Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკანონო სასტუმრო“ - ლენტეხის ყოფილი მერი დააკავეს საქმეზე, რომელზეც მედია 2024 წელს წერდა

სასტუმროს მშენებლობა 2024 წელს (თაზო მახარაძის ფოტო), გია ონიანი (ფოტო პირადი არქივიდან ) და სასტუმროს მაკეტი (წყარო: iFact-ი)
სასტუმროს მშენებლობა 2024 წელს (თაზო მახარაძის ფოტო), გია ონიანი (ფოტო პირადი არქივიდან ) და სასტუმროს მაკეტი (წყარო: iFact-ი)

სასტუმროს „უკანონო მშენებლობის“ გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები.

დაპატიმრებული მერი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ქვისლები არიან.

ამ სასტუმროს შესახებ ჯერ კიდევ 2024 წელს იუწყებოდა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“.

დაკავებული არიან:

  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი („ქართული ოცნების“ გუნდიდან) გია ონიანი - ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა მერი და ამ პოსტზე 2025 წლის არჩევნებამდე იყო. 2025 წლის ოქტომბრიდან მერის პოსტს გიორგი გაზდელიანი იკავებს;
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ ტვილდიანი;
  • ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი - გია ონიანის ქვისლი (მეუღლის დის ქმარი).

„უკანონო ნებართვა სასტუმროსთვის“

გამოძიების ვერსიით, გია ონიანმა, - 2021 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, - „სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი“.

გამოძიების თანახმად, პროექტი ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ, განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს.

ამის მიუხედავად, ონიანმა, მეუღლის [ქრისტინე რევიშვილის] სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, პროექტი წარადგინა ლენტეხის მერიის არქიტექტურის სამსახურში.

გია ონიანი (ფოტო ფეისბუკიდან)
გია ონიანი (ფოტო ფეისბუკიდან)

არქიტექტურის სამსახურს იმ დროს ხელმძღვანელობდა ნუგზარ ტვილდიანი, - რომელიც ახლა დაკავებულია. კომპანიამ სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.

„ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება“, - აცხადებს გამოძიება და განმარტავს:

  • „არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი დადგენილება, რომელიც „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ ეხება;
  • არ გაითვალისწინეს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები“;
  • ასევე არ გაითვალისწინეს „განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი“;
  • არ გაითვალისწინეს არც „მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა“.

აღნიშნული ნაგებობა ლენტეხში „მჟავე წყლებისკენ“ მიმავალ გზაზე მდებარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები“, - აცხადებს პროკურატურა.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მერის ქვისლი იყო

ზედამხედველობის სამსახურს გია ონიანის ქვისლი (მეუღლის დის ქმარი) გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა.

სასტუმროს მშენებლობის პროცესში, გულბანის უწყებამ „ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა“, - ასეთია პროკურატურის ვერსია.

საგამოძიებო უწყების განცხადებითვე, ზედამხედველობის სამსახურმა ეს გააკეთა იმის მიუხედავად, რომ მშენებლობა:

  • „გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს“;
  • „გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში“.

ამასთან, ბრალდების თანახმად, სამსახურს „არ განუხორციელებია მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი“.

მათ სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პროკურატურას მიაჩნია, რომ „ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“.

მათ ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას - სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა არ აზუსტებს, სასამართლოში რა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს - „წინასწარ პატიმრობას“ თუ გირაოს.

რა აჩვენა ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2024 წელს

„აი, ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიებიდან, - რომელიც 2024 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნდა, - ირკვეოდა, რომ:

  • ონიანის მეუღლის, ქრისტინე რევიშვილის სახელზე რეგისტრირებული კომპანია სამსართულიან სასტუმროს უკანონოდ აშენებდა;
  • ეს კომპანია იყო შპს „ბიზნესის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის“;
  • მშენებლობა გადმოსული იყო ტროტუარზე;
  • სასტუმროს სამშენებლო არეალი არ იყო შემოღობილი და უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული;
  • 230 კვ.მ-იანი ნაკვეთი მერის ცოლის კომპანიამ იყიდა 10 000 დოლარად;

„ლენტეხი არის ცოტა სპეციფიკური სამუშაო რეგიონი. ძლივს რაღაცა აშენდება და რაიონი გალამაზდება. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, ოღონდ რამე აშენდეს და ოღონდ ჩვენ რაიონში რამე გალამაზდეს, ამისთვის ვართ მოტივირებული“, - უთხრა გამოცემას გიორგი გულბანმა ცოლისდისა და მისი მეუღლის, მერის, გია ონიანის კომპანიაზე.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმადვე,

  • გია ონიანი 2018-2021 წლებში ფლობდა კომპანიის 67 პროცენტს;
  • მერად არჩევამდე რამდენიმე თვით ადრე წილი საკუთარ ცოლს გადაუფორმა;
  • „სინამდვილეში კი კომპანიის მმართველი თავად დარჩა“;
  • iFact-ის ჟურნალისტმა ონიანს დაურეკა და გაეცნო, როგორც „თურქული სამედიცინო კომპანიის წარმომადგენელი“ და გარკვეული გარიგება შესთავაზეს. საუბარში კი ონიანმა მათ განუცხადა:

„ეს კომპანია ჩემი საოჯახო თემაა, ფაქტიურად ოჯახი ხედავს, ჩემი შვილი მუშაობს იქ, ჩემი მეუღლე და მე ეხლა ცოტა სხვა სამსახურზე ვარ გადართული. ჩემი შვილია თვითონ ეს კომპანია, ჩემი გაზრდილია ეს საქმე და ამიტომ რეკომენდაციებს და პირველ თემას მე ვაძლევ მითითებებს და მერე ჩემი ოჯახი ხედავს იქ“.

გამოცემის თქმით, მისი ნახსენები „ცოტა სხვა სამსახური“ ლენტეხის მერობა იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG