Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლობის ასამბლეა და თბილისი პრაიდი დროში დაემთხვა


მართლმადიდებლობის საპარლამენტთასორისო ასამბლეა, ათენი, 25-30 ივნისი, 2018
მართლმადიდებლობის საპარლამენტთასორისო ასამბლეა, ათენი, 25-30 ივნისი, 2018

19-22 ივნისს თბილისი უმასპინძლებს 26-ე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ამავდროულად, ასამბლეაში მონაწილე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელიცაა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელია. თუმცა, საქართველო ასამბლეაში დელეგაციის სახით მონაწილეობას 2013 წლიდან იღებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, 19-22 ივნისს, საქართველოში „ოთხი კონტინენტიდან 23 ქვეყნის დელეგატები“ ჩამოვლენ:

„ამ ორგანიზაციის მიზანია ერთის მხრივ, ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის პოპულარიზაცია მსოფლიოში და მეორეს მხრივ, ეკლესიური საზღვრების მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, რომ დღეს მსოფლიო განიცდის „დექრისტიანიზაციას“, საკმაოდ მძლავრობს ისლამი, როგორც შედარებით მზარდი რელიგია. აფრიკის, ევროპის და აზიის კონტინენტებზე ქრისტიანი მართლმადიდებლები განიცდიან შევიწროებას და შემცირებას“.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ეუთოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების შემდეგ, რომელიც თბილისში გასულ წლებში გაიმართა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთასორისო ასამბლეა თბილისს მისცემს საშუალებას გახდეს მესამე დიდი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე:

„ჩვენ დაგვჭირდა ექვსწლიანი მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო გამხდარიყო მორიგი დიდი ასამბლეის მასპინძელი. წარმოიდგინეთ, როგორც მსოფლიოში, ყველა ქვეყანა იბრძვის ოლიმპიადის მის დედაქალაქში ჩატარებისთვის, ასევე იბრძვის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ქვეყანა, რომ ასამბლეა მათ სამშობლოში ჩატარდეს“.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჩამოთვლის ასამბლეის საქართველოში ჩატარების „ეროვნულ მიზნებს“:

  • პირველი - „ჩვენ გვაქვს ის კულტურული მემკვიდრეობა, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ მსოფლიოს მასშტაბით“.
  • მეორე - „გავაგებინოთ ქრისტიანულ სამყაროს, რა ჩაიდინა მართლმადიდებელმა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 1992 და 2008 წლებში. ეს ორგანიზაცია, განსხვავებით ყველა სხვა საპარლამენტო ასამბლეებისგან, აღიარებს არა მარტო საერო საზღვრების ურღვეობას, არამედ საეკლესიო საზღვრების ურღვეობასაც. მოგეხსენებათ, რუსეთის ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და არ ამით არ დაარღვია საქართველოს კანონიკური საზღვრების მთლიანობა. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისათვის, რომ ველაპარაკოთ რუსეთს, რომ წაიღონ უკან თავისი აღიარება და დაუჯერონ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს, რომელმაც არ აღიარა არც ცხინვალი და არც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რელიგიების ამ მათი ეპარქიის გაგრძელება“.
  • მესამე - „რელიგიური ტურიზმის განვითარება. ეს არის ტურიზმის ყველაზე პოპულარული სახე, შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას, მათ შორის რელიგიური ტურიზმის კუთხითაც“.
  • მეოთხე - „ჩვენ გვინდა, რომ თბილისი იყოს დიდი საერთაშორისო ფორუმების დედაქალაქი და არა პატარა NGO შეკრებების ქალაქი”.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დელეგატების განთავსებისა და მგზავრობას თავად საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს. საქართველომ კი მასპინძლობის ხარჯები უნდა აიღოს საკუთარ თავზე: „ეს არ დაჯდება დიდი თანხა. მხოლოდ მასპინძლობა და ექსკურსიები. 300 ათას ლარს არ უნდა ასცდეს“.

საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: ზაქარია ქუცნაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია, ზვიად ძიძიგური.

გასულ წელს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ათენში, 25-30 ივნისს გაიმართა. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ასამბლეა ივნისის ბოლოს ტარდება ხოლმე. ასამბლეის პრეზიდენტია სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან.

ასამბლეა 26 წლის წინ, საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.

ასამბლეის ჩატარების თარიღი ემთხვევა 18-23 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდის კვირეულს. პრაიდი თბილისში მართლმადიდებლობის ასამბლეის მსგავსად, პირველად ტარდება. პრაიდის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, საჯარო მსვლელობა, ღირსების მარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG