Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიამონიტორინგი - ომი საარჩევნო ხმებისთვის


2018 წელს და განსაკუთრებით პრეზიდენტის არჩევნების ორივე ტურში პოლარიზაციამ ქართულ ტელესივრცეში, ფაქტობრივად, პიკს მიაღწია. „იმედი“ და „რუსთავი 2“ საარჩევნო კამპანიების მთავარი ფიგურანტები გახდნენ და ამ საინფორმაციო ომში საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც „იმედის“ ფლანგზე აღმოჩნდა.

ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემაჯამებელი ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც, სხვა ორი ორგანიზაციების - „ინტერნიუს-საქართველოსა“ (რადიოარხები) და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ (ბეჭდვითი და ონლაინგამოცემები) - მედიამონიტორინგის ანგარიშთან ერთად, 13 დეკემბერს გაიმართა.

სამივე ანგარიში აერთიანებს 2016‐2018 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს. მათში ნაჩვენებია, თუ როგორ იცვლებოდა საარჩევნო პროცესების გაშუქება საქართველოს მედიასაშულებებში ამ სამი წლის განმავლობაში და გამოვლენილია მედიისთვის ამ დრომდე არსებული ძირითადი გამოწვევები.

შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც ეყრდნობა ხარისხობრივ და რაოდენობრივ კვლევებს, მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით

გავლენიანი ტელევიზიები - უკიდურესი პოლარიზაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში აკვირდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, „რუსთავი 2“-ს, „იმედს”, „ტვ პირველს”, „იბერიას“, „მაესტროს“, „ობიექტივს”, „აჭარის ტელევიზიას“.

ნატა ძველიშვილი
ნატა ძველიშვილი

ქარტიის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა მაუწყებელთა პოლარიზაცია. ტელესივრცე ორპოლუსიანი ხდებოდა - მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების, მეორე კი ოპოზიციის სასარგებლოდ იყო მიკერძოებული. 2018 წელს ამ პოლარიზაციამ პიკს მიაღწია.

„2016-2017 წლებში მიკერძოება ამა თუ იმ კანდიდატის პოზიტიურად გაშუქებაში გამოიხატებოდა, 2018 წელს კი მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი, გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით, ‐ „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ‘ობიექტივი’“, წერია ქარტიის შემაჯამებელ ანგარიშში.

ქარტია ცალკე მიმოიხილავს ტელეკომპანია „ობიექტივის“ მუშაობას.

ანგარიშის თანახმად, „ობიექტივი“ მონიტორინგის ყველა პერიოდში პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა იყო.

პრაქტიკულად საგანგებო რეჟიმზე გადავიდა არა მხოლოდ „იმედი“, არამედ „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელიც. თითქოს, ეს არხები აწარმოებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას და არა თავად პრეზიდენტობის კანდიდატები. საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი მოთამაშეები ტელევიზიები გახდნენ, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ არ მიეცათ ხმა არასასურველი კანდიდატისთვის.
ნატა ძველიშვილი

„არხი გამოიყენებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მიზნებისთვის, მათი აქციების ორგანიზებისთვის და განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ, როდესაც თავად მონაწილეობდნენ არჩევნებში. მაგალითად, 2018 წელს მათ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდათ და ტოქშოუშიც 2016‐2017 წლებთან შედარებით იშვიათად ჩნდებოდნენ ამ პარტიის წევრები. 2018 წელს დაბალი იყო მათი გაშუქება საინფორმაციო გამოშვებებშიც, თუმცა მეორე ტურის წინ მათ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს. შესაბამისად, „ობიექტივმაც“ სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა და დაიწყო კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“, ხაზგასმულია ქარტიის ანგარიშში.

ორგანიზაცია მიმოიხილავს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მუშაობას, რომელიც, ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში პროგრესირებდა: „არხი მიუკერძოებლად აშუქებდა პოლიტიკურ ძალებს, თუმცა, მოუგვარებელ პრობლემად დარჩა ამბების ზედაპირულად გაშუქება“.

პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებზე დაკვირვების დროს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ საარჩევნო კამპანიამ პრაქტიკულად კანდიდატების გარეშე ჩაიარა და ეს იყო დაპირისპირებული მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკის შედეგი:

„პრაქტიკულად საგანგებო რეჟიმზე გადავიდა არა მხოლოდ „იმედი“, არამედ „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელიც. თითქოს, ეს არხები აწარმოებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას და არა თავად პრეზიდენტობის კანდიდატები. საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი მოთამაშეები ტელევიზიები გახდნენ, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ არ მიეცათ ხმა არასასურველი კანდიდატისთვის“, - თქვა ნატა ძველიშვილმა. - „ხშირად ნეგატიური გაშუქებით უხეშად ირღვეოდა მედიის სტანდარტები...ზოგჯერ გვიჭირდა პროფესიული სტანდარტებით ზოგიერთი გადაცემის შეფასება, რადგან სტუდიებში იგინებოდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, გადაცემებში გამოჰქონდათ ვიზუალური მანიპულაციები... მედიასტანდარტის დაცვის ხარისხობრივ პროგრესს, რასაც ბოლო წლებში ვამჩნევდით და ამაზე ხმამაღლა ვამბობდით, მთლიანად გადაესვა ხაზი საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის ორივე ტურში. გვაქვს უკიდურესად პოლარიზებული სატელევიზიო სივრცე და ეს იმ დროს, როცა ტელევიზია ინფორმაციის მთავარი წყაროა“, თქვა ნატა ძველიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის გაშუქების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები ტელეარხებზე
სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის გაშუქების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები ტელეარხებზე

ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც ჩაატარა ეროვნულ- დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, გამოკითხული მოსახლეობის 72 პროცენტი ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზიას მიიჩნევს. ამდენად, დიდი ალბათობით, ტელეარხების მუშაობამ დიდწილად განსაზღვრა არჩევნების შედეგები, თუმცა არანაკლები გავლენა იქონია ონლაინსივრცემ.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების მონიტორინგთან ერთად ხდებოდეს მათი ვებსაიტების შესწავლაც“, უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა ანდღულაძემ.

რადიო - დაბალანსებული, მაგრამ ზედაპირული

„ინტერნიუს-საქართველო“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 11 რადიომაუწყებლის მუშაობას აკვირდებოდა. ესენია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „აჭარა“ (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქ. ბათუმი), რადიო თავისუფლება, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, „ათინათი“ ( ზუგდიდი), „ჰერეთი“ ( თბილისი/ლაგოდეხი).

შემაჯამებელი მონიტორინგის თანახმად, 2016‐2018 წლებში რადიომაუწყებლები საინფორმაციო გამოშვებებში პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად აშუქებდნენ და წინასაარჩევნო კამპანიასაც დიდი ყურადღება ექცეოდა, თუმცა წინასაარჩევნო პროგრამები სიღრმისეულად არ შუქდებოდა და მსმენელი მხოლოდ პოლიტიკოსების ზოგად დაპირებებს ისმენდა. კვლევებმა ცხადყო, რომ რადიო არ არის პოლარიზებული მედიასეგმენტი და მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქებით გამოირჩევა, თუმცა 2018 წელს ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მაუწყებელზე გარკვეული მოვლენები სხვადასხვა კუთხით შუქდებოდა.

ეკა ბერიძე
ეკა ბერიძე

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს რადიოარხები აქტიურად აშუქებდნენ.

„ჟურნალისტები მსმენელს კანდიდატების საარჩევნო დაპირებებს აცნობდნენ, თუმცა რამდენად შეეძლოთ გაცემული დაპირებების შესრულება და, ზოგადად, სცდებოდა თუ არა ესა თუ ის დაპირება მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ჟურნალისტები ამ თემით არ დაინტერესებულან“, თქვა პრეზენტაციაზე ეკა ბერიძემ, „ინტერნიუს-საქართველოს“ მედიამონიტორების კოორდინატორმა.

აქვე მოკლედ არის მიმოხილული რადიო თავისუფლების მუშაობაც.

„რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ექსკლუზიურ სიუჟეტებზე მუშაობდნენ და აშუქებდნენ ისეთ თემებს (ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გენდერი, ეკოლოგია, სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურული პრობლემები და ა.შ.), რომლებიც სხვა რადიომაუწყებლების ეთერში არ ხვდებოდა. არხი დიდ ყურადღებას უთმობდა რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს და, ამ მხრივ, ხშირად უფრო მეტ სიუჟეტს ამზადებდა, ვიდრე რეგიონალური რადიომაუწყებლები, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას ნაკლები დრო ეთმობოდა”, წერია ანგარიშში.

კვლევის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის დათმობილი დრო რადიომაუწყებლების დიდ უმრავლესობაზე მთლიანი დროის, საშუალოდ, 7 %‐ს არ აღემატებოდა. კანდიდატებიდან ყველაზე მეტად გაშუქდნენ სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე. მათთვის დათმობილი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ნეიტრალურ ტონზე მოდიოდა. შედარებით მაღალი - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი - ტონი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოვლინდა. იგი ოპონენტების ხშირი კრიტიკის ობიექტი იყო და ეთერში, ძირითადად, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარები ისმოდა.



ონლაინმედია - არაპოლარიზებული, მაგრამ რეკლამისგან გაუმიჯნავი კონტენტით

განსაკუთრებული სიხშირით ქვეყნდებოდა საზოგადოებისთვის მეტად თუ ნაკლებად ცნობილ პირთა მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო უმეტესად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საარჩევნო კანდიდატები, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ შეურაცხმყოფელი ფორმით.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში 11 ონლაინგამოცემას აკვირდებოდა, ესენია ambebi.ge, interpessnews.ge, ipress.ge, liberali.ge, marshalpress.ge, netgazeti.ge, news.ge, on.ge, palitravideo.ge, reportiori.ge, tabula.ge.

მონიტორინგის პერიოდში დაკვირვება ხდებოდა მონიტორინგისთვის შერჩეული ვებსაიტების ყველა სტატიაზე. სამწლიანი მონიტორინგის შედეგად „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ გვიჩვენა, რომ ქართულ ონლაინმედიაში უფრო და უფრო მცირდება პოლარიზაცია.

კვლევის თანახმად, 2017 და 2018 წლების მონიტორინგისთვის შერჩეული ვებსაიტების დიდ უმრავლესობაში არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაკვირვების ქვეშ მყოფი ონლაინგამოცემების დიდი ნაწილი ცდილობს და ახერხებს ჟურნლისტური სტანდარტების დაცვას.

ამავე დროს, ონლაინმედიის მონიტორები გამოყოფენ ორ ვებსაიტს, reportiori.ge-სა და marshalpress.ge-ს, სადაც, მათი აზრით, 2018 წლის მონიტორინგის პერიოდში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევები გვხვდებოდა:

„ამ ორ გამოცემაში როგორც 2016, ასევე 2018 წლის მონიტორინგის პერიოდში მოვლენები შუქდებოდა ცალმხრივად და ჟურნალისტური სტანდარტების სხვადასხვა სახის დარღვევების ფონზე. გვხვდებოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები და შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია პოლიტიკოსთა გაშუქებისას. ასევე, ორივე ვებსაიტზე გამოვლინდა უჩვეულო ტენდენცია: განსაკუთრებული სიხშირით ქვეყნდებოდა საზოგადოებისთვის მეტად თუ ნაკლებად ცნობილ პირთა მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო უმეტესად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საარჩევნო კანდიდატები, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ შეურაცხმყოფელი ფორმით”, წერია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ კვლევაში.

„2018 წლის მონიტორინგის პერიოდში reportiori.ge‐ზე შეგვხვდა კლასიკური ყალბი ცნობის (Fake News) გამოქვეყნების შემთხვევაც, აღნიშნავენ მედიამონიტორები.

ინსტიტუტის დაკვირვებით, ქართული ონლაინმედიის მწვავე გამოწვევაა სარეკლამო სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან და მოვლენების ზედაპირული გაშუქება.

მაგალითად, კვლევის თანახმად, ზოგი ვებსაიტი უთითებს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს, თუმცა არასათანადოდ. მაგალითად, არაერთი ონლაინგამოცემისგან განსხვავებით, interpressnews.ge მინიშნებას ურთავს სარეკლამო მასალებს, თუმცა აღნიშნული მინიშნება მკითხველისთვის მარტივად გასაგები არ არის, რადგან მითითებები შესრულებულია ლათინური სიმბოლოებით (წრეში მოთავსებული „NS“, რომელთან კურსორის მიახლოების შედეგად იწერება “News from Subscriber”). ვებსაიტზე inforustavi.ge კი სარეკლამო სტატიებს ჰქონდა მინიშნება ლათინური R. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვებსაიტმა მსგავს სტატიებს დაურთოს ისეთი მინიშნებები, რომლებიც უფრო მარტივად გასაგები იქნება მკითხველისთვის.

თავის მხრივ, მამუკა ანდღულაძემ , მედიის ექსპერტმა „გამჭვირვალობა საქართველოდან“, რომელიც ესწრებოდა მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართული ონლაინმედია „სავსეა ფეიკნიუსებით“.

„ეს მხოლოდ ჩვენი ტრენდი არ არის, ეს საერთაშორისო ტრენდია არჩევნების დროს. სპონსორირებული გვერდები და ის ოთხი თუ ხუთი ვებსაიტი, რომელიც ყოველთვის იყო მიუკერძოებელი... ხომ არ გამოდის ისე, რომ დანარჩენებსაც ერთ ქვაბში ვხარშავთ პოზიტიური კუთხით? მგონია, რომ ამ სფეროში ძალიან რთული პრობლემაა“, თქვა მამუკა ანდღულაძემ.

მისი თქმით, დასპონსორებული გვერდები, ტროლები და კრიტიკა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო სექტორის მიმართ ნდობისა და ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას ემსახურება.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG