Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
23:32 28.10.2018

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით შემოსული ხმების დათვლა დაიწყო. ამ დროისათვის, საიტის ოფიციალურ გვერდზე ატვირთულია 43 ოლქიდად შესული 136 უბნის ოქმი. შესაბამისი უბნების ოქმები უკვე განთავსებულია ცესკოს საიტზე. სულ საქართველოს მასშტაბით 3 705 უბანია.

საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 46,74 %-მა მიიღო.

23:37 28.10.2018

„საპრეზიდენტო არჩევნების ​მეორე ტური გარდაუვალია და ხელისუფლება ამას ვერ გაექცევა“, განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ, რომლის აზრითაც, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების გარანტია არც მეორე ტურში აქვს.

„ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“, - ფიქრობს ხათუნა ლაგაზიძე. ამ შინაარსის განცხადებები ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა რადიო თავისუფლების საარჩევნო გადაცემის პირდაპირ ეთერში. გადაცემას გოგი გვახარია და ნინო გელაშვილი უძღვებიან.

23:42 28.10.2018

„მთავარი ძალა არის ის ამომრჩეველი, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლების საარჩევნო ეთერში. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა მისთვის იმის მანიშნებელია, რომ ქართველი ამომრჩევლის დიდ ნაწილს არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც - „ნაციონალური მოძრაობა“.

00:00 29.10.2018

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ რადიო თავისუფლების საარჩევნო გადაცემაში ხმების პარალელური დათვლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის სტატისტიკურად გამართლებული მეთოდოლოგია, რომელიც შედეგების გარდა მიემართება პროცესის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე. მან განმარტა, რომ პარალელური დათვლა არჩევნების ოფიციალური შედეგების ყველაზე კარგ ინდიკატორად ითვლება.

პარალელური დათვლის შედეგები, მიხეილ ბენიძის განმარტებით, 29 ოქტომბერს, 10 საათისთვის გამოქვეყნდება. იგი ამბობს, რომ მოლოდინი იმისა, რომ არჩევნებში მეორე ტური იქნება, არსებობს. მეორე ტურის შემთხვევაში, იგი მოუწოდებს პარტიებს, საარჩევნო გარემო უსაფრთხო და თავისუფალი იყოს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG