საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ხმა მისცა ხურვალეთის 70-ე საარჩევნო უბანზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მავთულხლართებზე გადმოსვლის დროს დათა ვანიშვილმა ხელი დაიზიანა. მისი თქმით, ხმა მისცა მშვიდობას, მავთულხლართების აღებას, თავისუფალ გადაადგილებას და საკუთარ მიწაზე წვდომის უფლებას.
ცესკოს მონაცემებით, 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%. შესაბამისად, 15 საათისთვის ხმა მისცა მილიონ 85 ათას 730-მა ამომრჩეველმა. ცესკოს ცნობითვე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 15 საათისთვის აქტივობა შეადგენდა 32,1%-ს.
ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყველაზე უხუცესმა, 103 წლის ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს 28 ოქტომბერს მხოლოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2" გამოაქვეყნებს. მათი ინფორმაციით, შედეგები საღამოს 20-დან 21 საათამდე გამოქვეყნდება. გამოკვლევას ტელეკომპანიის დაკვეთით საერთაშორისო კომპანია Edison Research - ი აკეთებს.