Accessibility links

“მალე მოკვდები” - თვეზე მეტი უშედეგო გამოძიებისთვის


19 ივნისს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს რამდენიმე ღია ნომრიდან მიუვიდათ მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებები, სადაც ეწერა, რომ მათ მოკლავდნენ, რუსთაველზე წვერებით დაკიდებდნენ, თავს მოაჭრიდნენ. 19 ივნისსვე შსს-მ თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არ აკონკრეტებენ, რა დაადგინეს ამ დროის განმავლობაში და რა ვადა დაჭირდება გამოძიების დასრულებას.

“მალე მოკვდები” - რას წერდნენ პრაიდის ორგანიზატორებს

თავად პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც მუქარის მსხვერპლები გახდნენ, ამბობენ, რომ ისინი ამ საქმეზე არც კი დაუკითხავთ. სამართალდამცველები 19 ივნისს, სმს-ს შეტყობინებების გასაჯაროების და ინციდენტის დაფიქსირების შემდეგ თხოვდნენ ჩვენებების მიცემას, თუმცა ისინი პრაიდის პირველი ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ, ოფისთან გურამ ფალავანდიშვილი აქციას მართავდა და პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად მისვლა მხოლოდ საღამოს 10 საათისთვის მოახერხეს, გზავნილის მიღებიდან 5 საათში. პოლიციაში უთხრეს, რომ გვიანი იყო და შენობა ისე დატოვეს, ჩვენება არ მიუციათ. მას შემდეგ გამომძიებელი მათ არ დაკავშირებია.

ნინო ბოლქვაძე ერთ-ერთია პრაიდის ორგანიზატორებს შორის, რომელსაც მუქარის მესიჯი მიუვიდა, თუმცა პოლიციაში განცხადება არ გაუკეთებია. მას თავის მეგობარ გოგონასთან ერთად მოკვლით ემუქრებოდნენ. გზავნილში ახსენებდნენ შვილებსაც და წერდნენ, რომ იცოდნენ, სად შეიძლებოდა მისი ნახვა.

“მალე მოკვდები” - ეწერა 19 ივნისს ნინოსთვის გაგზავნილ წერილში. ნინო ამბობს, რომ ის მუქარის წერილებს წლებია იღებს. თავიდან სისტემატურად ატყობინებდა პოლიციას, თუმცა არც ერთი საქმის გამოძიება ბოლომდე არ მისულა, რაც მას აფიქრებინებს, რომ რიგ შემთხვევებში მუქარა შესაძლოა მათ შესაშინებლად ოფიციალური სტრუქტურებიდან მოდიოდეს.

არსებობს თუ არა სხვა ფაქტებიც?

ეჭვი იმის შესახებ, რომ პრაიდის პირველი ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მუქარა სიცოცხლის მოსპობის შესახებ მათ შეშინებას და ღონისძიების ჩაშლას ისახავდა მიზნად, სხვა ორგანიზატორებსაც აქვთ. ამ ეჭვს ამყარებს სხვა გამოუძიებელი შემთხვევები. თამაზ სოზაშვილს ახსენდება 2017 წლის 19 მაისს მზიურის კაფეში შეწყვეტილი კინოჩვენება. კინოჩვენების შეწყვეტის მიზეზი 112-ში შესული შეტყობინება გახდა ამ ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. მაშინ ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო (International Day Against Homophobia, Transphobia and Biphobia - დღესთან დაკავშირებით ფილმს „პრაიდის" ჩვენება უნდა გამართულიყო, რასაც ადგილზე შეკრებილი სასულიერო პირები, გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები ეწინააღმდეგებოდნენ.

რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა ყველა ის ნომერი, საიდანაც სმს-ები გაუგზავნეს პრაიდის ორგანიზატორებს. ოთხივე ნომერი მაგთიკომის ქსელშია რეგისტრირებული და 25 ივლისის მონაცემებით, გამორთულია ქსელიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG