Accessibility links

ენ ეპლბაუმი უკრაინის ჰოლოდომორზე: „ვფიქრობ, ეს გენოციდი იყო“


ენ ეპლბაუმი

პულიცერის პრემიის მფლობელმა ავტორმა, ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა ენ ეპლბაუმმა ახლახან მორიგი წიგნი დაწერა, სათაურით „წითელი შიმშილი: სტალინის ომი უკრაინასთან“. ამ ტექსტში ავტორი აანალიზებს ერთ-ერთ ფუნდამენტურ და ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს უკრაინის ისტორიაში - 1932-33 წლების შიმშილს, რომელსაც უკრაინელები ჰოლოდომორად მოიხსენიებენ. 4 მილიონამდე უკრაინელი ემსხვერპლა შიმშილს, რომელიც სტალინის მიერ იყო ორგანიზებული საიმისოდ, რომ აღმოეფხვრა მისი აღქმით საბჭოთა ცენტრალური ძალაუფლების მიმართ არსებული საფრთხე. ენ ეპლბაუმს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი ნატალია გოლიცინა ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რამ გამოიწვია ჰოლოდომორი?

პასუხისმგებლობა სტალინს პირადად ეკისრება, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ბევრ სხვა პირზეც. შიმშილი განხორციელდა უკრაინელი მოხელეების, უკრაინის კომუნისტური პარტიის დახმარებით - ისევე როგორც რუსებისა და საბჭოთა ლიდერების მიერ, რომლებიც ქვეყნის გარეთ იყვნენ...
ენ ეპლბაუმი

ენ ეპლბაუმი: ჰოლოდომორი სტალინმა განზრახ მოაწყო. 1932 წელს იყო ზოგადად საბჭოთა შიმშილის დასაწყისი, რომელიც მოიტანა კოლექტივიზაციამ და მარცვლეულის მოკრების პოლიტიკამ. 1932 წლის შემოდგომაზე სტალინმა გადაწყვიტა ამ კრიზისით ესარგებლა - ის გამოეყენებინა კონკრეტულად უკრაინის მიზანში ამოსაღებად. და იმ დროს, როგორც ამას წიგნშიც აღვწერ, მართლაც გატარდა რამდენიმე ზომა, რომელიც კონკრეტულად უკრაინას შეეხო: გარკვეული ფერმები, ქალაქები და სოფლები შავ სიაში მოხვდა, საზღვართან კორდონი აღიმართა, რათა ხალხს უკრაინა არ დაეტოვებინა, საგანგებო ზომები გაატარეს უკრაინის კულტურული ინსტიტუტებისა და უკრაინული ენის მიმართ. ეს ყველაფერი ერთსა და იმავე დროს მოხდა. ჩემი აზრით, ყოველივე ამის მიზანი იყო უკრაინაში უფრო მეტი ხალხის სიკვდილის გამოწვევა, რაც მოხდა კიდეც. უკრაინაშიც და საკავშირო დონეზეც, კომუნისტურმა პარტიამ იცოდა რომ ეს ხდებოდა. ამდენად, დიახ, ეს განზრახ გამოწვეული შიმშილი იყო.

რადიო თავისუფლება: და მაინც, რამდენად ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა სტალინს?

ენ ეპლბაუმი: პასუხისმგებლობა სტალინს პირადად ეკისრება, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ბევრ სხვა პირზეც. შიმშილი განხორციელდა უკრაინელი მოხელეების, უკრაინის კომუნისტური პარტიის დახმარებით - ისევე როგორც რუსებისა და საბჭოთა ლიდერების მიერ, რომლებიც ქვეყნის გარეთ იყვნენ. ამ მასშტაბის შიმშილის მოწყობას ბევრი პირის ძალისხმევა სჭირდება - შეგახსენებთ, რომ აქტივისტების ბრიგადებს იმ პერიოდში მოსახლეობის სახლებიდან გაჰქონდა არა მხოლოდ მარცვლეული, არამედ ყველა სახის საკვები. ამდენად, მე ვიტყოდი, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უფრო ფართოა და საზოგადოებრივი.

რადიო თავისუფლება: რისთვის დასჭირდა სტალინს კონკრეტულად უკრაინის ამოღება მიზანში?

ენ ეპლბაუმი: სტალინს კონტრრევოლუციის ეშინოდა, განსაკუთრებით კი უკრაინას უფრთხოდა. ახსოვდა, რომ სამოქალაქო ომის პერიოდში უკრაინაში გლეხების მასშტაბური აჯანყება მოხდა, 1932 წელს კი მისთვის ცნობილი იყო, რომ უკრაინაში კოლექტივიზაციის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება მიმდინარეობდა. 1932 წლის შემოდგომაზე მიიღეს ბრძანებები კონკრეტულად უკრაინის მისამართით. ერთ-ერთი ბრძანება ითვალისწინებდა „უკრაინიზაციის“ სახელით ცნობილი 1920-იანი წლების პოლიტიკის დასრულებას - ენის, კულტურის, უკრაინული იდენტობის ხელშეწყობის დასრულებას. ეს პოლიტიკა გარკვეულწილად კონტრრევოლუციურად აღიქვეს, საშიშად და მისი დასრულება უნდოდათ. სტალინისთვის ყველა ეს ფაქტორი ცნობილი იყო. შესაბამისად, შიმშილი, უკრაინელი ინტელექტუალების შევიწროების პარალელურად, ემსახურებოდა უკრაინაში კონტრრევოლუციის საფრთხის ჩახშობას. ... ამასთან, ვფიქრობ, რომ სტალინისთვის უკრაინა ერთგვარ იდეას წარმოადგენდა. დამოუკიდებელი უკრაინის იდეა დიდი გამოწვევა იყო საბჭოთა ცენტრალიზებული ძალაუფლებისთვის, რადგან მას პოტენციურად საბჭოთა სახელმწიფოსთვის შეეძლო ძირის გამოთხრა.

მე უპრობლემოდ ვუწოდებდი ამას გენოციდს - იმ თავდაპირველი განსაზღვრების თანახმად, რომელიც იურისტმა რაფაელ ლემკინმა შემოიღო ამ ტერმინის დამკვიდრებით. ჩემი აზრით, ეს ზუსტად ესადაგება გენოციდის მისეულ დეფინიციას...
ენ ეპლბაუმი

სტალინი ასე ფიქრობდა. ჩემი აზრით, ის ასევე თვლიდა, რომ სუვერენული უკრაინა მოკავშირეებს იპოვიდა - პოლონეთს ან სხვა ქვეყნებს დაუკავშირდებოდა. ამდენად, სტალინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინული იდეის აღმოფხვრა. დღევანდელი პერსპექტივიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შესაძლოა სწორიც იყო, რადგან გვიანდელ 1980-იან და ადრეულ 1990-იან წლებში სწორედ უკრაინის იდეის აღორძინებამ, რასაც 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობაც მოჰყვა, შეიტანა წვლილი საბჭოთა კავშირისთვის ძირის გამოთხრაში.

რადიო თავისუფლება: ინტენსიური დისკუსიის საგანია ის, თუ რამდენად შეიძლება ჰოლოდომორის კლასიფიცირება გენოციდის აქტად. თქვენი პოზიცია როგორია?

ენ ეპლბაუმი: მე უპრობლემოდ ვუწოდებდი ამას გენოციდს - იმ თავდაპირველი განსაზღვრების თანახმად, რომელიც იურისტმა რაფაელ ლემკინმა შემოიღო ამ ტერმინის დამკვიდრებით. ჩემი აზრით, ეს ზუსტად ესადაგება გენოციდის მისეულ დეფინიციას. თუმცა ვიცი, რომ საერთაშორისო სამართლის ჭრილში ამგვარი განსაზღვრების მინიჭება უფრო რთულია - ასე დაიწერა საერთაშორისო კანონები, გენოციდის შესახებ გაეროს კონვენცია საერთოდ საბჭოთა კავშირის მონაწილეობით შედგა, რომელსაც ძალიან სურდა ამ დეფინიციაში არ მოხვედრილიყო უკრაინის შიმშილი ან საბჭოეთის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულები. ამდენად, იურიდიული თვალსაზრისით ეს შესაძლოა რთული იყოს - მაგრამ, ჩემი აზრით, ჰოლოდომორი არსებითად სწორედ გენოციდი იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG