Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთჯერადი კოვზების იდეა ნამდვილად არ არის ცუდი და არ მიმაჩნია, რომ ამით რაიმე კნინდება და ვინმე შეურაცხყოფას აყენებს მრევლს"


მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, "ჯანმრთელობის კვლევის კავშირის" დირექტორი
მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, "ჯანმრთელობის კვლევის კავშირის" დირექტორი

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ დირექტორი, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია დღეს ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების დინამიკის განსაზღვრა, თუმცა, რადიო თავისუფლების ეთერში ის რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საქართველოში არ დაფიქსირებულა ქვეყნის შიგნითვე გადაცემის შემთხვევა და სამივე გამოვლენილი შემთხვევა იმპორტირებული იყო, მაია ბუწაშვილი გარდაუვლად თვლის ასეთის გამოვლენის პერსპექტივას:

„რისკის მინიმიზაციისთვის საჭიროა პირის ეპიდემიოლოგიური ანამნეზი - ანუ, სად იმყოფებოდა ადამიანი. სამივე ადამიანი ასე გამოვლინდა. ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ყველა ადამიანს ვიპოვნით, გამოვიკვლევთ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

...ტემპერატურასა და სეზონთან მიმართებაში როგორ მოიქცევა ეს ვირუსი, უცნობია. თუ ვივარაუდებთ, რომ მოიქცევა, როგორც სხვა რესპირაციული პათოგენები, რომლებიც სტანდარტულად ზამთრის სეზონზე უფრო ბობოქრობენ, მარტში აქვთ პიკი და მერე მილევადია, შეიძლება ასეც მოხდეს.

სხვათა შორის, თუ შევხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ არეალი ფართოვდება, ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი უკვე შემცირებისკენ წავიდა. ანუ, მრუდებს თუ შევხედავთ, ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რიცხვი და მკვეთრად მატულობს გამოჯანმრთელებულების რიცხვი.

თუ შევადარებთ წინა კორონაინფექციებს, მაშინ ძალიან მალე მოხდა იზოლირება. SARS-ი ძალიან მალე დასრულდა, მილევად რეჟიმში წავიდა სწრაფად, საბედნიეროდ. მაშინაც უპრეცედენტო ზომები გატარდა იზოლაციის. ესეც იყო მნიშვნელოვანი და თვითონ ეპიდემიებსაც ახასიათებს თავისებური მიმდინარეობები. MERS-ი ბოლომდე დასრულებულად არ ითვლება, რადგან ცალკეული აფეთქებები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ არ აქვს გლობალური გავრცელების ტენდენცია. ამიტომ, შედარებისთვის ნაკლებად გვადგება ეს წინა ორი ეპიდემია. ხშირად ადარებენ H1N1-ს, თუმცა ის გრიპის ვირუსია და ეს კორონავირუსი. ჰგვანან ერთმანეთს გავრცელების სიჩქარით.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს ეს ეპიდემია მილევად რეჟიმში გადავა, მაგრამ შემდეგ წლებში და სეზონებზე ისევ მოგვევლინება, თუმცა ნაკლებად ინტენსიური სახით, როგორც ეს არის H1N1-ის შემთხვევაში“.

მაია ბუწაშვილი განსაკუთრებით აღნიშნავს მეცნიერთა ეფექტიანობას ახალი კორონავირუსის გამოჩენის კვალობაზე, რასაც დიდწილად დიდი განგაშის ფონითაც ხსნის:

„წელს ამ ეპიდემიას ძალიან სწრაფი პასუხები მოჰყვა მეცნიერების მხრიდან: პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან სულ მოკლე ხანში, იანვარში მოხდა გენომის სრული გაშიფრვა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად ცნობილია ამ ვირუსის სტრუქტურა დ აგებულება. ეს ასე სწრაფად არასდროს ხდება. როცა ვიცით ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, მასთან ბრძოლა უფრო ადვილია. პარალელურად რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ვაქცინაზე. ამ სეზონს კონკრეტულად შეიძლება ვერ მოუსწროს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად გვექნება“.

ბევრს უჩნდება კითხვა - თუკი ახალი კორონავირუსის სიმპტომები გრიპის ვირუსისას ჰგავს, როგორ შეიძლება მივხვდეთ მათ შორის სხვაობას და კორონავირუსის მომეტებულ რისკს? მაია ბუწაშვილი კვლავ უსვამს ხაზს დამატებით რისკფაქტორებს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ტემპერატურის მატებისა და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, ნებისმიერმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას:

„თუ არ ხართ ჩამოსული მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მსუბუქ სიმპტომებზე არაფერი უნდა მოიმოქმედოთ, თუნდაც დავუშვათ, რომ კორონავირუსია, ის გაივლის და წავა. 80% ამ ინფექციის მსუბუქი სიმპტომებით ან სრულიად უსიმპტომოდ მიდის, მაგრამ თუ შეამჩნიეთ ტემპერატურის მატება და სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ეხმიანება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ ადამიანთა ნაწილში ვირუსი ხელმეორედ გამოვლინდა:

„ჯერჯერობით არ არსებობს ე.წ. ანტისხეულების ტესტი, ანუ რომ შევაფასოთ იმუნიტეტი. ეს უფრო მეტად გასცემდა პასუხს ამ კითხვაზე. იმით, რომ ამ ადამიანებში ისევ გამოიყო ვირუსი, ბოლომდე არ მტკიცდება, რომ მათ თავიდან დაემართათ. შეიძლება, იყო უბრალოდ რეციდივი. ანუ, ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი ვირუსი და, მაღალი ალბათობით, უფრო ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ანუ ხანგრძლივი მიმდინარეობა ჰქონდა დაავადებას“.

ბოლო დღეებში ძალიან აქტიური დისკუსია მიმდინარეობს საეკლესიო რიტუალებზე, როგორც ახალი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ გზაზე:

„ვინაიდან ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს ტაძარში და ზიარების დროს გამოიყენება ერთი და იგივე კოვზი, რისკი, რომ წვეთები შერჩეს და გადავიდეს, არსებობს. ამას ვერ გავექცევით. ეს ისტორიულადაც ცნობილია და, შესაბამისად, მსოფლიოში გაჩნდა პრეცედენტი, რომ მიმართეს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და არ მიმაჩნია, რომ რამით კნინდება რელიგიური მსახურების პროცესი.

ვუერთდები იმ აზრს, რომ ერთჯერადი კოვზების იდეა ნამდვილად არ არის ცუდი არა მარტო კორონავირუსისთვის, ბევრი სხვა ინფექციის გადაცემის პრევენციისთვისაც და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ამით რაიმე კნინდება და ვინმე რაიმე შეურაცხყოფას აყენებს მორწმუნე მრევლს“.

მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლების აუდიტორიის ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებსა და მოზარდებს:

„აპოკალიფსი არ არის ეს. რაღაც ფილმებთან ხდება პარალელების გავლება. სულ ვწერ ხოლმე „ფეისბუკზეც“ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ბავშვებს მოვუფრთხილდეთ. ბავშვები ამას სულ სხვანაირად აღიქვამენ. არ ლაპარაკობენ, მაგრამ არაერთთან მქონია საუბარი და რომ ჩაეკითხები, ძალიან გაზვიადებულად აღიქვამენ ისინი ამ სიტუაციას. ველაპარაკოთ ბავშვებს და ავუხსნათ, რომ ეს არ არის ის, რასაც ისინი ფილმებში უყურებენ, რადგან მართლა შეიძლება ამ მოვლენამ ბავშვების ფსიქიკაზე სერიოზული გავლენა იქონიოს და ნუ ჩავაგდებთ მათ ამ მდგომარეობაში. ვიცი სახლში გამოკეტილი ბავშვები, გარეთ არ უშვებენ და ა.შ.

...საღი აზრი და რაციონალური აზროვნება არის გადამწყვეტი ყველაფერთან და მათ შორის ინფექციებთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ეს არ არის ის ინფექცია, რომელმაც შეიძლება შეცვალოს რადიკალურად ჩვენი ჯანმრთელობა, ცხოვრება. მართალია, მეტია სიკვდილობის მაჩვენებელი, ვიდრე გრიპის დროს, მაგრამ არ არის მაღალი. ის 2,5-3%-იც გამოთვლილია სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობასთან მიმართებით. თუ ავიღებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ინფიცირებულია, მათ შორის ლეტალური მაჩვენებელი იქნება უკიდურესაც დაბალი“.

და, კვლავ ხელების დაბანაზე:

„სადეზინფექციო ხსნარები კარგად მუშაობს. ზედაპირების და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით არის მოწოდებებში. თუმცა, ხელის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით კარგია, როცა იმ წუთში არ არის ხელმისაწვდომი საპონი და წყალი. საპონს და წყალს ვერაფერი ცვლის, ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე თუნდაც სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული ხელები უნდა დავიბანოთ“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG