"მრავალეროვანი საქართველოს" საარჩევნო პროგრამების კოორდინატორის, ირმა ბასილაშვილის თქმით, ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე ოლქში აკვირდებოდა. ორგანიზაციამ მთლიანობაში საარჩევნო პროცედურების დარღვევის 31 ინციდენტი ასახა, რომელთაგან უმრავლესობა დამკვირვებელთა სიტყვიერი მითითების საფუძველზე მოგვარდა. მთლიანობაში, ირმა ბასილაშვილის თანახმად, "მრავალეროვანი საქართველოდან" საარჩევნო ადმინისტრაციაში 8 საჩივარი შევიდა. ირმა ბასილაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარე არჩევნებზე თითქმის იმავე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა, რაც წინა არჩევნებზე. თუმცა, უბნებსა და უბანთან ინციდენტების რაოდენობითა და ხასიათით მიმდინარე, არჩევნები მაინც გამორჩეული იყო. "იყო უბანთან თუ უბნის შესასვლელთან დაპირისპირების შემთხვევები", - აღნიშნა ირმა ბასილაშვილმა რადიო თავისუფლების საარჩევნო გადაცემაში.
გიგა ბოკერია: საბოლოო მარცხი განვაცდევინოთ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანდიდატს. ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, წინასწარი შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიცია იმარჯვებს, რაც მათი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. იხ. მეტი.
მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების დასრულების შემდეგ საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამიტომ საიამ ის სხვა დამკვირვებლით ჩაანაცვლა. ამჟამად სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში განგვიცხადეს, რომ ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტენია. შედარებით დაძაბული ვითარებაა უბნის გარეთ, სადაც პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, არჩევნების პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო კომისიების წევრთა არასაკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნის ნაკლებობა. შესაბამისად, ხშირია პროცედურული ხასიათის დარღვევები, განსაკუთრებით - რეგიონებში. ალეკო ცქიტიშვილმა ეს განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლების გადაცემის პირდაპირ ეთერში. გადაცემას გოგი გვახარია და ნინო გელაშვილი უძღვებიან.