Accessibility links

"ჟურნალისტებს აქვთ სწორი პოზიცია - დარჩნენ და იბრძოლონ ბოლომდე იმისთვის, რისიც სწამთ და რისთვისაც შრომობენ ამდენი ხანია"


მარიამ გოგოსაშვილი, საია-ს პროექტის კოორდინატორი

„ის განცხადებები, რაც კეთდება გიორგი კოხრეიძის მიერ, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოვიდა იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ჩაერიოს კონკრეტული ჟურნალისტების მიერ შექმნილ პროდუქტში. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ჟურნალისტების პოზიცია და ის, რომ ყველაფერი გახადონ ამ პროცესებში გამჭვირვალე და გამოიტანონ ყველა ინფორმაცია”, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში მარიამ გოგოსაშვილი, საია-ს იურისტი. ის თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს სწორი პოზიცია აქვთ, „დარჩნენ და იბრძოლონ ბოლომდე იმისთვის, რისიც სწამთ და იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც ისინი შრომობენ ამდენი ხანია“.

მარიამ გოგოსაშვილმა საია-ს სახელით გამოხატა თითოეული ჟურნალისტის უფლებების სამართლებრივი დაცვისთვის მზადყოფნა.

ზოგადად აჭარის ტელევიზიაში შექმნილ ვითარებას ასე აფასებს:

„ძალიან შემაშფოთებელია მდგომარეობა, რომელიც აჭარის ტელევიზიაშია დღეს. ვიხილეთ გიორგი კოხრეიძის შერჩევის პროცედურა, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. თუნდაც ის რომ გავითვალისწინოთ, როცა სასამართლომ შეაჩერა თავისი განჩინებით ეს კონკურსი, ჩვენ მაშინ გვქონდა განცხადება, რომ რეალურად ამ სარჩელზე სასამართლოს მიერ უნდა ყოფილიყო დადგენილი ხარვეზი, რადგან მოპასუხე არ იყო სათანადო. მითითებული იყო მრჩეველთა საბჭო, როცა მრჩეველთა საბჭო არ არის უფლებამოსილი პასუხი გასცეს სასამართლოში თუნდაც გიორგი კოხრეიძეს.

ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ შეჩერება მიზნად ისახავდა იმას, რომ ახალი „ბორდის“ პირობებში ყოფილიყო შერჩეული ახალი დირექტორი. შემდგომში კი რა ხდება: ეს პროცესი ჩერდება და ბორდის არჩევასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა იყო - მაუწყებლობის შესახებ კანონის კონკრეტული მუხლები როგორ უნდა ყოფილიყო განმარტებული და ახლაც ვთვლით, რომ „ბორდი“ არის არასწორად არჩეული და დაკომპლექტებული.

პროცედურული საკითხები დარღვეულია, ვინაიდან, როცა რეალურად ერთი ვაკანტური ადგილია და ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ადგილზე თავისი კანდიდატი უნდა წარადგინოს ერთ-ერთმა ფრაქციამ, გამოდის, რომ ბორდის 4 წევრი იქნება შერჩეული ფრაქციის კვოტით და მხოლოდ ერთი დანარჩენი დეპუტატების კვოტით მაშინ, როცა კანონი ითვალისწინებს სამს ფრაქციის კვოტით და ორს დარჩენილი დეპუტატების კვოტით. ეს პროცესიც გარკვეულწილად ძალიან ბევრ კითხვას ბადებდა.

შედეგად მივიღეთ, რომ ახალი ბორდი დაკომპლექტდა, მრჩეველთა საბჭო აირჩა, გაგრძელდა ის კონკურსი, რომელიც შეაჩერა ბატონმა გიორგი კოხრეიძემ და შემდგომში არჩეულ იქნა დირექტორად”.

ამის შემდეგ იყო გიორგი კოხრეიძის ინტერვიუ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარში“, რომელსაც ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე უძღვებოდა. მარიამ გოგოსაშვილი ამ ინტერვიუსაც აფასებს:

„როცა ვნახეთ როგორ ესაუბრებოდა ხმამაღალი ტონით ის ჟურნალისტს და მოუწოდებდა ყოფილიყო უფრო მეტად კორექტული სხვა რესპონდენტებთან დაკავშირებით, არ დაესვა კრიტიკული კითხვები და ა.შ. ანუ, როცა ლაპარაკია ჟურნალისტისთვის მითითებაზე - რომელი კითხვა დასვას და რომელი არა, ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა. ზოგადად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა დირექტორსაც ეკრძალება. გამოვიდა, რომ მან მითითებების მიცემა დაიწყო პირდაპირი ეთერიდანვე, რაც იყო ერთგვარი სიგნალი - როგორი კითხვები დაესვათ და ვინ ყოფილიყვნენ სტუმრები“.

საია-ს იურისტი ლაპარაკობს აჭარის ტელევიზიის ბოლო წლების საქმიანობაზე:

“კანონშია პირდაპირ გაწერილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული პროცესია და ის, რომ აჭარის ტელევიზია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ჩანს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული ორგანიზაციების შეფასებებით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც არის აღნიშნული, რომ იმ მკვეთრად პოლარიზებულ როგორც პოლიტიკურ, ასევე მედიაგარემოში აჭარის ტელევიზია ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა თუნდაც საარჩევნო პროცესებს და ეს ეუთოს დასკვნაში არის პირდაპირ მითითებული“.

მარიამ გოგოსაშვილი ამ ვითარებაში არსებითად თვლის პროცესის გამჭვირვალებას:

"როცა საკითხი მედიას ეხება, აქ ყველაზე მარტივად თავს დავიცავთ იმით, რომ ვილაპარაკოთ ხმამაღლა ამ საკითხებზე".


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG