Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარჯვენე სერბი მოელის, რომ „კოსოვოში კონფლიქტის“ შემთხვევაში „ვაგნერთან“ კავშირები დაეხმარება


 4 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში ვაგნერის სამხედრო-ტექნოლოგიური ცენტრი გაიხსნა.
4 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში ვაგნერის სამხედრო-ტექნოლოგიური ცენტრი გაიხსნა.

რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გაიმართა საეჭვო რეპუტაციის მქონე, კრემლთან დაკავშირებული რუსული გასამხედროებული დაჯგუფების პატივსაცემად, სერბი ულტრანაციონალისტი, დამიან კნეჟევიჩი, თავის ახალ, მაღალსართულიან შტაბბინაში ექსკურსიით იღებდა სიამოვნებას.

27 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, კარგ ხასიათზე მყოფი კნეჟევიჩი და მისი კოლეგა „სახალხო პატრულის“ ჯგუფიდან, მკრთალად განათებულ სივრცეში მიდი-მოდიოდნენ „ვაგნერის“ ცენტრის სხვა სტუმრებთან ერთად, სარეკლამო ნივთებს ყიდულობდნენ და ათვალიერებდნენ ცარიელ ოფისებს, რომელთა ფართო ფანჯრებიდან ქალაქის ხედი იყო გაშლილი.

„ჩემი ბევრი მეგობარი იამაყებს იმით, რომ მე პატივი მქონდა ვწვეოდი „ვაგნერის“ ცენტრს“, თქვა კნეჟევიჩმა რუსების მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც ამ ვიზიტს უწევს რეკლამას. „ეს ცენტრი და ეს ორგანიზაცია უკიდურესად პოპულარულია სერბეთში“.

ის შესაძლოა, აჭარბებდეს, როცა ამბობს, რომ „ვაგნერი“ - რომელიც კრემლის მიერ თავისი ძალაუფლების საზღვარგარეთ პროექციის სულ უფრო შესამჩნევი ინსტრუმენტი ხდება და, რომელსაც, „პუტინის შეფ-მზარეულად“ წოდებული, მეწარმე და მისი ყოფილი მცველი, ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს - პოპულარულია სერბეთში.

თუმცა, ალბათ მთლადაც არ ცდება.

დასავლელმა ექსპერტებმა არაერთხელ გამოთქვეს გაფრთხილება პოტენციური არეულობის შესახებ, რაც სერბეთში რუსეთის ულტრამემარჯვენე მოკავშირეებისგან არის მოსალოდნელი და რაც გამოიხატა ქუჩის დემონსტრაციებით უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში და ზოგიერთი სერბი ლიდერის განცხადებებით ომის შესახებ, ისევე როგორც მთავრობის უარით, შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს.

რუსებისთვის, კნეჟევიჩის ვიზიტი რუსულ-სერბული ცენტრის, „ორლოვის“ - ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფის - დამაარსებელთან ერთად, როგორც ჩანს, მიზნად ისახავდა შეერბილებინა რუსეთის იზოლაციის განცდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ომში მოსკოვს ნაწილობრივ მხარში უდგანან „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და უფრო იშვიათად - სერბი და სხვა უცხოელი მებრძოლები.

კნეჟევიჩისთვის ეს არის შანსი, შეხვდეს და შთაბეჭდილება მოახდინოს „მეგობრებზე რუსეთში“ და, ამასთანავე, პროპაგანდა გაუწიოს კულტურულ და პოლიტიკურ სიახლოვეს, რამაც სითამამე შეჰმატა სერბულ პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზე დასავლეთის მოთმინებას უწყობს გამოცდას, სხვათა შორის, სანქციების გაჭიანურებით, კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ წინააღმდეგობითა და რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებში ჩაბმაზე უარის თქმით, მიუხედავად რისკისა, რომ ევროკავშირთან საქმე გაუფუჭდება ბელგრადს, რომელმაც სამი წლის წინ შეიტანა ბლოკში გაწევრიანების თხოვნა.

თუმცა, რადიო თავისუფლების ბალკანურ რედაქციასთან ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ „სიხარულით მიიღო“ მოწვევა „ვაგნერისგან“, კნეჟევიჩმა ასევე აღიარა, რომ იმედი აქვს, ვიზიტი სერბეთის ყოფილ პროვინციასთან, კოსოვოსთან, ათწლეულების განმავლობაში არსებულ კონფლიქტში რუსეთის „მხარდაჭერის“ საწინდარი შეიძლება იყოს.

„ჩვენი მოთხოვნილებაა, რუსეთის ხალხს დავუდგეთ მხარში, მაგრამ არსებითად ეს სერბეთისთვის მხარდაჭერაცაა, - თქვა კნეჟევიჩმა, - ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება ფართო თანამშრომლობა და დახმარება რუსეთის ფედერაციისგან და რუსეთის არმიისგან კოსოვოსთან კონფლიქტის შემთხვევაში“, - აცხადებს სერბი ულტრანაციონალისტი.

ვაგნერის ცენტრში რუსეთისა და სერბეთის ფერებში დროშა გაშალეს, წარწერით „დონბასი რუსეთია, კოსოვო სერბეთია“. დამიან კნეჟევიჩი მარჯვნიდან მესამე.
ვაგნერის ცენტრში რუსეთისა და სერბეთის ფერებში დროშა გაშალეს, წარწერით „დონბასი რუსეთია, კოსოვო სერბეთია“. დამიან კნეჟევიჩი მარჯვნიდან მესამე.

კოსოვოს, უპირატესად ალბანელებით დასახლებულ ოლქს, რომელიც სერბეთის შემადგენლობაში იყო, გაერო მართავდა 1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, სისხლიანი ომის შემდეგ, რომელმაც ეთნიკურ ნიადაგზე იფეთქა და რასაც საბოლოოდ ნატოს მიერ ბელგრადისა და სერბეთში სხვა ობიექტების დაბომბვა მოჰყვა.

ამის შემდეგ, კოსოვოს ხელმძღვანელობამ, რომელიც ძირითადად ეთნიკური ალბანელებისგან შედგება, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს, რაც აღიარა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, მაგრამ უარყო სერბეთმა და მისმა მოკავშირე რუსეთმა.

სერბეთის პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის რანგში, ხელისუფლებაში თითქმის ათწლეულის განმავლობაში მყოფმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, კოსოვოს საერთაშორისო აღიარების გაუქმების მცდელობაში მოსკოვის დიპლომატიურ მხარდაჭერასთან ერთად, მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია რუსეთის მიერ წარმოებული იარაღის იმპორტის, ისევე როგორც სტრატეგიული ინვესტიციების მიზიდვის მხრივ სერბეთის ენერგეტიკულ სექტორსა და სხვა სფეროებში.

დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთი დაადანაშაულეს სერბეთის ქალაქ ნიშში ჰუმანიტარული ობიექტის საჯაშუშო საგუშაგოდ გამოყენებაში. ბრალდება ორივემ უარყო.

დაძაბულობამ სერბეთსა და კოსოვოს შორის მკვეთრად იმატა გასულ წელს მას შემდეგ, როცა დაპირისპირება იყო სანომრე ნიშნების აღიარების, საგზაო-გამშვები პუნქტების მოწყობისა და სერბეთისა და კოსოვოს საზღვრის სიახლოვეს საერთაშორისო ძალების გაძლიერების გამო. გასულ თვეში ევროკავშირის შუამავლობით მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს.

რუსი ოფიცრები ეწვივნენ სერბეთის სამხედრო ბაზებს ამ რეგიონში, რათა საზოგადოების ყურადღება მიექციათ მოსკოვის მტკიცე სურვილისაკენ, რომ რეგიონში გავლენის ქონა სურს.

ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ბოლო დროს გააძლიერეს ძალისხმევა კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების მოგვარების შესახებ ჩიხში შესული მოლაპარაკებების გასაახლებლად.

სერბეთი ე.წ. დასავლეთბალკანურ უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს და ევროპის კავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია 2012 წლიდან.

სირიასა და აფრიკაში მებრძოლ რაზმთან აშკარა კავშირის ქონის არაერთგზის უარყოფის შემდეგ, პრიგოჟინმა ახლახან აღიარა, რომ „ვაგნერი“ დააარსა 2014 წელს „სამხედრო პოლიგონზე“ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით.
სირიასა და აფრიკაში მებრძოლ რაზმთან აშკარა კავშირის ქონის არაერთგზის უარყოფის შემდეგ, პრიგოჟინმა ახლახან აღიარა, რომ „ვაგნერი“ დააარსა 2014 წელს „სამხედრო პოლიგონზე“ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით.

პრიგოჟინის მიერ დაქირავებულ „ვაგნერის“ მეომრებს უფლებადამცველი ორგანიზაციები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბიასა და - რეგულარულ რუსულ ჯარებთან ერთად - სირიაში კონფლიქტების დროს ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს.

მაგრამ მათ ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უკრაინაში მიმდინარე ომში, ნაწილობრივ იმ წარუმატებლობების ფონზე, რომლებიც, ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუს სამხედროებსა და დაზვერვას მიეწერება.

უკრაინის ბრძოლებში „ვაგნერის“ ჯარების მონაწილეობის გადმოცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გარდა, სანდო ცნობები იტყობინება, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერის“ სხვა წარმომადგენლები რუსეთის ციხეებს სტუმრობდნენ და უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცების გადასაბირებლად. ისინი მათ ჰპირდებოდნენ ამნისტიასა და ხელფასს, რომელიც ბევრად აღემატება საშუალო ხელფასს რუსეთში.

კნეჟევიჩის მგზავრობას „ვაგნერის“ მიწვევით შეუერთდა ალექსანდრ ლისოვიც, რომელიც რუსულ-სერბული ცენტრის, „ორლოვის“ ხელმძღვანელია. „ორლოვი“ Telegram-ის, ომის მომხრე ჯგუფის, Z-Orlovi-ს უკან დგას.

სერბეთის პროკურატურამ ამ ზაფხულს საქმე აღძრა Z-Orlovi-ის მხრიდან სავარაუდო საფრთხის გამო, რომლის სამიზნეც ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები იყვნენ სერბეთში.

კნეჟევიჩის „სახალხო პატრულს“ თავისი გახმაურებული საქმიანობის ფარგლებში, დიდი ხანია სამიზნეში ჰყავს ამოღებული მიგრანტები. ის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ასევე ორგანიზებას უწევდა მოსკოვის მხარდამჭერ დემონსტრაციებს ბელგრადში.

კნეჟევიჩმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი მოგზაურობა სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი იყო ფეხბურთის ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით 22 ნოემბერს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასა“ და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შორის.

ამ მატჩის დროს, რომელიც დაგმეს ბიზნესის და სპორტის დასავლელმა კრიტიკოსებმა, რადგან ის გაიმართა რუსეთის მიერ წამოწყებული ომის პერიოდში, სავსე სტადიონზე ასობით მეტრის სიგრძეზე სერბულ-რუსული ბანერის გაშლა იყო დაგეგმილი.

კნეჟევიჩმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „სიხარულით მიიღო“ „ვაგნერის“ მოწვევა, თუმცა, თქვა, რომ არასდროს უმუშავია კომპანიასთან და მასთან პირდაპირი კავშირი რაიმე ფორმით არ ჰქონია.

„ბევრი შეხება მაქვს ადამიანებთან, ვინც ფრონტის წინა ხაზზე არიან [უკრაინაში] და მათთან, ვინც წვრთნებს გადის, მაგრამ არასდროს მქონია კონტაქტი „ვაგნერის“ ხალხთან, თუმცა ვიცნობ რამდენიმე სერბს, ვინც მის რიგებში ირიცხებოდა“.

ბელგრადის უმაღლესმა სასამართლომ 2017 წელს სერბეთის ერთ მოქალაქეს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა „ვაგნერის“ რაზმში სამსახურის გამო, რაც პირველი გამოცდა გახდა იმისა, თუ როგორ იცავს სერბული მართლმსაჯულება კანონებს, რომლებიც კრძალავს უცხო ქვეყნებში ბრძოლას.

სასამართლოებმა სხვა არაერთი საქმეც განიხილეს, მაგრამ რუსების ან რუსეთის მომხრე სეპარატისტების მხარეს ბრძოლის გამო სერბ მეომრებს მხოლოდ სიმბოლური ან მინიმალური სასჯელი შეუფარდეს. ბელგრადში უკრაინის საელჩომ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ არაფერი იცის „ვაგნერთან“ კნეჟევიჩის კავშირების შესახებ და გამოთქვა გაფრთხილება, რომ ამგვარი შეხვედრები სერბეთის უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საელჩო წერს, რომ ამგვარი კავშირები პირველ რიგში უნდა აწუხებდეს სერბეთის უშიშროების უწყებას, რადგან ამ ქვეყნის კანონმდებლობა არა მხოლოდ ტერორიზმს კრძალავს, არამედ - დაქირავებული რაზმების წევრობასაც. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის კანონმდებლობით აკრძალულია კერძო გასამხედროებული ჯგუფების შექმნა და, ამდენად, „ვაგნერის“ საქმიანობა უტოლდება „ტერორისტული ორგანიზაციის“ ქმედებას. სერბეთის სისხლის სამართლის კოდექსი 2014 წლიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს უცხო ქვეყნებში სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობას და ამგვარი ქმედებისთვის ითვალისწინებს ექვსი თვიდან ხუთ წლამდე პატიმრობას. უფრო მკაცრად, ათი წლით პატიმრობით ისჯება ამგვარი მონაწილეობის ორგანიზება.

ალექსანდრ ვულინმა რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მან „ანტირუსული ისტერიის ნაწილი“ უწოდა.
ალექსანდრ ვულინმა რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მან „ანტირუსული ისტერიის ნაწილი“ უწოდა.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ ვულინი, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სერბეთის დაზვერვას განაგებდა, ევროპელი პოლიტიკოსების იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მოსკოვში ჩავიდნენ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მან „ანტირუსული ისტერიის ნაწილი“ უწოდა.

ბელგრადის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორი, დარკო ობრადოვიჩი თვლის, რომ სერბეთის ხელისუფლება „უნდა გაერკვეს ამ საქმეში“. მისი თქმით, „ვაგნერი“ მონადირეთა კავშირი ან უსაქმურების საზოგადოება არ არის, ეს არის საშიში შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის სუვერენულ სახელმწიფოს და გარეულია უამრავ სკანდალში, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორიცაა ომის წესების დარღვევა აფრიკის კონტინენტსა და ახლო აღმოსავლეთში“. ობრადოვიჩის აზრით, სხვა მიზნებთან ერთად, რუსეთის თავდაცვითი ძალისხმევა მიმართულია რუსეთის სამხედრო ჯგუფების პოტენციური მოკავშირეების რადიკალიზაციისკენ. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები სხვადასხვა დონეზე მოქმედებენ და ერთ-ერთი დონე ეს იდეოლოგიური ინდოქტრინაციაა“, თქვა მან.

მანამდე სირიასა და აფრიკაში მებრძოლ რაზმთან აშკარა კავშირის ქონის არაერთგზის უარყოფის შემდეგ, პრიგოჟინმა ახლახან აღიარა, რომ „ვაგნერი“ დააარსა 2014 წელს „სამხედრო პოლიგონზე“ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით.

შემდეგ, გასულ თვეში, მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავისი ამ საქმიანობის გასაჯაროებისკენ და წარმოადგინა თავისი შტაბბინა და ტექნოლოგიური ცენტრი სანქტ-პეტერბურგში.

ის, როგორც იტყობინებიან, ამასთან ამბობს, რომ მისი საქმიანობა გულისხმობს ასევე „ახალი იდეების“ განვითარებასრუსეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

კნეჟევიჩმა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთში, განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში სამხედრო-ტექნოლოგიურ ცენტრში სტუმრობისას პრიგოჟინს არ შეხვედრია.

„რომ შევხვედროდი, დამერწმუნეთ, არ დავმალავდი“, დასძინა მან.

XS
SM
MD
LG