მედიაექსპერტ ნინო დანელიას შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის: 1. ამომრჩეველთა ნაწილს არ სჯერა, რომ მის ხმას აქვს ძალა და მას რეალურად შეუძლია შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ; 2. ამომრჩეველთა ნაწილი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, არ ცდილობს ალტერნატივა შეარჩიოს სხვა არსებული კანდიდატებიდან; 3. პოლიტიკურ პარტიებს მეტი უნდა ემუშავათ, რომ ხალხი გამოეყვანათ არჩევნებზე. ნინო დანელიამ ეს განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში. გადაცემას გოგი გვახარია და ნინო გელაშვილი უძღვებიან.
„ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი“ - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „ქართული ოცნების“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. იხ. მეტი.
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ამომრჩეველმა. საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ამომრჩეველმა, რაც ოლქის საერთო ამომრჩევლების 36, 47 პროცენტს შეადგენს. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 99 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, ოთხმოცდაათივე უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. მან დასძინა, რომ საოლქო კომისიაში სულ 29 საჩივარი შევიდა, ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე საარჩევნო უბნებში. ასევე - უბნების გარეთ აგიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
ქუთაისში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, 7-8 წუთის განმავლობაში რამდენიმე საარჩევნო უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ელექტროენერგია გამოირთო # 3, 7, 21, სკოლებსა და 21 ბაღში გახსნილ უბნებზე. ინფორმაციას ადასტურებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ დენის მიწოდება ამ დროისთვის ყველა უბანში აღდგენილია.