Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შედეგი გვაქვს ცოტა გასაკვირი, ვინაიდან ყველანი ველოდით, რომ უფრო ინდუსტრიული ტიპის პრობლემა გვექნებოდა"


23 აპრილს გამოქვეყნდა მასშტაბური მრავალინდიკატორული გამოკვლევის ის ნაწილი, რომელიც 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენას ისახავდა მიზნად. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: „შედეგი გვაქვს ცოტა გასაკვირი, ვინაიდან ყველანი ველოდით, რომ უფრო ინდუსტრიული ტიპის პრობლემა გვექნებოდა და აღმოჩნდა განსხვავებულად. თბილისში ველოდით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს და ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“. გამოკვლევამ კი, რომელიც საერთაშორისო დონორების დახმარებით ჩატარდა, აი, რა აჩვენა: „საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი“. „დილის საუბრების“ სტუმარი, ლელა სტურუა განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ტყვია სისხლში საერთოდ არ უნდა იყოს, თუმცა, ასევე ამბობს: „რეალურად, რეაგირებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას იწყებენ 10 მიკროგრამ/დეცილიტრზე და ზევით, თუმცა, როცა არის 5მკგ/დლ, უკვე გარკვული ღონისძიებები უნდა გაატარო. 5-მდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, თუმცა ზოგადი პრევენციული ღონისძიებები ყველა მშობელმა უნდა გაატაროს”. ლელა სტურუა ამბობს, რომ გამოკვლევის შედეგი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ტყვიით დაბინძურების წყარო არ არის საწვავი და ჰაერი: „მაგრამ ახალი თავსატეხი გვაქვს, ასე ვთქვათ, უფრო განსხვავებული ტიპის წყაროზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც დასავლეთ საქართველოში უფრო გავრცელებულია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. ისედაც ვაპირებდით, რომ წყაროების კვლევა მოყოლოდა ამ კვლევას, მაგრამ უფრო ლოგიკური ჩამოყალიბება რაც გვქონდა, ეს ცოტა აგვერია და უფრო საინტერესოც გახდა ეს პროცესი“. რეგიონების მიხედვით კი მონაცემები ასეთია: 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის რაოდენობით ლიდერობს აჭარა, მას მოსდევს გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. მაშინ ჩატარდა მცირე კვლევა, რომელსაც ლელა სტურუა იხსენებს: „2015 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა პირველი კვლევა. 254 ბავშვი იყო გამოკვლეული, რომელიც იაშვილის კლინიკაში შევიდა. 33 ბავშვს ჰქონდა 5 მკგ/დლ და მეტი. ესენი იყვნენ სხვადასხვა პროფილის პაციენტები, არა მაინცდამაინც, მაგალითად, ნერვული სისტემის დაავადებით. ეს კვლევა ქვეყნის მასშტაბით სურათს არ გვიჩვენებდა“. რაც შეეხება დიდ კვლევას, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა, მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი პრობლემის მასშტაბის ჩვენება იყო. რეპრეზენტატული რომ ყოფილიყო სიხლის მასალა უნდა აღებულიყო 1500 ბავშვიდან მაინც. დიდი იყო უარის რაოდენობა: „ძალიან გაგვიჭირდა ამ ბავშვების შეგროვება. მთელი დეკემბერი ტელევიზიაში ვიყავი და ვეხვეწებოდი, ნუ იტყვით უარს. ძალიან ბევრი უარი იყო, მათ შორის, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც - პედიატრებიც ეუბნებოდნენ - არ ააღებინოთ სისხლი, არ მიიღოთ მონაწილეობაო“. გამოკვლევა ანონიმური იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახლა ადგენს იმ ბავშვების ვინაობას, რომლების სისხლშიც აღმოჩნდა 5მკგ/დლ და მეტი. ინფორმაცია კონფიდენციურია და ოჯახებს დალუქული კონვერტებით გაეგზავნებათ მაჩვენებელი შესაბამისი რეკომენდაციების თანხლებით: „ვარკვევთ ახლა ყველას მისამართებს და დღეიდან ყველას ეგზავნება კონვერტში ჩადებული მაჩვენებელი და ასევე რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთოს ამ მაჩვენებლის შესაბამისად, აგრეთვე პრევენციული მოქმედებების შესახებ. შეიძლება ყველას ორ დღეში არ მიუვიდეს ეს შედეგები. ვისაც აქვს 5მკგ/დლ-ზე მეტი, ყველას ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ-სამკურნალო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, თუკი საჭირო გახდება“. რაც შეეხება 16 ბავშვს, რომლის სისხლშიც ტყვიის შემცველობა 30მკგ/დლ-ზე მეტი აღმოჩნდა, მათი გეოგრაფია ფართოა - აჭარა, გურია, იმერეთი, თბილისი და შიდა ქართლი. ყველა მათგანი გამოკვლეულია და არის პრაქტიკულად ჯანმრთელი: „წინასწარ მივიღეთ ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებსაც

XS
SM
MD
LG