Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუ: „მოლდოვის არც ერთი ხელისუფლება არ შეეგუება რუსეთის სამხედროების ყოფნას მის ტერიტორიაზე“


მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ და მთავრობის წევრები
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ და მთავრობის წევრები

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ რუსი კოლეგის, დმიტრი მედვედევის მიწვევით, შემოდგომაზე აპირებს რუსეთში ჩასვლას. რუსულ სააგენტო „ტასსთან“ ინტერვიუში სანდუმ განაცხადა, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართება მოლოდოვისა და რუსეთის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრა.

„სექტემბრის დასაწყისში მოსკოვში ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შემდეგ მალე გაიმართება ჩემი ვიზიტი. ვგეგმავთ განვიხილოთ ორხრივი თანამშრომლობის საკითხთა მთელი სპექტრი, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ვაჭრობის, ჩვენი მოქალაქეების რუსეთში ყოფნის, დნესტრიპირეთის მოწესრიგები, რეგიონში რუსეთის სამხედროების ყოფნისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები“.

„დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით“

მოლდოვის პოლიტიკურ წრეებში არ არსებობს ერთსულოვნება დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნასთან დაკავშირებით. ყოფილ პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის ინიციატივით გაეროში შევიდა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფის დაუყოვნებლად გაყვანას დნესტრისპირეთიდან.

მოსკოვი, 2019 წლის 30 იანვარი: მოლდოვისა და რუსეთის პრეზიდენტები, იგორ დოდონი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი
მოსკოვი, 2019 წლის 30 იანვარი: მოლდოვისა და რუსეთის პრეზიდენტები, იგორ დოდონი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი

პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომლის სოციალისტური პარტიაც ამჟამად კოალიციურ კავშირშია მაია სანდუს ლიდერობით მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანება „აკუმთან“ („ახლა“), მიიჩნევს, რომ სამშვიდობო ფორმატი უნდა შეიცვალოს მხოლოდ კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მოლდოვაში, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ნეიტრალური სახელმწიფოა, რუსეთის ჯარების ორპარტიული დაჯგუფების (ОГРВ) არსებობა ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ისე ქვეყნის ხელისუფლების ნებას.

„მოლდოვის არც ერთი ხელისუფლება, არც წინა და არც ამჟამინდელი, არ ეთანხმებოდა და არ დაეთანხმება მათ ყოფნას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით. ჩვენთან არავინ არავის არ ემუქრება, დიდი ხანია არავინ არ არის არავისგან დასაცავი. ამიტომ სამოქალაქო დამკვირვებლების მისია სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგების ფორმულა უნდა მოიძებნოს მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აცხადებს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.

„პლაჰოტნიუკი აუცილებლად დაბრუნდება... ციხეში“

ივნისის დასაწყისში მოლდოვაში შეიცვალა პოლიტიკური ხელმძღვანელობა. მრავალკვირიანი დაპირისპირების შემდეგ, ხელისუფლება პრეზიდენტ იგორ დოდონისა და მაია სანდუს მეთაურობით მოქმედი კოალიციური მთავრობის ხელში გადავიდა. დემოკრატიული პარტია, რომელსაც ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი თავმჯდომარეობდა, ხელისუფლებას ჩამოშორდა.

მოლდოვის ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერი, ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, პირობას დებს, რომ დაბრუნდება, როდესაც ხელისუფლება ხალხს იმედს გაუცრუებს.

„ის აუცილებლად დაბრუნდება... მოლდოვის ციხეში. როგორც კი ჩვენ ჩამოვაყალიბებთ დამოუკიდებელ პროკურატურას და სასამართლო სისტემას, მისი დაძაბული ყურადღების ქვეშ მოექცევა პლაჰოტნიუკი და მისი გარემოცა. დიდი ალბათობით, გაცემული იქნება საერთაშორისო ორდერი მათ დასაპატიმრებლად და ისინი პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისათვის“.

„სააკაშვილი და მე ერთმანეთს შევხვდით კიევში“

რუსულ სააგენტო „ტასსთან“ ინტერვიუში სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინაში მისი ამასწინანდელი ვიზიტის დროს კიევში შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა უარყო ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილისათვის შეეთავაზებინოს სათავეში ჩაუდგეს მოლდოვაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მაია სანდუ
მაია სანდუ

„მედიამ ხმაურიანად, მაგრამ არასწორად გადასცა ეს ცნობა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით კიევის აეროპორტში. ვუთხარი, რომ ჩვენ გვაინტერესებს მისი გუნდის გამოცდილება პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლო ორგანოებში რეფორმის გატარების მიმართულებით. ჩვენ შეგვეძლო ზოგიერთი მათგანი მოგვეწვია მრჩევლების რანგში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი უკრაინაში მოქმედი პოლიტიკოსია“, - აღნიშნა მაია სანდუმ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG