"რაც მთავარია, დაშლა არ არის აქ მთავარი ამბავი, მთავარი ამბავია ის, რომ ისინი დიდი მოთმინებით შეხვდნენ ამ საქმეს, პროფესიონალურად გააკეთეს ყველაფერი", - თქვა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც მას შემდეგ იმართება, რაც პოლიციელებმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული გასასვლელი წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლეს მოქალაქეებისგან და საპროტესტო აქციის 18 მონაწილე დააკავეს.
"ჩემი აზრით მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, რა ხდება სინამდვილეში. იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა დღეს ეჯიბრება ერთმანეთს რადიკალიზაციაში, რომელი უფრო მეტ მომხრეს წაიყვანს ამ, თუნდაც ვთქვათ, გაბრაზებული ადამიანებიდან. რადიკალიზმით ცდილობენ ამ შეჯიბრში და ამ მარათონში ჩართვას და სინამდვილეში გვაქვს ერთი ფრთა ბოკერიას ჯგუფი, მეორე სააკაშვილის ჯფუფის სახით და ამ ორი ადამიანის შიდა ჭიდილს და დუღილს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა? ამას გვთავაზობენ, ჩიხური მოთხოვნებით?" - თქვა მამუკა მდინარაძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიციის ყველაზე დიდი გაწბილება აქციის მშვიდობიანი დაშლა იყო.
რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა დღის 3 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.
აქციის დაშლისას დააკავეს რამდენიმე პოლიტიკოსი და აქტივისტი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.