პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც ჩანს, განიხილა ეს (ქურდების მიერ მეორე ფრონტის გახსნის) იდეა, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხა ეს სცენარი. მას არ სურს, რომ ირანი სამოქალაქო ომში ჩაეფლოს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აშშ-ის ჯარების გადამდგარი პოლკოვნიკი, ISIS-ის წინააღმდეგ მრავალეროვნული კოალიციის ყოფილი სპიკერი მაილს კაგინსი. მას ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზნების და შესაძლო შედეგების შესახებ ვაჟა თავბერიძე ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მეორე კვირა დაიწყო. შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ირანის ცაზე სრული უპირატესობა აქვთ. რამდენად გადამწყვეტია ეს ფაქტორი და რამდენად განსაზღვრავს იგი საბოლოო შედეგს?
მაილს კაგინსი: დიახ, ეს უპირატესობა აშკარად ჩანს იმით, რომ ამერიკამ და ისრაელმა შეძლეს ირანის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა და ირანული გამანადგურებლების მიწაზევე, პირდაპირ აეროდრომებზე განადგურება, სანამ ისინი აფრენას მოასწრებდნენ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საჰაერო კამპანიისთვის, რომელსაც ახორციელებენ მრავალფუნქციური გამანადგურებლები, მათ შორის F-15, F-35, F-22 და F-16, ასევე შორი მოქმედების ბომბდამშენები B-2, B-52 და B-1. ოპერაციაში სრული სიმძლავრითაა ჩართული აშშ-ის როგორც საჰაერო, ისე სამხედრო-საზღვაო ძალები.
ფრონტის გაფართოება ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში.
საჰაერო უპირატესობა გადამწყვეტია იმ საბოლოო მიზნისთვის, რომელსაც ვაშინგტონი ისახავს, ეს არის ირანის სამხედრო პოტენციალის განეიტრალება და მისი ბირთვული პროგრამის შეჩერება, კერძოდ, ურანის გამდიდრებისა და ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის აღკვეთა. ამ მიზნის მიღწევა საჰაერო უპირატესობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
რადიო თავისუფლება: როგორც ჩანს, ირანის სტრატეგია კონფლიქტის გაფართოება და დროის მოგებაა. რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს მიდგომა?
მაილს კაგინსი: უნდა ითქვას, რომ ირანმა უფრო ძლიერი ბრძოლის ნება და შესაძლებლობები აჩვენა, ვიდრე ბევრი ექსპერტი ელოდა. მათ იერიშები მიიტანეს არა მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე, არამედ დიპლომატიურ და კომერციულ ობიექტებზეც - ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, სასტუმროებზე. აშკარაა, რომ სამიზნეების შერჩევისას განსაკუთრებულ დიფერენციაციას არ ახდენენ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უშუალო დარტყმებისგან ამ დრომდე თითქოს დაცულია, არის თურქეთი.
თუმცა ასეთი სტრატეგია, დიდი ალბათობით, უკუშედეგს მოიტანს: ფრონტის გაფართოება ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. სპარსეთის ყურის ქვეყნებს ჰყავთ მაღალკვალიფიციური, აშშ-ის მიერ აღჭურვილი და გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. გარკვეულ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ისინი საჰაერო ოპერაციებში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.
რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ ფაქტობრივად მთელი ამერიკული სამხედრო მანქანაა ჩართული ამ ომში, ახსენეთ ორ ფრონტზე ბრძოლის უნარიც. რამდენად შთამბეჭდავია სამხედრო ძალის ეს დემონსტრაცია დანარჩენი მსოფლიოსთვის? რამდენად ზრდის ეს ამერიკულ ე.წ. შეკავების პოტენციალს (deterrence)?
არ ვფიქრობ, რომ აშშ რაიმე დათმობაზე წავა
მაილს კაგინსი: პრეზიდენტ ტრამპის დოქტრინაა მშვიდობა ძალის მეშვეობით. მიმდინარე ომი ამ მიდგომისა და ამერიკული სამხედრო ძალის გლობალური უპირატესობის კიდევ ერთი, თვალსაჩინო დემონსტრაციაა. ამოქმედებულია ამერიკული სამხედრო ძალის სრული სპექტრი - ვგულისხმობ არა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო კომპონენტებს, არამედ კოსმოსურ ძალებსაც და სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს ადგილზე. მსოფლიო ამას ხედავს - ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა, ახლა კი კიდევ ერთხელ ხედავს პრაქტიკაში.
მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტიც. ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. რუსეთი და ინდოეთიც იღებდნენ ნავთობსა და სხვა რესურსებს ირანიდან. ახლა ეს არხები ჩაიკეტა. შესაბამისად, ძალთა ბალანსი გადაიხედება - და საბოლოოდ, შეერთებული შტატები იქნება ის მთავარი მოთამაშე, რომელიც გადაწყვეტს, როგორ და როდის დაუბრუნდება ირანის რესურსები მსოფლიო ბაზარს.
თუ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება და ირანის ნავთობის სექტორზე გავლენა ვაშინგტონს ექნება, ჩინეთს, პრაქტიკულად, მოუწევს ამერიკული არხების გავლით იმოქმედოს, რაც ვაშინგტონს დამატებით ბერკეტს აძლევს
რადიო თავისუფლება: რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს ჰორმუზის სრუტე დახურული ისე, რომ მსოფლიო ეკონომიკამ სერიოზული შოკი არ განიცადოს?
სავარაუდოა, რომ აშშ-სა და ისრაელის მხრიდან კამპანიის ინტენსიფიკაციას ვიხილავთ.
მაილს კაგინსი: ყველაფერი დამოკიდებულია უსაფრთხოების განცდაზე. ჰორმუზის სრუტე შეიძლება დარჩეს დახურული ან ნაწილობრივ პარალიზებული მანამ, სანამ გემთმფლობელებსა და ოპერატორებს არ ექნებათ უსაფრთხო გადაადგილების განცდა. ირანს აქვს შესაძლებლობა, დაარტყას ხომალდებს სპარსეთის ყურეში, თუმცა ამ დრომდე არ დაუწყია ფართომასშტაბიანი პირდაპირი იერიში ნავთობის ტანკერებზე, თხევადი გაზის გადამზიდებზე და სხვა კომერციულ გემებზე.
მომდევნო დღეებში შეიძლება ვიხილოთ უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ომის დასასრულისკენ ირანის რეჟიმმა განაცხადოს, რომ შეწყვეტს კომერციულ სამიზნეებზე თავდასხმას, ისევე როგორც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს რეგიონულ ქვეყნებზე იერიშს.
რადიო თავისუფლება: თუ პირიქით მოხდება და ირანი გააგრძელებს კომერციული სამიზნეების დაბომბვას, აიძულებს თუ არა ეს ვაშინგტონს დათმობებზე წასვლას?
მაილს კაგინსი: არ ვფიქრობ, რომ აშშ რაიმე დათმობაზე წავა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკულ საზოგადოებას წინასწარ აუხსნა, რომ საწვავის ფასების დროებითი ზრდა შესაძლებელია და ეს თავისუფლების ფასია. მას ჰყავს ერთგული მხარდამჭერების ბირთვი, დაახლოებით 35 პროცენტი, რომელიც მზად არის ასეთი ფასის გადასახდელად, თუ საბოლოო მიზანი ირანის რეჟიმის დამარცხებაა.
ირანი დანებდება, დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დათანხმდება მისთვის მიცემულ პირობებს
რადიო თავისუფლება: და მაინც - უკვე მეორე კვირა დაიწყო. ჩანს თუ არა ომის დასასრული?
მაილს კაგინსი: ომი ორ შემთხვევაში სრულდება. პირველი, როდესაც ერთ მხარეს სრულად ამარცხებენ და მას აღარ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება. მეორე, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან კონფლიქტის შეწყვეტაზე.
ვფიქრობ, აშშ-ის პრეზიდენტს არ სურს, ეს კონფლიქტი კვირების განმავლობაში გაიწელოს, რადგან ის შიდა პოლიტიკურად სულ უფრო არაპოპულარული ხდება. ამიტომ სავარაუდოა, რომ აშშ-სა და ისრაელის მხრიდან კამპანიის ინტენსიფიკაციას ვიხილავთ.
რადიო თავისუფლება: თქვენს მიერ ნახსენები ორი სცენარიდან რომელი უფრო რეალისტურად გეჩვენებათ - ირანის სრული დამარცხება თუ რაიმე კომპრომისული შეთანხმება?
მაილს კაგინსი: ვფიქრობ, ირანი დანებდება, დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დათანხმდება მისთვის მიცემულ პირობებს და შემდეგ სწრაფად ჩამოყალიბდება პირობები ახალი, აშშ-სთვის მისაღები ლიდერის მოსაყვანად, სავარაუდოდ ამერიკული დიპლომატიური ზედამხედველობის პირობებში.
რადიო თავისუფლება: როგორ გამოიყურება ეს პროცესი, ეს გზა - რა ნაბიჯებია საჭირო დღევანდელი მდგომარეობიდან აშშ-ისთვის სასურველ ფინალამდე?
მაილს კაგინსი: დასავლეთში, ახალი ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებისას ხშირად ვეძებთ პარალელებს ბოლო წარმატებულ ოპერაციასთან. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ აშშ-მ ვენესუელაში ძალაუფლების ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც პრეზიდენტმა მისთვის მისაღები ვიცე-პრეზიდენტი დანიშნა ქვეყნის მეთაურად და ამგვარად, ვენესუელის მთავრობაზე გავლენა შეინარჩუნა.
ისეთი ფიგურა, რომელიც ათწლეულებია ქვეყნის გარეთ იმყოფება და მოულოდნელად დაბრუნდება ხელისუფლების სათავეში, ფართო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
მაგრამ ირანი გაცილებით რთული ქვეყანაა - კულტურულად, გეოგრაფიულად, ისტორიულად. აქ არიან რეგიონული ჯგუფები - ბელუჯები სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქურთები ჩრდილო-დასავლეთში - რომელთაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ.
ახალი ლიდერი უნდა იყოს პირი, რომელიც შეძლებს ირანის სუვერენიტეტის შენარჩუნებას, საზოგადოების სოციალური, კულტურული და რელიგიური ქსოვილის დაცვას. ამავე დროს მას მოუწევს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დაცული იქნება უმცირესობების უფლებები და სახელმწიფო გააგრძელებს ფუნქციონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაბილურობა ვერ დამყარდება.
რადიო თავისუფლება: ხედავთ ასეთ ფიგურას მოქმედ ელიტაში? მოიძებნება კი „ჩალმიანი დელსი როდრიგესი“ ირანში?
მაილს კაგინსი: ჩემი აზრით, და ამ საკითხში ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, ახალი ლიდერი, დიდი ალბათობით, ირანის შიგნით უნდა მოიძებნოს. ისეთი ფიგურა - [იგულისხმება ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევი], რომელიც ათწლეულებია ქვეყნის გარეთ იმყოფება და მოულოდნელად დაბრუნდება ხელისუფლების სათავეში, ფართო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ვფიქრობ, მისაღები კანდიდატი მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთება და ვაშინგტონი - პრეზიდენტი ტრამპი და მისი უახლოესი გარემოცვა - მას მხარს დაუჭერს.
რადიო თავისუფლება: ასეთ შემთხვევაში, დასჭირდება თუ არა ამ ახალ ლიდერს ირანში მუდმივი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი საკუთარი ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად? რაც უნდა მოხდეს, დამხობილი მხარისგან უკმაყოფილება გარდაუვალი იქნება. როგორ იმუშავებს ასეთი რეჟიმი? როგორი ირანი იქნება მისაღები ვაშინგტონისთვის?
ახალმა ლიდერმა უნდა დადოს გარიგებები, რომლებიც ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებს მოემსახურება. ალბათ შენიშნეთ, არაფერი მითქვამს ადამიანის უფლებებზე.
მაილს კაგინსი: შეერთებული შტატებისთვის მისაღები ირანი არის ირანი, რომელიც ამერიკის ორბიტაზე იმოძრავებს. ისეთი ირანი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არც მისი ჯარები და არც პროქსი დაჯგუფებები არ დაემუქრებიან აშშ-ს, მის პარტნიორებსა და მოკავშირეებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ახალმა ლიდერმა უნდა დადოს გარიგებები, რომლებიც ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებს მოემსახურება. ალბათ შენიშნეთ, არაფერი მითქვამს ადამიანის უფლებებზე.
რადიო თავისუფლება: მეტიც, თეოკრატიაზეც არაფერი გითქვამთ.
მაილს კაგინსი: დიახ, არც დემოკრატიაზე მითქვამს რამე და არც თეოკრატიაზე.
რადიო თავისუფლება: ეს მინიმუმია, რაზეც აშშ დათანხმდება, თუ არსებობს შუალედური ვარიანტიც, რაიმე კომპრომისი?
მაილს კაგინსი: შეერთებული შტატების პრინციპული მოთხოვნაა, რომ ირანის ახალი ლიდერი უნდა დაეთანხმოს ამერიკის მოთხოვნებს, კერძოდ უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს.
რადიო თავისუფლება: ანუ, არსებითად, ვაშინგტონის მიზანია არა რეჟიმის შეცვლა, როგორც ასეთი, არამედ რეჟიმი, რომელიც მას დაემორჩილება.
მაილს კაგინსი: დიახ, მორჩილი რეჟიმი, მაგრამ ძლიერი ლიდერით, რომელიც ირანს, როგორც აშშ-ს დაქვემდებარებულ -კლიენტ სახელმწიფოს - გაუძღვება.
რადიო თავისუფლება: და მზად არის აშშ, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ლიდერი მუდმივი სამხედრო კონტინგენტით გაამაგროს?
მაილს კაგინსი: პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მზად არის გარკვეული რაოდენობის სამხედრო ძალის განთავსებისთვის. ჩემი ვარაუდით, თუ ადგილზე სამხედრო კონტინგენტი გაჩნდება, თავისთავად გაჩნდება სურვილიც, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა რეგიონულმა პარტნიორებმაც მიიღონ, პარალელურად კი შეიკვრება დამკვირვებლებისა და მრჩევლების მცირე ჯგუფი თეირანში.
ირანში სახმელეთო შეჭრას სწრაფი წარმატება ნაკლებად ექნება
რადიო თავისუფლება: თუ საჰაერო და საზღვაო დაბომბვა საკმარისი არ აღმოჩნდა ასეთი შედეგის მისაღწევად, წავა თუ არა აშშ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციაზე? გეოგრაფიის გათვალისწინებით, რამდენად რთული იქნება ირანში სახმელეთო შეჭრა და სწრაფი წარმატების მიღწევა?
მაილს კაგინსი: ირანში სახმელეთო შეჭრას სწრაფი წარმატება ნაკლებად ექნება. როგორც თქვენ თქვით, გეოგრაფია რთულია. 90 მილიონიანი მოსახლეობის კონტროლი უკიდურესად ძნელია. ქვეყანაში არსებობს კულტურული და ეთნიკური დაყოფებიც. უკვე ვნახეთ ძლიერი უკურეაქცია ქურთული პეშმერგას ირანში შესვლის იდეაზე, მათ შორის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ირანული დიასპორის მხრიდან.
რადიო თავისუფლება: ანუ არ იზიარებთ იმ ვარაუდს, რომ ქურთები მეორე ფრონტს გახსნიან.
მაილს კაგინსი: ქურთებს შეერთებულ შტატებთან და ისრაელის მოსადთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ISIS-ის წინააღმდეგ ომი. პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც ჩანს, განიხილა ეს იდეა, თუმცა გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრაქტიკულად გამორიცხა ეს სცენარი. მას არ სურს, რომ ირანი სამოქალაქო ომში ჩაეფლოს. მე პირადად ვიცნობ ქურთული ჯგუფების რამდენიმე ლიდერს და მათი მიზანი არასოდეს ყოფილა თეირანში შესვლა ან მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება. მათ სურთ საკუთარი ხალხის დაცვა საკუთარ რეგიონებში.
რადიო თავისუფლება: ანუ, გამორიცხავთ მათ ჩართულობას?
მაილს კაგინსი: არა. სრულიად შესაძლებელია, რომ 6-მა ქურთულმა ჯგუფმა, რომლებმაც კოალიცია შექმნეს, სცადონ ირანის დასავლეთ პროვინციებში შესვლა ერაყის მხრიდან. თეირანი და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ერაყში ამას საფრთხედ აღიქვამენ.
პეშმერგას მცირე კონტინგენტის შესვლა თეორიულად შესაძლებელი ჩანს. თუმცა სრულმასშტაბიანი შეჭრა ნაკლებად მოსალოდნელია
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ერაყის ქურთისტანში ამ პოლიტიკური ჯგუფების სამხედრო პოზიციები არაერთხელ იქნა დაბომბილი დრონებითა და რაკეტებით [ირანის მხრიდან]. წუხელაც დაარტყეს როგორც მათ პოლიტიკურ შტაბებს, ისე სამხედრო ბანაკებს.
რადიო თავისუფლება: თუ ქურთები შევლენ, ამას ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის გარეშე არ გააკეთებენ, ხომ ასეა?
მაილს კაგინსი: ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა უკვე მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა ამ რეგიონში. პრაქტიკულად განადგურებულია რევოლუციური გვარდიის, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შტაბები და მართვა-კონტროლის სტრუქტურები დასავლეთ პროვინციებში.
ეს ქმნის გარემოს, სადაც პეშმერგას მცირე კონტინგენტის შესვლა თეორიულად შესაძლებელი ჩანს. თუმცა სრულმასშტაბიანი შეჭრა ნაკლებად მოსალოდნელია. ქურთული პეშმერგას (ერაყის ქურთისტანის სამხედრო დანაყოფები) სურვილი არ არის საკუთარი საზღვრების გაფართოება სპარსულ, აზერბაიჯანულ ან ნურისტანის რეგიონებში. მათი ამოცანა საკუთარი რეგიონების დაცვაა.
ფორუმი