Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიკოსების ატომური იარაღი


სიტყვა „გენოციდი“ ნამდვილ იდეოლოგიურ ატომურ იარაღად იქცა დღევანდელ დღეს. პირდაპირი მინიშნება აუშვიცსა და შოაზე (ჰოლოკოსტზე) ჭეშმარიტი ჯადოსნური იარაღი აღმოჩნდა ისტორიკოსების ხელში: თუ გჭირდებათ რომელიმე პოლიტიკური რეჟიმის ან ისტორიის რომელიმე ეპიზოდის დისკრედიტირება ისე, რომ თავი არ შეიწუხოთ მოვლენების შესწავლით და ანალიზით, საკმარისია მას მიაკეროთ სახელი „გენოციდი“.

მაგალითად, ამერიკულ უტოპიაზე ჩირქის მიცხება გნებავთ? დააბრალეთ ანგლოსაქსებს ინდიელების გენოციდი და თავი ქუდში გაქვთ!

კათოლიკური ეკლესია გეზიზღებათ? მოიხმეთ არგუმენტად სიტყვა „გენოციდის“ გამომგონებელი იურისტი რაფაელ ლემკინი, რომელმაც რომის პაპ ინოკენტი III-ის მიერ კათარების წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო კამპანია გენოციდის ყველაზე წარმატებულ მაგალითად შეაფასა და ვინღა გაბედავს თქვენთან შემოკამათებას?!

პუტინს გინდათ „უჩხვლიტოთ“? გაასაღეთ რუსეთის იმპერიიდან ჩერქეზების განდევნა გენოციდად! (თითქოსდა სხვა „საჩხვლეტი“ არ არსებობდეს). არადა, მხოლოდ ძალზე „ორიგინალურად“ მოაზროვნე Homo sovieticus-ი ისტორიკოსის ან პარლამენტარის თავში შეიძლება დაბადებულიყო იდეა, რომ რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან ჩერქეზების ოსმალეთში განდევნა (და არა მასობრივი გაწყვეტა) გამოაცხადო გენოციდად, მაშინ როცა ამ ხალხმა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხების მასობრივ და სისტემურ გაწყვეტაში...

ჰიტლერი არასაკმარის მონსტრად მიგაჩნიათ? დააბრალეთ მას ჰომოსექსუალების გენოციდი და უწოდეთ ამ მოვლენას „ჰომოკოსტი“ (მთავარია, რომ „ჰოლოკოსტთან“ ირითმებოდეს). და რა მნიშვნელობა აქვს, რომ ჰოლოკოსტსა და ჰომოკოსტს შორის ისეთივე მსგავსებაა, როგორც ჯეი ჰოკინზსა და სტივენ ჰოკინგს შორის. დაუდგით ჰომოკოსტის მსხვერპლს ძეგლი ბერლინში ჰოლოკოსტის მსხვეპლის გვერდზე და ამის შემდეგ ვინღა დაინტერესდება, კლავდა ეს ჰიტლერი ჰომოსექსუალებს თუ ჯარში მიჰყავდა ისინი.

გნებავთ სტალინის ჰიტლერთან გაიგივება? დააბრალეთ სტალინს უკრაინელი გლეხების სრული განადგურების სურვილი ან საერთოდ მთელი უკრაინელი ხალხის გენოციდი... შემდეგ მოუნახეთ ამ მოვლენას შესაბამისი სახელი... ვთქვათ, ჰოლოდომორი... (ჰოლოდომორის ჰოლოკოსტთან ფონეტიკური სიახლოვე, რა თქმა უნდა, სრული შემთხვევითობაა). და თავიც ქუდში გაქვთ! და ვის აინტერესებს, რომ თუ უკრაინაში ე.წ. ჰოლოდომორის დროს მოსახლეობის 11%-15% შეეწირა შიმშილს, ყაზახეთში ამ რიცხვმა 35%-ს გადააჭარბა. და ვინმე ლაპარაკობს ყაზახების გენოციდზე? ან შიმშილობას ვოლგის რეგიონში, ყუბანში, სამხრეთ ურალსა თუ დასავლეთ ციმბირში მოიხსენიებენ გენოციდად? ასე რომ, უნდოდა სტალინს მაინდამაინც უკრაინელების სრული ამოწყვეტა? ოცნებობდა სტალინი უკრაინელებისგან თავისუფალ საბჭოთა კავშირზე ისე, როგორც ნაცისტები ებრაელებისგან თავისუფალ მსოფლიოზე? მოქმედებდა სტალინი ამ მიმართულებით, თუ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ხერხემალი გადაეტეხა გლეხების წინააღმდეგობისათვის (რომელსაც სტალინი ნაციონალისტურ მოძრაობად აღიქვამდა)? სხვაგვარად როგორ ავხსნათ სტალინის 1933 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, დახმარება გაეწიათ იმ უკრაინელი „ხერხემალგადატეხილი“ გლეხებისათვის, რომლებმაც კოლმეურნეობებში მუშაობა დაიწყეს?! ასე რომ, იქნებ შიმშილი საბჭოთა კავშირში გამოიწვია სტალინის გადაწყვეტილებამ, გლეხები კოლმეურნეობებში ძალით შეეყარა და ამგვარად მარცვლეულის მაქსიმალური რაოდენობა ამოეღო ქვეყნიდან? იქნებ სტალინმა საბჭოთა (და არა მხოლოდ უკრაინული) გლეხობის ნაწილი შესწირა აჩქარებულ ინდუსტრიალიზაციას და ეს ე.წ. ჰოლოდომორი სხვა არაფერია, თუ არა დედაბოძი თანამედროვე უკრაინული nation-building-ისა?..

ბოლო ათწლეულების ე.წ. "გენოციდომანიის" პირობებში სიტყვა „გენოციდი“ გახდა იდეოლოგიურად ძალზე დამუხტული ტერმინი და მისი გამოყენება ისტორიული მოვლენის აღწერისას მხოლოდ ხელს უშლის წარსულის გააზრებას. ასე რომ, წარსულის გააზრების მსურველთათვის უპრიანი იქნებოდა, გვერდზე გადადონ ეს იდეოლოგიური იარაღი, რათა არ გაებან ისტორიკოსებისათვის ყველაზე საშიშ მახეში - იმ მახეში, რომელშიც წარსულს სჩვევია თანამედროვე ემოციების სარკედ თუ ანარეკლად გადაქცევა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG