Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიოსა: საუბარი კათედრალში


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით Libri Novi („ახალი წიგნები“) გთავაზობთ საუბარს გამომცემლობა „ინტელექტის" მიერ ახლახან გამოცემულ წიგნზე: მარიო ვარგას ლიოსა, საუბარი კათედრალში. ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ, რედაქტორები: ელზა ახვლედიანი, ბელა წიფურია და ზვიად კვარაცხელია. ამ თარგმანით დასრულდა ლიოსას ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის თარგმნა ქართულ ენაზე; ამ ოთხიდან სამი („ქალაქი და ძაღლები“, „ვაცის ნადიმი“ და „საუბარი კათედრალში“) შესანიშნავად თარგმნა ლანა კალანდიამ და გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“, რომელსაც წელს 25 წელი შეუსრულდა. 1969 წელს დაწერილი ეს რომანი ვარგას ლიოსას ყველაზე რთული არქიტექტონიკის ნაწარმოებია. უპირველეს ყოვლისა, იგი ტექნიკურად გახლავთ რთულად შესრულებული, მისი დიდი ნაწილი უჭირავს დიალოგებს, რომლებიც ერთდროულად ორ სხვადასხვა წყვილს შორის, ან, ხანდახან, სამ სხვადასხვა წყვილს შორის მიმდინარეობს და მკითხველს უწევს გარკვევა, ვინ რა, სად და როდის თქვა. როგორც ლიოსას ბევრი რომანი, მისი ეს საუკეთესო შედევრიც დიქტატურის ბუნებას იკვლევს. როგორც მოახერხა ლიოსამ გადმოეცა დიქტატორ ოდრიას ამბები ისე, რომ საკუთრივ ეს ამბოხებული გენერალი და შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტი ერთხელაც არ გამოიყვანა რომანის გვერდებზე, მასზე მხოლოდ საუბრობენ; რატომ ჰქვია წიგნს „საუბარი კათედრალში“, თუ მასში კათედრალი და ტაძარი კი არა, უბრალო სამიკიტნო ან დუქანი იგულისხმება; რატომ ესაუბრება ოლიგარქის ყოფილი მძღოლი ოლიგარქის ვაჟს „ბიჭოთი“ და თან თქვენობით; რატომ თქვა მამის მილიონიან ქონებაზე უარი შვილმა; რა არის კორუფცია, რომელმაც მოიცვა მთელი პერუ, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG