„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საღამოს შვიდის ნახევრისთვის გამოაცხადა, რომ გამარჯვებულია მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. „ბუნებრივია, აგონიაში მყოფი ხელისუფლება ახლა შეეცდება, რომ გარკვეული მანიპულაციებით კორექტივები შეიტანოს არჩევნების შედეგებში, თუმცა მერწმუნეთ, არ მივცემთ ამის საშუალებას, რომ ხმები მოიპაროს ან გაააყალბონ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების ხელწერა: ამომრჩევლებზე ზემოქმედება
როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ (ISFED) უთხრეს რადიო თავისუფლებას, 28 ოქტომბრის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, თვისებრივად ახალი ტიპის დარღვევები არ გამოვლენილა; თუმცა თვალშისაცემი იყო იმ ფაქტების სიმრავლე, რომლებიც უპირატესად „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლების ნებაზე სავარაუდო ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ამომრჩევლების ნების კონტროლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე 28 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში ლაპარაკობდნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებიც.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, საუბრობენ დარღვევებზე, სადაც ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტები ფიქსირდება. იხ. მეტი.
ოზურგეთში, საარჩევნო უბანთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ, ამომრჩევლებს აღრიცხავდა. თუმცა, კითხვაზე მან უპასუხა, რომ მეზობელს ქორწილი აქვს და სტუმრების სიას ადგენს.