Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოიდ ოსტინის ისტორიული ვიზიტის შესაძლო პრაქტიკული შედეგები 


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი

საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა „ისტორიული” უწოდეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის, პირველ ვიზიტს საქართველოში, რომელიც პენტაგონის განცხადებით მომავალ კვირაში გაიმართება. 

არც აშშ-სა და არც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღის, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი, დარწმუნებულია, რომ „ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას“.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს გარდა, ჩავა უკრაინასა და რუმინეთში. იგი ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის გეოგრაფია უკრაინელ და ქართველ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ კიევშიც და თბილისშიც მისი შეხვედრების ცენტრში სავარაუდოდ იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება და ნატოს დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული პრაქტიკული დახმარება.

  • რას ელიან ვიზიტისგან უკრაინაში?
  • განსაზღვრავს თუ არა ტურნეს გეოგრაფიას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტი?
  • რას შესთავაზებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრს საქართველო?

უკრაინის მოლოდინები

თუ საქართველოს ხელისუფლებისთვის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობაა ძირითადი ყურადღების საგანი, უკრაინაში იმ შეთანხმებების შესრულებაზე აკეთებენ აქცენტს, რასაც აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრების აგვისტოს შეხვედრის დროს ჩაეყარა საფუძველი.

31 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და ანდრიი ტარანმა ხელი მოაწერეს თავდაცვითი პარტნიორობის სტრატეგიული საფუძვლების შეთანხმებას. ორი მინისტრის შეხვედრა წინ უძღოდა 1 სექტემბერს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებას. შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ უკრაინას უნდა გამოუყონ დამატებით 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც საჭიროა ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის და სხვა პროვოკაციების გამო.

შესაბამისად, უკრაინაში მოელიან, რომ მომდევნო კვირაში დაგეგმილი ლოიდ ოსტინის ვიზიტი უკრაინისა და საქართველოს სამხედრო დახმარების მორიგ დემონსტრირებად იქცევა.

„სხვათა შორის, მე ველოდები საჩვენებელ გადაწყვეტილებებს საქართველოსა და უკრაინისათვის ისეთი ამერიკული შეიარაღების გადაცემით, რომელიც იქნება იმის დემონსტრირება, რომ ვაშინგტონი არ აქცევს ყურადღებას მოსკოვის განცხადებებს და მკაცრად თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედებს“, - განაცხადა ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის პირველი აფრიკელ-ამერიკელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც გასული წლის 11 დეკემბერს ოფიციალურად წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდამჭერია.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს, ლოიდ ოსტინმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ხელშეწყობა და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მხარდაჭერას.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია და წელს, ეს დახმარება მოიცავს უკრაინისთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, Javelin-ის მიწოდებას.

შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტი

ლოიდ ოსტინის ვიზიტის ერთ-ერთ განსახილველ საკითხად უკრაინასა და საქართველოში მიიჩნევენ შავი ზღვის უსაფრთხოებაში აშშ-ის როლის კიდევ უფრო გაძლიერებასაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში.

მორიგ საზღვარგარეთულ ტურნედ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მიერ შავი ზღვის ქვეყნების - რუმინეთის, საქართველოსა და უკრაინის შერჩევაში, - ანალიტიკოსებიც ნატოს შავი ზღვის ფლანგისადმი ვაშინგტონის მზარდ დაინტერესებას ხედავენ.

„ლოიდ ოსტინის ვიზიტის გეოგრაფია გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ მისი ვიზიტის დროს საუბარი იქნება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ქვეყნებისა, რომლებიც ნატოს დაწინაურებული პარტნიორები არიან, არამედ იმაზეც, რომ გაძლიერდეს ნატოს სამხრეთი მიმართულება და შავი ზღვის ფლანგი. ამაზე მუდმივად ლაპარაკობს უკრაინა და ვფიქრობ, რომ აშშ, კავშირების დამყარების კონტექსტში, - მხედველობაში მაქვს ახალი ალიანსი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთთან, - ასევე უნდა იყოს ამით დაინტერესებული“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამხედრო ძალთა ბალანსი შავ ზღვაში, რაც ნატოს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის ნატოსა და საქართველოს პრიორიტეტი. ჩვენ გვაწუხებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს იმისთვის, რომ შავ ზღვაში გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა და ჩვენ, ასევე, ვცდილობთ, გავზარდოთ შავ ზღვაში ჩვენი წარმომადგენლობა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წელს, 17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს.

რას შესთავაზებს ლოიდ ოსტინს საქართველო?

საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ხელმძღვანელობა კონკრეტულად არ ამბობენ, თუ რა გზავნილს ჩამოიტანს ლოიდ ოსტინი საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე, ან თავად რის თქმას აპირებენ მაღალი სტუმრისათვის ამ, მათივე შეფასებით, ისტორიული ვიზიტის დროს.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევით დაკავებული ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრის პირველ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგიც მოჰყვება.

„დღევანდელ დღეს, როდესაც აშშ არის ძალიან ბევრი რამის გადახედვის პროცესში, მაშინ როცა ნატო მუშაობს იმისთვის, რომ მომავალ წელს საბოლოოდ დაამტკიცოს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელმაც შემდგომი ათწლიანი პერსპექტივა უნდა განსაზღვროს და როდესაც მიდის მუშაობა შავ ზღვაზე, - ამ კონტექსტში, თავისთავად ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი და აშშ-ის ხედვა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებით, არამედ, სწორედაც რომ ლაპარაკია რეგიონზე, მათ შორის არაწევრი ქვეყნების ჩათვლით, საუბარია საქართველოსა და უკრაინაზე. ამიტომ მე ზუსტად მგონია, რომ ეს არის ამ ვიზიტის პრაქტიკული განზომილება და აქცენტებიც ამაზე იქნება გადატანილი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უსაფრთხოების კალათში მხარეებმა თავისი წვლილი შეიტანონ და ეს უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი.

მაგრამ რა შეიძლება „ჩადოს ამ კალათში“ საქართველომ, რომელსაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთადერთს არ გააჩნია სამხედრო-საზღვაო ფლოტი და აშშ-ის მხარდაჭერილი სანაპირო დაცვაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას წარმოადგენს, ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება შავ ზღვაში არსებული გიგანტური საფრთხეების ფონზე.

„თავისთავად ცხადია, რომ ვისურვებდი ჩვენ შეგვეძლოს უფრო მეტის გაკეთება. ჩვენ რომ ამ წუთას გვქონდეს თუნდაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა, მაშინ ლოგისტიკის კონტექსტში ჩვენ შეგვეძლო რაღაც განსაკუთრებული შეგვეთავაზებინა. სამწუხაროდ, ასეთი გრანდიოზული შესათავაზებელი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს როლი ნატოსთვის არის მნიშვნელოვანი, თუკი ჩვენ სწორად გამოვიყენებთ უკვე არსებული თანამშრომლობის პროგრამებს“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, საქართველოს მიღებული აქვს ნატოს არსებითი პაკეტი, ხოლო ორმხრივ კონტექსტში აშშ-თან არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც როტაციის პრინციპით უკვე ბოლო, მე-9 საბრძოლო ბატალიონმა გაიარა მომზადება.

საქართველოს ხელისუფლების ანონიმური წყაროს ცნობით, საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესაძლოა შესთავაზოს ან უკვე არსებული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გაგრძელება, ან მის მსგავსად რაიმე სხვა ორმხრივი პროგრამის ამოქმედება, რათა საქართველოს ჯარმა შეინარჩუნოს ის უნიკალური თავსებადობა ალიანსის ჯარებთან, რასაც ავღანეთის მრავალეროვნულ სამხედრო მისიაში საქართველოს არმიის აქტიური მონაწილეობა უზრუნველყოფდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG