Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჭარაშვილების ხუთსულიან ოჯახში ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ


მაჭარაშვილების ოჯახი
მაჭარაშვილების ოჯახი

ლაგოდეხში მცხოვრები მაჭარაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. საქმე ეხება ბინის ქირას, რომელსაც საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ პირებს მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან უხდის. როგორც ირკვევა, მერიამ ოჯახს ბოლო დროს ქირის თანხა აღარ გადაუხადა, ბინის მესაკუთრე კი ან ფულს ითხოვს, ან სახლის დაცლას. ხუთსულიანი ოჯახი, სადაც სამი წევრი მცირეწლოვანია, ცხოვრების გაუსაძლის პირობებზეც ჩივის. ამბობენ, რომ ხშირად საკვების გარეშე არიან. რას უპასუხებენ გაჭირვებულ ოჯახს მერიაში და რა ბედი ელით მაჭარაშვილებს?

მაჭარაშვილების ხუთსულიანი უსახლკარო ოჯახი, რომელიც ქირით ცხოვრობს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ოჯახის წევრი ჯონი მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუკი მერია მათი საცხოვრებელი სახლის ქირას დროულად არ გადაიხდის, ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან, რადგან სახლის მეპატრონისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ თუ დავალიანებას დროულად არ დაფარავენ, სახლი უნდა დატოვონ. ჯონი მაჭარაშვილი, უკვე თვეებია, ადგილობრივი მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობს, რომელიც უსახლკარო პირებისთვის ბინის ქირის გადახდას ითვალისწინებს. შესაბამისად, ოჯახსა და მერიას შორის თანამშრომლობა უკვე არსებობს, თუმცა, ჯონის თქმით, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ბოლო დროს მერია ქირას აღარ იხდის. უფრო მეტიც, მაჭარაშვილი და მისი მეუღლე ამბობენ, რომ პრობლემის გასარკვევად მერიაში რამდენჯერმე მივიდნენ, მაგრამ პასუხის ნაცვლად დამცირება და შეურაცხმყოფელი სიტყვები მიიღეს:

„გამგეობის კიბეებიდან რომ ჩამოვდიოდით, მოგვაძახეს, აქ დაიწყე მუშაობაო? მასხარად აგვიგდეს. არავინ, კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. სამი შვილის პატრონი ვართ, ბინის ქირაზე განცხადება დაწერილი გვაქვს, უკვე თვეებია, მაგრამ ხელზე გვიხვევენ და გვეუბნებიან, დღეს ან ხვალ იქნება პასუხიო, თუმცა ეს დღე არ დადგა. ტკბილი სიტყვით გვიშორებენ, ჩვენ კი სიღარიბეში და გაუსაძლის პირობებში ვართ“.

ნაქირავები სახლი
ნაქირავები სახლი

რატომ დარჩნენ მაჭარაშვილები უსახლკაროდ? ეს შეკითხვა ჩვენ ოჯახის წევრებს დავუსვით. გვეუბნებიან, რომ თავდაპირველ საცხოვრებელში 3 ძმა ცხოვრობდა, სახლი გაყიდეს და თანხა გაინაწილეს, მაგრამ ფული იმდენად მიზერული აღმოჩნდა, რომ ახალი საცხოვრებელი ვეღარ იყიდეს. მას შემდეგ ქირით ცხოვრობენ.

მაჭარაშვილების ხუთსულიან ოჯახში გვეუბნებიან, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი 300-ლარიანი სოციალური დახმარებაა, რომელიც მედიკამენტებისთვის, გამოსაკვებად და ელემენტარული ყოველდღიური მოხმარების საგნების შესაძენად არ ჰყოფნით. საკვებით ხშირად მეზობლები ეხმარებიან. ბავშვების დედა, ნორა შველიძე, ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მცირეწლოვანი შვილი ქვედა კიდურზე ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ უფულობის გამო ოპერაციას ვერ გეგმავენ. ისინი დახმარებას ამ კუთხითაც ითხოვენ. ნორა შველიძის თქმით, თუკი სახელწიფო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს, დანარჩენ პრობლემებს თავად მოაგვარებენ:

მერია უხდიდა ქირას, მაგრამ თვითნებურად მოხდა ბინის დატოვება და ამ მიზეზით შეწყდა ქირის გადახდა. ამის შემდეგ მან კვლავ მოძებნა ახალი ბინა, მოგვმართა ხელახალი განცხადებით. ახლა ყველანაირი დოკუმენტაცია მომზადებულია და ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ქირა აუცილებლად დაერიცხებათ...
ნატო ბატიაშვილი

„მაცივარი გამოაღეთ, თუ ნახავთ რაიმეს. ნახევარი ყველი მაქვს და ისიც ნისიად გამოვიტანე მაღაზიიდან, რათა ბავშვებმა ცარიელი ჩაი არ დალიონ. ბავშვებს ბრინჯი და გრეჩიხა ყელში ამოუვიდათ. აღარ ჭამენ. ერთი სოციალური დახმარება მაქვს და ბინის ქირა გადავიხადო, საჭმელი და შეშა ვიყიდო, ვალები გავისტუმრო თუ რა გავაკეთო? ახლა „ხაზეიკა“ ქირას მთხოვს. მე უკვე იმის შიშიც მაქვს, რომ ქირას გამიზრდის. არ ვიცი, რა გავაკეთო. დამაკმაყოფილონ პატარა მიწით და ერთი ოთახით, რომ ჩემი ოჯახით შევიდე და აღარ დამჭირდეს ქირიდან ქირაზე გადასვლა. მთავრობამ, არჩევნები წავაგეთო. წააგებდნენ, რადგან ჩემნაირი გაჭირვებული ხალხი ბევრია. ჩვენ დახმარება და ყურადღება გვჭირდება“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ, რომ ჯონი მაჭარაშვილისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში საცხოვრებელი სახლის ქირისთვის თანხა არ გადაუხდიათ, თუმცა ამის მიზეზს განმარტავენ.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის, ნატო ბატიაშვილის, თქმით, იმის გამო, რომ მაჭარაშვილები საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდნენ, დახმარება შეწყდა .ბატიაშვილი ამბობს, რომ მაჭარაშვილებმა მათ ხელახლა მიმართეს, დოკუმენტაცია მომზადებულია და ოჯახი ქირისთვის განკუთვნილ თანხას უახლოეს მომავალში მიიღებს:

ნატო ბატიაშვილი
ნატო ბატიაშვილი

„მიმდინარე წლის დასაწყისში მოგვმართა მან თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით. მერია უხდიდა ქირას, მაგრამ თვითნებურად მოხდა ბინის დატოვება და ამ მიზეზით შეწყდა ქირის გადახდა. ამის შემდეგ მან კვლავ მოძებნა ახალი ბინა, მოგვმართა ხელახალი განცხადებით. ახლა ყველანაირი დოკუმენტაცია მომზადებულია და ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ქირა აუცილებლად დაერიცხებათ“.

ლაგოდეხელი ჯონი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ის პერიოდულად სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობს, თუმცა მცირე ანაზღაურება აქვს, რომელსაც ზოგჯერ დაგვიანებით იღებს. გვეუბნება, რომ მუშაობა არ ეზარება და თუკი სტაბილური სამსახური და შემოსავალი ექნება, სახელმწიფო დახმარებაზე საერთოდ უარს იტყვის.

ლაგოდეხის მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 190 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც უსახლკაროებისთვის ბინის ქირის გადახდასაც ითვალისწინებს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 24 უსახლკარო ოჯახი ირიცხება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG