Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროჯარის მოკლე ისტორია


ნატოს პირველ გენერალურ მდივან ლორდ ისმეის უყვარდა გამეორება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დანიშნულება იყო „ამერიკა ჰყოლოდა შიგნით (ევროპაში), რუსები - გარეთ, ხოლო გერმანელები - (მეურვეობის) ქვეშ“. დღეს, როცა ამერიკელები შიგნით ყოფნას კითხვის ქვეშ აყენებენ, გერმანელებს მეურვეობა არ სჭირდებათ, ხოლო რუსების შეკავება უფრო და უფრო რთული ხდება, ევროპა დაუბრუნდა ევროპული ჯარის შექმნის ძველ იდეას.

1950 წლის ზაფხულში კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებულმა კონფლიქტმა ევროპის კონტინენტზე ცივი ომის ტემპერატურა მკვეთრად გაზარდა და წითელი ჩექმის აჩრდილი ხელახლა გამოჩიანა დასავეთ ევროპის მოწმენდილ ცაზე. 1950 წლის ცხელ ზაფხულს დასავლეთი იგრძნობს, რომ ცივი ომის ცხელ კონფლიქტად გადაქცევის ალბათობა დიდი იყო და კრემლის შეკავების მექანიზმზე დაიწყებს ფიქრს.

განგაშს ამერიკელები ატეხენ : „მე მინდა, რომ გერმანელები სამხედრო უნიფორმაში ვნახო მომავალ შემოდგომაზე, (...) რადგან ბერლინის სამხედრო წვლილის გარეშე ევროპის დაცვა წარმოუდგენელია,“ - განაცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დინ აჩესონი 1950 წლის სექტემბერში (დასავლეთ გერმანიის შეიარაღებული ძალები ოფიციალურად შეიქმნება მხოლოდ 1955 წელს. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკაც ამ წელს გაწევრიანდება ნატოში).

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ, გერმანიის ჯარის აღორძინებაზე დინ აჩესონის წინადადება თევზის ფხასავით გაეჩხირება პარიზისა და ევროპის სხვა დედაქალაქების ყელში. ფხა ძნელად გადასაყლაპი და მოსანელებელი იყო და ამიტომ პარიზი ვაშინგტონს შესთავაზებს გერმანული შეიარაღებული ძალების აღორძინებას ნატოს პარალელურ ევროპულ სტრუქტურებში. საფრანგეთის მთავარობის მეთაურის აზრით, საჭირო იყო შექმნილიყო „ევროპული არმია, რომელიც დაექვემდებარებოდა ევროგაერთიანების პოლიტიკურ ინსტიტუტებს“. ვაშინგტონი დათანხმდება პარიზის წინადადებას, რადგან ამერიკელებისთვის ეს იყო „ოპტიმალური ვარიანტი გერმანიის ჩართვისა ევროპის უსაფრთხოების სისტემაში“.

ხელშეკრულების თანახმად, უნდა შექმნილიყო 40 დივიზია საერთო ფორმითა და შეიარაღებით, რომელიც ევროპის გაერთიანებულ მთავარსარდლობას დაექვემდებარებოდა. ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის ალმაცერად უყურებდა ზენაციონალურ ინსტიტუციებს, უარს იტყვის ევროპის ჯარის შექმნაში მონაწილეობის მიღებაზე. ადენაუერი კი აღფრთოვანებით შეხვდება ამ წინადადებას - დასავლეთ გერმანიის კანცლერისათვის ეს იყო შანსი, რომ, ერთის მხრივ, სრულად ინტეგრირებულიყო დასავლეთ ევროპაში და, მეორე მხრივ, თავის მეზობლებში არ გამოეწვია გერმანული მილიტარიზმის რენესანსის შიში.

1951 წლის 15 თებერვალს, ევროგაერთიანების ექვსი დამფუძნებელი წევრი ქვეყანა დაიწყებს მოლაპარაკებებს, რომელიც 1952 წლის მაისში ევროპის თანამეგობრობის თავდაცვის ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდება. ასე, (ქაღალდზე), ევროპული არმია შეისხამს ხორცს.

ევროპის თანამეგობრობის ექვსი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა საერთო არმიის შექმნის იდეას ენთუზიაზმით შეხვდება - პარიზში, რომში, ბრიუსელსა თუ ბერლინში თვლიდნენ, რომ საერთო ჯარი იქნებოდა ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მოტორი. ევროპის თავდაცვის ენთუზიაზმის მეცხრე ტალღაზე „დიდი ექვსეულის“ დედაქალაქებში დაიწყებენ საუბარს საერთო ვალუტასა და საერთო კონსტიტუციაზეც კი, რომელიც ჯარის შექმნას უნდა მოჰყოლოდა.

მაგრამ ეიფორია მალე ჩაივლის და 1945-ში დამარხული დემონები უკან ამოძვრებიან საფლავიდან: „შეიარაღებულმა გერმანიამ რომ თვითონ დაიწყოს საბჭოთა კავშირთან ომი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით?“ - დაიწყებენ კითხვას ხელშეკრულების მოწინააღმდეგეები პარიზში... (პარიზის ეს კითხვა ლეგიტიმური იყო მას შემდეგ, რაც წითელი არმია სისხლში ჩაახშობს სახალხო პროტესტს აღმოსავლეთ გერმანიაში).

ამ დემონების საფლავიდან ამოსვლას საერთაშორისო კონტექსტი უწყობდა ხელს: ჯერ სტალინის სიკვდილი 1953 წლის მარტში, შემდეგ ზავი კორეაში (1953 წლის ივლისი) და ბოლოს საფრანგეთის მარცხი ინდოჩინეთის კოლონიალურ ომში (1954 წლის მაისი). თუ პირველი ორი მოვლენა საერთაშორის სიტუაციას განმუხტავს და ევროპაში ცხელი ომის საფრთხეს გააქრობს, კოლონიალურ ომში მარცხი პარიზში ნაციონალიზმს გააღვივებს. ხოლო ულტრანაციონალისტურ ბურანში გახვეული ფრანგებისათვის ეროვნული არმია, როგორც სიმბოლო სუვერენულობისა, ღირსების დაბრუნების აუცილებელი ატრიბუტი აღმოჩნდება.

1954 წლის 30 აგვისტოს საფრანგეთის პარლამენტი (319 წინააღმდეგი და 262 მომხრე ხმით) ჩააგდებს ევროპის თავდაცვითი თანამეგობრობის ხელშეკრულების რატიფიკაციას. თუ ადენაუერსა და აიზენჰაუერს (აშშ-ის პრეზიდენტი) ეს ამბავი თავზარს დასცემს, მოსკოვში შამპანურს გახსნიან: „ევროპული სამხედრო და პოლიტიკური გაერთიანება მკვდრადშობილი ტყუპი აღმოჩნდა“, განაცხადებს კრემლი. თუმცა მალე გაირკვევა, რომ ტყუპის ერთი ცალი ცოცხალი ყოფილა და ფეხსაც მალე აიდგამს... დღეს, ისევე, როგორც 66 წლის წინ, როგორც მოსკოვი, ისე პარიზი და ბერლინი ტყუპის მეორე ცალს შეჰყურებს და მკითხაობს, აიდგამს თუ არა ისიც საბოლოოდ ფეხს...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG