Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა სახლში დაბრუნდა


აუტისტური სპექტრის მძიმე აშლილობის მქონე მოზარდი, ლუკა ღარიბაშვილი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული თითქმის ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

მას 4 დამხმარე ასისტენტი დაენიშნა, რომლებიც მონაცვლეობით, საათობრივად იმუშავებენ ლუკასთან - ეს კი მის ოჯახს შესაძლებლობას მისცემს, რომ ბავშვმა ზრდა და განვითარება ოჯახურ გარემოში გააგრძელოს.

ლუკა სახლში მიდის
ლუკა სახლში მიდის

“რომ მივედით, დერეფანში იჯდა, დაგვაგვიანდა და როგორც ჩანს, ანერვიულდა, ტიროდა. თან დედაჩემს ელოდა და უცებ მე და მამამისი რომ დაგვინახა, რომელიც მთელი ორი თვეა არ უნახავს, დაიყვირა, სახლშიო? რამდენიმე წამი გვიყურებდა ასე, არ სჯეროდა, მერე უცებ წამოხტა და თავის პალატაში გავარდა ნივთების ჩასალაგებლად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლუკას დედამ, ნინო მხეიძემ, რომლის ბრძოლაზე რადიო თავისუფლება ბოლო თეების განმავლობაში მოგითხრობდათ.

ახლა ლუკას ერთადერთი კითხვა ის არის, ხომ არ წაიყვანენ უკან, ექიმებთან.

ნინოს იმედი აქვს, რომ დამხმარე ასისტენტები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფომ დაუნიშნა ლუკას, სხვების მსგავსად მალე არ წავლენ.

ასისტენტები 6 საათიან ცვლაში იმუშავებენ. ახალი კადრები პროვაიდერმა ორგანიზაცია „პირველმა ნაბიჯებმა“ აიყვანა და მათი დამატებით გადამზადებაც, ლუკას საჭიროებების მიხედვით, მათი მოვალეობაა. სერვისს სახელმწიფო დააფინანსებს.

გავიხსენოთ, რომ 28 სექტემბერს, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ლუკას ოჯახის მისი ადვოკატების, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა: სანამ ქვეყანაში ლუკას დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური სარეაბილიტაციო სერვისი შეიქმნება, მოსამართლე დავით წერეთელმა სახელმწიფო დაავალდებულა ლუკას გამოუყოს თერაპიული კომპეტენციის მქონე დამხმარეები, დღეში 12 საათის განმავლობაში, ყოველდღე, უქმე დღეების და დასვენების დღეების ჩათვლით.

ადვოკატი ანა არგანაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ​არცერთი ბავშვის და ცხადია, არც ლუკას ადგილი არ არის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ძალიან კარგია, რომ ეს სასამართლომ დაადგინა თავისი გადაწყვეტილებით.

"ხანდახან, ჩვენ გვავიწყდება რა არის სწორი სტანდარტი ადამიანის უფლებების კუთხით და ვეჩვევით უმძიმეს დარღვევებს ყოველდღიურობაში: „ვინმეს უფლება დაარღვიეს? რა მოხდა მერე"... ასეთი გამოფხიზლებები კი გვაბრუნებს იმ ღირებულებებთან რასაც ჰქვია დემოკრატიული ქვეყანა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ლუკას მშობლების ბრძოლა, რომელიც ჩემთვის არის საოცარი შეუპოვრობის მაგალითი. ჩვენ ყველას რომ შეგვეძლოს ასეთი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ალბათ ბევრად სამართლიანი და თანასწორი ქვეყანა გვექნებოდა“, - უთხრა ანამ რადიო თავისუფლებას.

ლუკას ოჯახს და მის ადვოკატებს, ასევე, მის გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ლუკას ამბავი გახდება ქვეყანაში ისეთი გამართული სერვისის შექმნის წინაპირობა, სადაც აუტისტური სპექტრის მძიმე აშლილობის მქონე ბავშვებზე იზრუნებენ და მათ არასოდეს გაუშვებენ იძულებით იქ, სადაც მათი ადგილი არ არის - ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG