Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200-ლარიანი კომპენსაცია: მაისის მიიღეთ? მიიღებთ კიდევ?


92 ათასამდეა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც სამსახურის დაკარგვის ან ანაზღაურების შეჩერების გამო, მაისის 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად გაკონტროლდება და შესაბამისად - შეიცვლება კიდეც. აპრილში მთავრობა 350 ათასი ასეთი პირის გამოვლენასა და დახმარებას ვარაუდობდა. სად წავიდნენ დანარჩენები?

აპილში, როდესაც ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ 6-თვიანი 200 ლარიანი დახმარება 350 ათას პირს დასჭირდებოდა:

  • „დახმარებით სარგებლობას დღეის მონაცემებით, იმ ფონდებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, შეძლებს საქართველოს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 000 000 ლარის ხარჯს“;
  • „ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, შეგვეძლოს 6 თვის განმავლობაში ფინანსურად დავეხმაროთ მათ იმ მინიმალური მხარდაჭერით და თანადგომით, რისი შესაძლებლობაც გვაქვს".

დღევანდელი, უკვე დათვლილი მაჩვენებლების მიხედვით, 200-ლარიან კომპენსაციას არა 350 ათასი, არამედ თითქმის 4-ჯერ ნაკლები ადამიანი მიიღებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო (2019 წლის აპრილის) მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 713 900 ადამიანს შეადგენდა

კომპენსაციის მიმღებთა გამოვლენის ბოლო ვადა 30 მაისს ამოიწურა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ზუსტად 91 810 ისეთი ადამიანი დაითვალა. საკითხი დამსაქმებლებთან ირკვეოდა. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია 50 000 -მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია. აქედან დაკმაყოფილდა 22 851 კომპანიის განაცხადი.

მთავრობის 286-ე დადგენილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ პირს შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა:

  • ის დასაქმებული უნდა ყოფილიყო კერძო სექტორში;
  • იანვარში, თებერვალში ან მარტში (ერთ-ერთ თვეს მაინც) უნდა ჰქონოდა მიღებული ანაზღაურება;
  • შრომითი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა შეწყვეტილი ან შეჩერებული 2020 წლის 1 ივნისამდე.

მთავრობის 286-ე დადგენილება 4 მაისს ამოქმედდა და შესაბამისად - კომპენსაციის 6-თვიანი პერიოდის პირველ თვედ მაისი განისაზღვრა.

თუმცა მაისის 200 ლარის მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ 6-თვიანი მექანიზმი ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდება. დამსაქმებელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ყოველთვიურად უნდა მიაწოდოს განახლებული მონაცემები და თუკი ვინმე ხელახლა დასაქმდება ანდა ხელფასი აღუდგება, ის დარჩენილი თვეების კომპენსაციას დაკარგავს.

კრიტერიუმებმა კომპენსაცია უკვე დააკარგვინეს მათ, ვისაც ანაზღაურება (ან კომპანიის დახმარება) აპრილში ან მაისში ჩაერიცხა. ამ ჯგუფიდან არიან ნატო და კახა - მათ სამსახურები ბოლომდე არ დაუკარგავთ და ამიტომ ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ.

  • „აპრილიდან უხელფასო შვებულებაში გაგვიშვეს და შესაბამისად - აპრილის ხელფასი არ აგვიღია. ვიცოდით, რომ არც მაისში უნდა აგვეღო არანაირი ანაზღაურება, მაგრამ კომპანიამ მაისში ჩაგვირიცხა ხელფასის მიზერული ნაწილი. ამიტომ, ვეღარ მივიღებთ სახელმწიფოს სოციალურ დახმარებას ვერც აპრილისთვის, როცა ფულის სესხება დამჭირდა“ - გვიყვება 45 წლის ნატო;
  • „მარტის ბოლოს სამსახურიდან ფაქტიურად გამიშვეს, ისე დამემშვიდობნენ. მაგრამ მაისის დასაწყისში დამიბარეს ისევ ძალიან მცირე ანაზღაურებაზე. 200 ლარი ცოტაა თითქოს, მაგრამ რაღაცაში წამადგებოდა. მუშაობა ივნისიდან დავიწყეთ, მაგრამ არ ვიცი - რას გადაგვიხდიან ჯერ. მგონია, რომ ჩვენი დამსაქმებლები საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებულმა შეღავათმა მოხიბლა და ამიტომ მოიქცნენ ასე“ - ამბობს 33 წლის კახა.

„ისეთი კრიტერიუმები შემოიტანეს, რომელთა მიხედვითაც, ადამიანების გარკვეული ნაწილი დახმარების გარეშე რჩება. ასეა ამ შემთხვევაშიც და ეს უსამართლობაა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რეფორმების გუნდის“ ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი.

ე.წ. კრიზისული ბიუჯეტის პროექტის გაცნობის შემდეგ, ყიფიანი აცხადებს, რომ სახელმწიფოს საკმარისად ჰქონდა ფული დახმარებების სამართლიანად გადასანაწილებლად და იმისათვის, რომ დახმარების გარეშე არ დარჩენილიყვნენ მთელი რიგი მოწყვლადი ჯგუფები.

ოპონენტების კრიტიკა და მათ მიერ შეთავაზებული ალტერნატიული წინადადებები უსაფუძვლოდ მიაჩნია პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად, ოპონენტების მიმართ ბრაზი არაერთხელ გამოვლინდა 27 მაისს, როცა გიორგი გახარია დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართავდა.

„ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომ ამდენს მოგცემთ და 1000 ლარი ოჯახს და 5 ათასი ლარი პეტრეს და მერე პავლეს კიდევ რაღაცეები... გაითვალისწინეთ ერთი რამე და ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა - საქართველო ვერცერთ დამატებით ხარჯს, ვერცერთ დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და დაბალანსებული ბიუჯეტი არ იქნა შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან - დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან... ასე მეც შემიძლია გამოვიდე და სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 ათასი ლარი, მაგრამ ამას სჭირდება ეკონომიკური დასაბუთება... შესაბამისად, კონკრეტული, გრძელვადიანი ღონისძიებები დავაანონსეთ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი, გააზრებული და შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო დონორებთან“ - განაცხადა იმ დღეს გიორგი გახარიამ.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორს, რამაზ გერლიანს კონსულტაციისთვის ძალიან ბევრი მოქალაქე მიმართავს. მრავალს შორის არის მათი შეკითხვებიც, ვინც ანაზღაურებას გაუფორმებლად, ნაღდი ანგარიშსწორებით იღებდა.

გერლიანი გვეუბნება, რომ „ასეთები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ“ და ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღება, თუმცა ამ შემთხვევაშიც - საეჭვოა, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი საბუთის მოპოვება.

„თუკი დამსაქმებელი გასცემს ცნობას, რომ მასთან ვინმე გაუფორმებლად იყო დასაქმებული, ამით ის აღიარებს, რომ კანონს არღვევდა - რადგან მინიმუმ საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებას ხომ მაინც ექვემდებარება ყოველთვის?! ასევე დამსაქმებელს ვალდებულება აქვს საპენსიო შენატანთან დაკავშირებითაც. გვინდა, არ გვინდა - კანონთან მოდის წინააღმდეგობაში... ლოგიკურია, რომ აუტკივარ თავს არავინ აიტკივებს“.

ბოლო მონაცემებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტომ მიაწოდა რადიო თავისუფლებას, „2 ივნისის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 112 ათასი პირი“. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ყველა მიიღებს.

29 მაისის მდგომარეობით, დარეგისტრირებულთა რიცხვი 91 730-ს შეადგენდა. თვითდასაქმებულების რეგისტრაცია 1 ივლისამდე გრძელდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG