი წყალი მოდის - მოჰყვება ფოთლები, წვიმის დროს იმღვრევა და მიაჩნიათ, რომ, წესით, ასეთ წყალში თანხას საერთოდ არ უნდა იხდიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მოსახლეობა წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიდა, 1 ადამიანზე 50 თეთრს. მათი მოთხოვნაა, გადახდის კვლავ ძველი წესი დარჩეს, რადგან, რეალურად, ტექნიკური წყალი მიეწოდებათ და არა სასმელი.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ლაგოდეხში ეს უკვე მეორე აქციაა. 29 მაისს ადგილობრივთა ნაწილი იმავე მოთხოვნებით გამოვიდა ქუჩაში. დღეს აქციის მონაწილეებს შეხვდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ჯონი ოსიაშვილი. მისი განცხადებით, კომპანია სასმელი წყლის სარწყავად გამოყენებას ვერ დაუშვებს, რადგან მაშინ 24-საათიანი წყალმომარაგება შეუძლებელი იქნება. წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მოსახლეობა დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ, ამიტომ დაგეგმეს შეხვედრა, სადაც მხარეები გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ.

„როგორ შეიძლება, რომ სასმელი წყლით ნაკვეთები მორწყან?! ჩვენ იმდენი წყალი ვერ გვექნება ონკანში, რომ იმით ჰექტრობით მოირწყას. ფიზიკურად ვერ გაატარებს, არ გვაქვს ჩვენ იმდენი წყალი“.

ჯონდო მდივნიშვილი
ჯონდო მდივნიშვილი

აქციის მონაწილეებს შეხვდა ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილიც. ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში სარწყავ წყალს მიიღებენ, თუმცა ვერ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა წყლის საფასურის გადასახადი დაწესდეს მრიცხველის გარეშე:

„ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ მოსახლეობას, ეს არის, რომ სარწყავი წყლის ალტერნატივა გაჩნდეს. მრიცხველი თუ არა, მაგაზე მე პასუხი არ მაქვს და ვერ დავპირდები ვერაფერს მოსახლეობას“.

ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მთლიანად გამოიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა. ამავე პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა წყლის მრიცხველებიც. მოსახლეობას, როგორც თავად ამბობენ, წყლის პრობლემა ისევ აწუხებს. მათი ნაწილი ამბობს, რომ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG