Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრეუსი: „ეს უნდა იყოს საუბარი გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის“ - რას მოიტანს ხამენეის სიკვდილი ირანისთვის?

გენერალი პეტრეუსი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორად დამტკიცებისას, სენატის დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე. ვაშინგტონი, 23 ივნისი, 2011 წ
გენერალი პეტრეუსი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორად დამტკიცებისას, სენატის დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე. ვაშინგტონი, 23 ივნისი, 2011 წ

აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ერაყსა და ავღანეთის სამხედრო კამპანიების დროს, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი მხარს უჭერს ტრამპის ადმინისტრაციის ღიაობას ირანზე შეტევის მიღწევებისა და დანაკარგების შესახებ.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პეტრეუსი ამბობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, ირანის პოლიტიკური ელიტის ნაწილის განადგურების შედეგებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა მემკვიდრე გამოჩნდება; მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო მოქმედების გაცხადებული მიზანი ისეთი პირობების შექმნაა, რამაც ირანელ ხალხს, ან რეჟიმის შიგნით უკმაყოფილო ელემენტებს, შესაძლებლობა უნდა მისცენ დაამხონ ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, პეტრეუსისთვის ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა.

გენერალ პეტრეუსს ალექს რაუფოღლუ 2 მარტს, აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციების დაწყებიდან მესამე დღეს, ესაუბრა - მას შემდეგ რაც აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ იერიშების პირველ შედეგებზე განაცხადეს.

რადიო თავისუფლება: რა არის თქვენი პირველი რეაქცია იმ განცხადებებზე, რომლებიც ახლახან მოვისმინეთ თავდაცვის მდივნისა და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარისგან?

პეტრეუსი: ვფიქრობ, რომ თავდაცვის მდივანმა და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ წარმოადგინეს ძალიან ფხიზელი, პირდაპირი და ყოვლისმომცველი აღწერა იმისა, რის გაკეთებასაც ვცდილობდით: აღწერეს, რა გავაკეთეთ და რას მივაღწიეთ, რაც უკიდურესად შთამბეჭდავია, ამავე დროს აღიარეს რისკები და გამოწვევები და ჩვენი ოთხი ჯარისკაცისა და სამი F-15-ის დაკარგვა.

რადიო თავისუფლება: აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სტრატეგია აღწერეს, როგორც ირანისთვის შესაძლებლობის შექმნა და ირანელი ხალხისთვის საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალების მიცემა. გადავიდეთ მემკვიდრეობაზე: რას ნიშნავს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სიკვდილი? როგორ ცვლის მისი ლიკვიდაცია ძალაუფლების შიდა ბალანსს ისლამურ რესპუბლიკაში?

პეტრეუსი: სიმართლე ისაა, რომ ჯერ არ ვიცით, და პასუხი არ გვექნება მანამ, სანამ არ გვეცოდინება, ვინ იქნება შემცვლელი. სავარაუდოდ არსებობდა მემკვიდრეობის გეგმა, მაგრამ პროცესი კონსტიტუციის მიხედვით, როგორც იცით, ითვალისწინებს დროებითი საბჭოს პრეზიდენტის, უმაღლესი სასამართლო წარმომადგენლისა და სასულიერო პირის მონაწილეობას, შემდეგ კი საბოლოოდ სწავლულთა, ექსპერტთა ასამბლეა შეიკრიბება და აირჩევს ახალ უზენაეს ლიდერს.

რთულია შეფასება მანამ, სანამ არ გვეცოდინება, ვინ იქნება ახალი უზენაესი ლიდერი და როგორი იქნება - პრაგმატიკოსი, თუ კიდევ ერთი მკაცრი იდეოლოგი, ორი წინამორბედის მსგავსად.

აღსანიშნავია, რომ მოკლულია არა მხოლოდ უზენაესი ლიდერი, არამედ ათეულობით სხვა მნიშვნელოვანი ფიგურა - თავდაცვის მდივნის, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის, ისლამური რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლისა და სხვა მნიშვნელოვანი ლიდერების ეკვივალენტები. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰყავს მოადგილეები, მათი შესაძლებლობები უკვე შერყეულია.

საკმაოდ ნათელია, რომ მათ უჭირთ მასობრივი დარტყმების ისეთი კოორდინაცია, როგორც 12-დღიანი ომის განმავლობაში. ნამდვილად გაცემულია მრავალი დარტყმის ბრძანება, თუმცა ჩანს, რომ უფლებამოსილება გადაეცა ქვედანაყოფებს იმ სამიზნეებზე მოქმედებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, წინასწარ იყო დამტკიცებული.

ზოგიერთმა ასეთმა მცდელობამ მიზანს მიაღწია. ასობით და ათასობით [რაკეტა და დრონი] ჩამოაგდეს. დარტყმები განხორციელდა რეგიონის მრავალ ქვეყანაში. უმეტესობა იქნა შეჩერებული, თუმცა ზოგი მათგანმა გააღწია თავდაცვის ფარში და ზიანი მიაყენა ჩვენს რამდენიმე ბაზას რეგიონში. ერთი დრონის დარტყმამ, როგორც ჩანს, სამი ჯარისკაცი მოკლა ქუვეითში. ტრაგედია მოხდა ისრაელშიც, სადაც ბომბსაფარს მოხვდა რაკეტა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი იყო.

დღის ბოლოს, რაც პრეზიდენტმა ცხადყო, პირველ გამოსვლაში, როდესაც ახსენა რეჟიმის შეცვლა და მოგვიანებით დააზუსტა, არის ის, რომ აშშ-ის, ისრაელის და სხვა ოპერაციები მიზნად ისახავს ისეთი პირობების შექმნას, რომლებმაც შესაძლოა ხალხს და, შესაძლოა, რეჟიმის ძალებში უკმაყოფილო ელემენტებს მისცეს შესაძლებლობა დაამხონ რეჟიმი. რამდენად რეალისტურია ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია.

ეს უნდა იყოს საუბარი გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის, თუნდაც დამარცხებული კვლავ აკონტროლებდეს ძალაუფლებას

რადიო თავისუფლება: თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანს სურს მოლაპარაკებების განახლება და პრეზიდენტი ისაუბრებს ნებისმიერთან, ვინც პასუხისმგებელია. ამავე დროს, ირანის უსაფრთხოების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ უარყვეს მოლაპარაკებები. თუ აშშ მოლაპარაკებებს განაახლებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რეჟიმი ძალაუფლებაში დარჩება, თუნდაც მძიმედ დაზიანებული?

პეტრეუსი: ვფიქრობ, უკეთესი კითხვა ის არის, უნდა მივცეთ თუ არა ირანს საერთოდ მოლაპარაკების შესაძლებლობა. ვფიქრობ, პასუხი უნდა იყოს - არა.

ეს უნდა იყოს საუბარი გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის, თუნდაც დამარცხებული კვლავ აკონტროლებდეს ძალაუფლებას, მაგრამ იყოს მძიმედ დაზიანებული და დაუცველი.

მათ ფაქტობრივად აღარ დარჩათ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის მქონე თავდაცვა საჰაერო ან სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ. ეს დიდწილად ერთმხრივი საუბარი უნდა იყოს: თქვენ აღარ ამდიდრებთ ურანს, აღარ აღადგენთ ან ავსებთ თქვენს სარაკეტო ძალებს და წყვეტთ რეგიონში მოქმედი მკვლელი პროქსი-ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებმაც ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და არაბი იმსხვერპლეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ასე უნდა წარიმართოს ეს მოლაპარაკება. რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია. თუ ირანი არ დათანხმდება, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საკითხს კვლავ დავუბრუნდეთ, როგორც ეს ბოლო დღეებში გავაკეთეთ.

რადიო თავისუფლება: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ ისლამური რევოლუციური გვარდიის კონსოლიდაციას, სასულიერო წრეებში ფრაგმენტაციას, თუ ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრის წარმოშობას? ვინ გადადგამს შემდეგ ნაბიჯს? ზრდის თუ არა ეს სახელმწიფო კოლაფსის ან შიდა კონფლიქტის ალბათობას, თუ შეიძლება გახსნას სივრცე განსხვავებული პოლიტიკური ტრაექტორიისთვის?

პეტრეუსი: ეს ნამდვილად იძლევა გახლეჩის შესაძლებლობას. ქარიმ სადჯაპური, რომლის ანალიზსაც დიდ პატივს ვცემ, ციტირებდა ირანელ აკადემიკოსს, რომელმაც თქვა, რომ ადრე რეჟიმი 80 პროცენტით შედგებოდა ჭეშმარიტი მორწმუნეებისგან - მკაცრი ხაზის მომხრეებისა და ფუნდამენტალისტებისგან - და 20 პროცენტით შარლატანებისგან, რომლებიც უბრალოდ სისტემასთან ერთად მოძრაობდნენ. ახლა კი, მისი თქმით, 80 პროცენტი შარლატანია და მხოლოდ 20 პროცენტი ჭეშმარიტი მორწმუნე.

თუ ეს ასეა, ეს იქნებოდა მომენტი, როცა პრაგმატიკოსებმა უნდა აიღონ კონტროლი, იმის გათვალისწინებით, რომ 1979 წლის შემდეგ რეჟიმმა მიაღწია ირანული რიალის 99-პროცენტიან დევალვაციას, საერთაშორისო იზოლაციას და შიდა სიღარიბეს. ეს მიღწევების შთამბეჭდავი ისტორია ნამდვილად არ არის.

ირანს მსოფლიოში ნედლი ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი აქვს, ვფიქრობ, მესამე და ბუნებრივი გაზის მარაგით მეორეა, განათლებულ მოსახლეობასთან და მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციასთან ერთად. როდის შეიძლება ვინმე ადგეს და თქვას: „შევწყვიტოთ ეს სიგიჟე“? რა მოუტანა ურანის გამდიდრებამ? რა მოუტანა ახლო აღმოსავლეთში პროქსი-ჯგუფების შეიარაღებამ? რა მოუტანა იმ ქმედებებმა, რომლებმაც მრავალი არაბი, ისრაელელი და ამერიკელი მეზობლის სიკვდილი გამოიწვია?

გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანი უნდა იყოს ირანი, რომელიც აღარ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, ვერ გაამდიდრებს ურანს, ვერ განათავსებს რაკეტებს და აღარ დაუჭერს მხარს პროქსი-ჯგუფებს.

რადიო თავისუფლება: თუ რეჟიმის ცვლილება შიგნიდან უნდა მოხდეს, რამდენად რეალისტურია ეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვეულებრივი ირანელები უიარაღონი არიან და აკლიათ ორგანიზება?

პეტრეუსი: მათ არ აქვთ იარაღი, ორგანიზაცია ან რეალური სამხედრო შესაძლებლობა. ეს შეიძლება მოვიდეს მხოლოდ რეჟიმის შიგნით არსებული ელემენტებისგან, რომლებსაც აქვთ სამხედრო ძალაზე მონოპოლია და ხელმძღვანელობა, რომელიც შეძლებს რეჟიმის ნაწილების ჩამოშორებას და ხალხის გაერთიანებას.

აღნიშნულია, რომ ასეთ სიტუაციებში ხშირად იმარჯვებენ ისინი, ვისაც ყველაზე მეტი იარაღი და ყველაზე მეტი სისასტიკის მზადყოფნა აქვთ. თუმცა არსებობდა ფერადი რევოლუციებიც, რომლებმაც დაასრულეს ზოგიერთი ავტორიტარული რეჟიმი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ. ეს გარკვეულ იმედს იძლევა.

მიუხედავად ამისა, საბაზისო სცენარი ისაა, რომ რეჟიმი იქნება მძიმედ დაზიანებული, დასისხლიანებული და დასუსტებული, მაგრამ საკმარისად შეკრული გადარჩენისთვის. გადარჩენა იქნება უზარმაზარი ზიანითა და დანაკარგებით.

რადიო თავისუფლება: მოკლევადიან პერსპექტივაში, რა პოლიტიკას უნდა მიანიჭოს ვაშინგტონმა პრიორიტეტი რეგიონული სტაბილურობის დასაცავად და მიზნების მისაღწევად?

პეტრეუსი: აშშ-მ, ისრაელმა და სხვებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამცირონ ირანის საპასუხო შესაძლებლობები, მისი უნარი დაარღვიოს ნავიგაციის თავისუფლება სპარსეთის ყურეში, დანაღმოს ჰორმუზის სრუტე, ან იქ გემებზე თავდასხმა განახორციელოს.

უნდა შევამციროთ მისი შესაძლებლობა აღადგინოს ყველაზე საფრთხის შემცველი პოტენციალი, არა მხოლოდ რაკეტები და გამშვები დანადგარები, არამედ საწარმოო ობიექტებიც. იგივე ეხება დრონებს, როგორც მოკლე, ისე შორი რადიუსის, და საზღვაო ხომალდებს, რომლებსაც შეუძლიათ ყურის დესტაბილიზაცია.

გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანი უნდა იყოს ირანი, რომელიც აღარ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, ვერ გაამდიდრებს ურანს, ვერ განათავსებს რაკეტებს და აღარ დაუჭერს მხარს პროქსი-ჯგუფებს. თუ ის არ დათანხმდება, ისრაელს და/ან აშშ-ს შეიძლება კვლავ მოუწიოთ სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG