Accessibility links

"ნებისმიერი ენერგოობიექტის დაგეგმვისთვის საჭიროა ქვეყანას გააჩნდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმა"


მანანა ქოჩლაძე, "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე

"ნებისმიერი ენერგოობიექტის დაგეგმვისთვის საჭიროა ქვეყანას გააჩნდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმა და სწორედ მის მიხედვით უნდა შენდებოდეს ჰესებიც", - ამბობს მანანა ქოჩლაძე, "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე "დილის საუბრებში".

პანკისში მცხოვრებთა საწუხარს რაც შეეხება, მანანა ქოჩლაძის თქმით, მოსახლეობას იქ აქვს სასმელ და სარწყავ წყალზე წვდომის პრობლემა და მდინარის დიდი ნაწილის მილში მოქცევა გაამწვავებს ამ პრობლემას.

გარემოს დამცველის თქმით, პანკისელების პროტესტის მიზეზი არ არის ხუთმეგავატიანი ჰესი, არამედ მთელი წყება ჰესებისა, რომელთა ნაწილი აშენდა და ნაწილის მშენებლობა მომავალში იგეგმება:

"ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ამ ხეობაში ალაზანს ესპობა ფუნქცია. მოსახლეობას უკვე აქვს საკმაოდ დიდი პრობლემები წყალთან დაკავშირებით და დარწმუნებული არიან, რომ წყალი აღარ ექნებათ, ამ მესამე ჰესის შედეგად".

წყლის პრობლემა უარყოფითად აისახება ხეობაში ბოლო ხანს გაღვიძებულ ტურისტულ ბიზნესზე.

მანანა ქოჩლაძე რადიო თავისუფლებასთან ენერგოდამოუკიდებლობაზეც ლაპარაკობს და შენიშნავს, რომ ჰიდროენერგიაზე ქვეყნის ენერგობალანსში 20% მოდის და როგორც უნდა გაიზარდოს მისი წილი, ვერ ჩანაცვლდება ბუნებრივი აირისა და ბენზინის მოხმარების წილი. ამასთან:

"თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია პირველ რიგში დაიწყოს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება. საქართველოში უკვე არსებობს უამრავი ჰესი, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროს აშენებულები და გამოიმუშავებენ იმის მეოთხედს, რისი გამომუშავებაც მათ შეუძლიათ აღდგენის შემთხვევაში. ეს ჰესები სასწრაფოდ აღსადგენია იმიტომაც, რომ არაეფექტიანობის გარდა, საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას".

"მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელი თვლის, რომ აბსოლუტურად მცდარია გზა, რომელსაც დღეს მისდევს მთავრობა:

"აუცილებელია მოვამზადოთ ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომ ვიცოდეთ როგორ შევამციროთ ენერგიის მოხმარება, რა ტიპის ახალი ენერგოობიექტები უნდა ავაშენოთ, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ასეთი გეგმა მომზადდება, მასზე ჩატარდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მას შემდეგ დავიწყოთ მშენებლობები.

აქ შეიძლება ჰესების მშენებლობაც იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს რაც შენდება, არის ძალიან პრობლემატური. შემიძლია, პირდაპირ მიგითითოთ, რომ ხელშეკრულებები არის გაუმჭვირვალე, არის ე.წ. გარანტირებული შესყიდვები, რაც ბაზარს აქრობს და ვერ გადავდივართ საბაზრო ურთიერთობებზე. სწორედ ჩვენი ორგანიზაცია მოითხოვს, რომ არსებობდეს გამჭვირვალე ელექტრობაზარი, რომ ყველას შეეძლოს ენერგიის გაყიდვა და არა ვიღაც ბობოლები დებდნენ ქვეყანასთან განსაკუთრებულ ხელშეკრულებებს.

და რაც მთავარია, გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა იყოს კარგად შესწავლილი და პროექტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის. შემიძლია შეგახსენოთ "შუახევჰესი", რომელშიც ჩაიდო 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია, არ მუშაობს და ვერც იმუშავებს, რადგან გახსნიდან ორ თვეში ორივე გვირაბი ჩამოიქცა. მთელი მშენებლობის განმავლობაში და მანამდეც ვითხოვდით გეოლოგიურ კვლევებს. ძალიან ბევრი პრობლემაა კონკრეტულად ტექნიკურ შესრულებასთან".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG