საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ საინფორმაციო განცხადებას აკეთებს. დილის 8 საათიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გახსნილია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ.
გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში. შს მინისტრის თქმით, ამას უკავშირდებოდა პოლიციის მძიმე ტექნიკის გადაადგილება დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად“, - განაცხადა შს მინისტრმა.
“მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს; განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან. დღეს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხმის მიცემის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა არჩევანი დიდუბის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გააკეთა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო დავით ბაქრაძემ. თავისი არჩევანი “ევროპული საქართველოს” ლიდერმა 27-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა პრესასთან და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.