Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიახვის ჭალებში გადაყრილი ვაშლი - რატომ ვერ ყიდიან მოსავალს ქართლელი ფერმერები?


გორის მუნიციპალიტეტში დიდი ლიახვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გასწვრივ განლაგებულ სოფლებს, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ვაშლი მოჰყავთ.
გორის მუნიციპალიტეტში დიდი ლიახვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გასწვრივ განლაგებულ სოფლებს, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ვაშლი მოჰყავთ.

72 წლის ტარიელ ცაბაძე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, რომლის ორ ოთახს სათავსოდ იყენებს, ყოველდღე შედის და ვაშლის გადარჩევას იწყებს.

ერთ ოთახში "კეხურა" ლპება, მეორეში "ბანანი". ვაშლი იმდენად სწრაფად ფუჭდება, რომ გადასაყრელი ხილით რამდენიმე ურიკას ავსებს. ნაწილს საქონელს აჭმევს, ნაწილს კი სანაგვეზე ყრის. რაც მეტად თბება, მით მეტი ვაშლი ფუჭდება.

ვაშლის მოყვანას რა უნდა?

ტარიელ ცაბაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, კონფლიქტის ზონასთან ახლოს ცხოვრობს. ომის ნაკვალევი მის ეზოში - დაბომბილი სათავსო შენობა - დღემდეა შემორჩენილი. დაზარალებული ოჯახი დღედაღამ ბაღში შრომობს, რომ როგორმე წელში გაიმართოს, მაგრამ წელს იმდენად ცუდად მიდის ვაშლის რეალიზაციის საქმე, რომ ტარიელმა უკვე ხელი ჩაიქნია სამომავლოდ მის მოყვანაზე. შარშანდელი მოსავლის ნაწილი ჯერ ისევ ვერ გაყიდა. თუ წლევანდელი მოსავალიც ჩაწვა, ხეების ამოყრას და ბოსტნის გაშენებას აპირებს. არადა, 25 წელია რამდენიმე ჰექტარზე აქვს ვაშლის ბაღები გაშენებული.

„ხელისუფლება არ გვეხმარება არაფერში, არადა, ვაშლის მოყვანა ძალიან შრომატევადი საქმეა. მარტო სასუქი 70 ლარი გახდა. შეტანა და დაყრა უნდა. ცალკე შეწამვლა. შარშან 14-ჯერ შევწამლე. თითო წამლობა 200-300 ლარი ჯდება, გააჩნია რა წამალია. წელს უკვე 3-ჯერ მოვწამლე, 800 ლარამდე უკვე დავხარჯე. მუშა რომ სხვლაზე დაიქირავო, 100 ლარი უნდა ჰექტარზე. მერე კრეფა, დასაწყობება, გატანა ბაზარზე, იქ სატრანსპორტო ხარჯიც ემატება და საბოლოო ჯამში ერთი კილოგრამი ვაშლის მოყვანა 80 თეთრიდან 1 ლარამდე ჯდება. ახლა ერთ ყუთ ვაშლში (25-კილოგრამიან ხის ყუთში) აგრარულ ბაზარზე სამ ლარს იძლევიან (კილოგრამი 12 თეთრი). გორის ბაზარზე შეტანა და ქვითრის აღება ათი ლარი ღირს და განა რამდენი ყუთი უნდა გავყიდო დღეში, რომ ხარჯი ამოვიღო?“ - ამბობს ტარიელი.

ტარიელ ცაბაძე ვაშლის მოსავალზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:21 0:00

ზარალი სახელმწიფო სუბსიდიის მიუხედავად

გასული წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებაზე სუბსიდია გამოაცხადა. ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო, ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს კილოგრამ ვაშლზე 10 თეთრს იმ შემთხვევაში უხდიდა, თუ ისინი 14 თეთრად ჩაიბარებდნენ. ჯამში ფერმერს არასტანდარტულ ვაშლში 24 თეთრს უხდიდნენ. ამ შეღავათით ტარიელ ცაბაძემაც ისარგებლა. 10 ტონამდე ვაშლი ჩააბარა, მაგრამ საწარმოებთან იმხელა რიგები იყო, რომ მეტის გატანა ვერ მოახერხა. ახლა კი საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია, სუბსიდირების პროგრამაც დასრულდა. მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი საწარმოღა მუშაობდა და ისიც არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრად იბარებდა. იმ ერთ საწარმოსაც იმდენი ხილი დაუგროვდა, რომ რამდენიმე დღით ვაშლის მიღება შეაჩერა. ტარიელს კი დაახლოებით 5 ტონა ვაშლი რჩება.

„დიდ წაგებაში ვართ. ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიც 10 თეთრს იძლევიან. იქამდე მიტანა უფრო ძვირი ჯდება, ამიტომ ჩემნაირად ბევრი ან საქონელს აჭმევს გაფუჭებულ ვაშლს და ან სულაც ლიახვის პირზე ყრის. ცოლ-შვილი მეუბნება, ამოვყაროთო, ბოსტანი გავაკეთოთო. წელსაც შევხედავ, როგორი მოსავალი მოვა და რეალიზაცია თუ იქნება ნორმალური. ცალკე პრობლემაა უცხოეთიდან შემოტანილი ვაშლი. ქართულ ვაშლს ყურადღებას აღარავინ აქცევს. რა გითხრათ, ის ალბათ უფრო ლამაზია, მაგრამ გემოთი ჩვენ ვაშლს ვერ შეედრება. არ ვიცი, ალბათ მერმის სულ ამოვყრი ხეებს და პომიდორს, ლობიოს და სიმინდს დავთესავ. თეთრი სიმინდი ლამის 2 ლარი ღირს“, - ამბობს ტარიელი და დაკოჟრილი ხელებით კეხურით სავსე ყუთებიდან ნახევრად დამპალ ვაშლებს იღებს.

მსხვილი ფერმერები ვაშლის ახალ ბაღებს აშენებენ და ახალი სახეობების ნერგები შემოაქვთ, თუმცა ახალი ჯიშების წილი ბაზარზე ჯერ ისევ მცირეა.
მსხვილი ფერმერები ვაშლის ახალ ბაღებს აშენებენ და ახალი სახეობების ნერგები შემოაქვთ, თუმცა ახალი ჯიშების წილი ბაზარზე ჯერ ისევ მცირეა.

ჭარბი მოსავალი, ნაკლები ხარისხი

გორის მუნიციპალიტეტში დიდი ლიახვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს სოფლებს, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ვაშლი მოჰყავთ. ახლა კი გზების გასწვრივ და მდინარის სანაპიროზე ტონობით გადაყრილი ვაშლია. ერგნეთი, მეღვრეკისი, ტირძნისი, თერგვისი, დიცი, ნიქოზი, ფხვენისი, შინდისი, ყელქცეული, საქაშეთი, ახალდაბა - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც თითქმის ყველა ოჯახში ვაშლი აწყვია და ფერმერები მის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მიზეზი - ჭარბი მოსავალი და ნაკლები ხარისხია.

შარშან შიდა ქართლში ბოლო 20 წლისთვის არნახული მოსავალი - 150 ათას ტონაზე მეტი ვაშლი მოვიდა, მაგრამ ამას ცუდი კლიმატური პირობები დაემთხვა, რის გამოც ვაშლი დაავადდა და ხარისხი გაუფუჭდა. სოფლის განვითარების სააგენტოს, შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მამუკა ლომსაძე ამბობს, რომ ფერმერებს სხვადასხვა პროექტითა და პროგრამით მაქსიმალურად ეხმარებიან, მაგრამ უხვი და უხარისხო მოსავლის გამო ზარალი მაინც დიდია.

„ვაშლს აქვს მეწლეულის თვისება. ერთ წელს ნაკლები მოდის, მეორე წელს კი მეტი. წინა წლებში ნაკლები მოსავალი იყო. დეფიციტი კი ფასს განსაზღვრავდა და ფერმერებიც კმაყოფილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოსავალი მოვიდა, კლიმატური პირობები კარგი არ იყო და დაავადებების მიმართ რისკიანი წელი იყო. ქეცი გაუჩნდა ვაშლს და ამიტომ დიდი რაოდენობით ვაშლი ნაკლებხარისხიანი და არასტანდარტული იყო. ჩვენ აქაც დავეხმარეთ ფერმერებს, რომ ეს არასტანდარტული ვაშლი ჩაებარებინათ და სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით. 73 ათასი ტონა ვაშლი ჩაბარდა. ახლა ეს პროგრამა აღარ მუშაობს. საწარმოების დიდი ნაწილი დახურულია. ერთადერთი საწარმო იყო გახსნილი და ის 10 თეთრად იბარებს არასტანდარტულ ვაშლს. თუმცა იმდენი შევიდა, რომ ეს საწარმოც დროებით დაიხურა“, -ამბობს მამუკა ლომსაძე.

ფერმერები ამბობენ, რომ რეგიონში უფრო მეტი შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებდა - შემოდგომის მოსავალს გაზაფხულამდე უპრობლემოდ შეინახავდნენ და შემდეგ სარფიანად გაყიდდნენ. თუმცა, როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში გვეუბნებიან, სამაცივრე მეურნეობები სავსე არც ახლაა, რადგან იქაც მხოლოდ ხარისხიანი ხილი უნდათ.

„2015 წლის შემდეგ ბევრი ახალი ხილის ბაღი გაშენდა. 2000 ჰექტრამდე ახალი ბაღია გაშენებული. ამ ბაღებიდან უკვე ხარისხიანი ვაშლი მოდის. გარდა ამისა, შიდა ქართლში ყველაზე მეტი სამაცივრე და ხილის შესანახი მეურნეობებია, მათი რაოდენობა 50-მდეა, მშენებლობის პროცესშია დაახლოებით 20 სამაცივრე მეურნეობა, მაგრამ ამხელა მოსავლის მიუხედავად, ეს მეურნეობები არ არის სავსე, რადგან არასტანდარტული ხილი მათ არ შეიძინეს. ამ მეურნეობებში უმაღლესი ხარისხის ვაშლი შედის. ამიტომ მცირე ფერმერებმა გადაწყვიტეს, რომ თვითონ შეენახათ გაზაფხულამდე, მაგრამ სახლის პირობებში შეუძლებელია ამის გაკეთება“, - გვეუბნება მამუკა ლომსაძე.

უშლის თუ არა ხელს იმპორტირებული ვაშლი ადგილობრივ წარმოებას?

მიუხედავად ჭარბი მოსავლისა, ქვეყანაში ძირითადად თურქეთიდან და პოლონეთიდან ვაშლი იმპორტით მაინც შემოდის. ბაზარი მოთხოვნის შესაბამისად მუშაობს, მოთხოვნა კი ხარისხიან ვაშლზეა და გორის მარკეტებში სტანდარტული ვაშლი სამ ლარამდე ღირს. საუბარია მწვანე ვაშლზე. მამუკა ლომსაძე ამბობს, რომ ხილის გატანა ქართველ ფერმერებსაც შეუძლიათ საზღვარგარეთ, ამისთვის ბაზრების დივერსიფიკაციაც მოხდა, მაგრამ პრობლემა ისევ ხარისხშია.

მამუკა ლომსაძე
მამუკა ლომსაძე

„წარმოებაში ვეხმარებით და არაერთი პროგრამა მუშაობს. ვცდილობთ აგროდაზღვევით რისკები შევუმციროთ. ასევე არასტანდარტული ხილის სუბსიდირება გავწიოთ. სახელმწიფო ფასის წარმოქმნაში ვერ ჩაერევა, რადგან თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს ფასს“.

რაშია გამოსავალი? - ახალი ჯიშები და შესანახი მეურნეობები

შიდა ქართლში ვაშლის ბაღების დიდ ნაწილში კეხურა, ანტონოვკა, კრინკა, ივერია, ბანანი, გოლდენი და სხვა მრავალი, მაგრამ ძველი ჯიში მოჰყავთ. სოფლის მეურნეობის ექსპერტების აზრით, ბაღების განახლება და მცირე ფერმერებისთვისაც ინდივიდუალური პატარა შესანახი მეურნეობების მოწყობა პრობლემას მოაგვარებს.

„ჩვენი სოფლის მეურნეობა არ არის თანამედროვე პირობებთან ადაპტირებული და ჯერ კიდევ ძველი ჯიშები ჭარბობს ვაშლშიც და დანარჩენ კულტურებშიც. თანამედროვე პირობებში არ ხდება შენახვა, დასაწყობება და შეფუთვა. ეს არის მთავარი პრობლემები. ახალი ტექნოლოგიები და ახალი ჯიშები რომ გვქონდეს, საქართველოში იმპორტზე ვაშლი აღარ შემოვიდოდა. საბჭოთა დროინდელი ჯიშები კეხურა, ბანანი, ანტონოვკა კონკურენციას ვერ უძლებენ. ამ ჯიშებით რუსეთის ბაზარზე ვიყავით მიჯაჭვული და ეს ახლაც პრობლემაა. თანამედროვე ბაზრებისთვის კი ეს ძველი ჯიშები აღარ არის მისაღები. სარდაფებში შენახული ვაშლი ვერ ძლებს, მოსახლეობას არ გააჩნია ის პირობები, რომ საკუთარი მაცივრები ჰქონდეთ. ევროპის ქვეყნებში, 50 ტონიდან ზემოთ მოსავლის მქონე ფერმერებს საკუთარი სამაცივრე მეურნეობები აქვთ. სახელმწიფოს გააჩნია იმის რესურსი, რომ მცირე შესანახი მეურნეობების შექმნაში მიეხმაროს ფერმერებს. გამოსავალი იმაშია, რომ მაქსიმალურად თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდეს სოფლის მეურნეობა“, - გვეუბნება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ქართლელი მცირე ფერმერებისთვის მცირე მოსავლის შემთხვევაში საბანკო ვალები ხდება პრობლემა. ჭარბი მოსავალი მოვა და ვეღარ ყიდიან. ვიდრე სოფლის მეურნეობა თანამედროვე სტანდარტებზე გადავა, ვიდრე უფრო მეტი სამაცივრე მეურნეობა გაჩნდება, გლეხები ისევ ათ დღეში ერთხელ შხამ-ქიმიკატებით მოწამლავენ ხეხილს, იმისთვის რომ დაავადებებისგან გადაარჩინონ. ჯერ ისევ მოუვლიან ძველ ჯიშებს, მერე კი ერთ დღესაც ხელს ჩაიქნევენ, ვაშლის ბაღებს გაჩეხენ და ბოსტნეულს მოიყვანენ.

ამასობაში მსხვილი ფერმერები ვაშლის ახალ ბაღებს აშენებენ და ახალი სახეობების ნერგები შემოაქვთ, თუმცა ახალი ჯიშების წილი ბაზარზე ჯერ ისევ მცირეა.

XS
SM
MD
LG