პანკისში მცხოვრებლები პროტესტის ნიშნად ბიულეტენებზე მინაწერებს აკეთებენ. ადგილობრივი ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი, რითაც შეუძლიათ ამ არჩევნებზე პროტესტი გამოხატონ. „ჩვენთვის ორი თემაა აქტუალური: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა და ჰესების მშენებლობა. გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებმა ამ სახით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი“, - განაცხადა მან.
„რაკი სხვა კანდიდატებმა ხმა მისცეს გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე მივეცი ხმა „გირჩს“, შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისათვის ბრძოლის გაგრძელებას. ვიცი, რომ რაღაც რეგულაცია დავარღვიე ამ წუთას, მაგრამ ჩემ თავს მივეცი ხმა. საკუთარ თავს დავუჭირე მხარი და თან მყარად“, - უთხრა ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.
არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. იხ. მეტი.
სად შეგიძლიათ დარეკოთ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცხელი ხაზი - (032) 2 182630
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ - (032) 2 372882.
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – (032) 2 921403.
- სახალხო დამცველის ოფისის ცხელი ხაზი - 1481.
- ცესკოს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - (032) 2 510051.