Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პუტინის მზარეულის” მკვლელებმა ტიკტოკზე მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვეს


ყოფილი რუსი მებრძოლის, ევგნერი ნუჟინის მკვლელობის ვიდეო 13 ნოემბერს გავრცელდა.
ყოფილი რუსი მებრძოლის, ევგნერი ნუჟინის მკვლელობის ვიდეო 13 ნოემბერს გავრცელდა.

სისასტიკით ცნობილმა რუსულმა სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერმა” სახელი “ტიკტოკზეც“ გაითქვა. ამერიკულმა NewsGuard-მა იპოვა ათეულობით ვიდეო, სადაც ხოცავენ, ძალადობენ და მოუწოდებენ სხვებს უკრაინელების მოკვლისკენ. რუსი მებრძოლის, ევგენი ნუჟინის მკვლელობა მილიონობით ადამიანმა ნახა.

კვლევითი ორგანიზაცია NewsGuard-ის მიერ ნაპოვნი ძალადობის და ძალადობის მოწოდების ამსახველი 160 ვიდეოდან 14-ში ჩანს, თუ როგორ კლავენ ევგენი ნუჟინს უროთი. ვიდეოების უმეტესობა “ტიკტოკზე“ საბოლოოდ კი წაიშალა, თუმცა იქამდე მხოლოდ ერთ ვიდეოს 900 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა.

55 წლის მებრძოლი და ყოფილი პატიმარი, სანამ მას “ვაგნერი” გადაიბირებდა, რუსეთში 28-წლიან სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. ზაფხულში ის უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა. რამდენიმე თვეში სავარაუდოდ ტყვეთა გაცვლის შედეგად ისევ რუსეთში აღმოჩნდა. მისი “სიკვდილით დასჯის” ვიდეო 13 ნოემბერს, "ვაგნერთან" დაკავშირებულ რუსულ ტელეგრამარხზე გავრცელდა.

ამ ვიდეოს 14 ასლიდან, 4 “ტიკტოკზე“ კვლავ იძებნება. არადა, სოციალურ ქსელში აკრძალულია ისეთი ვიდეოების ატვირთვა, რომელიც “აქეზებს, აჩვენებს ან ამართლებს ძალადობრივ ქმედებებს”.

გარდა ამისა, NewsGuard-მა დაასკვნა, რომ “ტიკტოკის“ ალგორითმი თავადაც აქტიურად ავრცელდებდა “ვაგნერის” ვიდეოებს. მაგალითად, როცა მკვლევრები საძიებო ველში სიტყვა “ვაგნერს” წერდნენ, პლატფორმა სთავაზობდა “ვაგნერი სიკვდილით დასჯა“-ს და “ვაგნერი ურო“-ს.

“ვაგნერთან“ დაკავშირებული ვიდეოები ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება. თუმცა არამხოლოდ. მილიონობით ნახვა დააგროვეს ვიდეოებმა, სადაც ჩანს სირიის მოქალაქის, მოჰამედ ტაჰა ისმაილ ალ აბდულაჰის მკვლელობა. რუსული დამოუკიდებელი გამოცემის, “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, 2017 წელს იგი “ვაგნერის” წევრებმა ასევე უროთი მოკლეს. მიზეზი კი ის იყო, რომ მან ჯარიდან გაქცევა სცადა.

NewsGuard-ის მიერ ნაპოვნი დანარჩენი ვიდეოები, სავარაუდოდ, “ვაგნერის” მხარდამჭერების მიერ იყო გადაღებული. ვიდეოებში ისმოდა უკრაინელთა დახოცვის მოწოდებები, ავტორები მათ “ნაცისტებს” ეძახდნენ.

“პუტინის მზარეულის” ჯარი

სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფინანსებელია რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი. მას “პუტინის მზარეულის” მეტსახელით იცნობენ, რადგან კრემლის კარიერულ კიბეზე აღმასვლა, თავის დროზე, ვლადიმირ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ბანკეტების ორგანიზებით დაიწყო.

Bellingcat-ი, Der Spiegel-ი და სხვა გამოცემები დიდი ხანია წერენ, რომ პრიგოჟინის ჯარი “მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მისი დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, ГРУ-სთან“.

2014 წლიდან, “ვაგნერელები” იბრძოდნენ აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში. მარტის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც კრემლს “ბლიცკრიგი” ჩაეშალა, უკრაინაზე გადაერთვნენ. დაჯგუფების წევრებს სირიაშიც და უკრაინაშიც, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზაფხულიდან მოყოლებული პრიგოჟინი პირადად ჩადიოდა რუსეთის სხვადასხვა ციხეში და არწმუნებდა პატიმრებს, “ვაგნერის” წევრები გამხდარიყვნენ და უკრაინაში ეომათ. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, რუსმა უფლებადამცველებმა გამოიანგარიშეს, რომ უკრაინაში სამი ათასამდე პატიმარი იბრძოდა.

ძირითადად, მოზარდები

ვიდეოპლატფორმა “ტიკტოკის” მფლობელია ჩინური კომპანია ByteDance-ი. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია მსოფლიოში, მაყურებელთა დაახლოებით 43 პროცენტი 18-24 წლისაა. თუმცა ბევრ ქვეყანაში, “ტიკტოკის“ მთავარი მაყურებლები მოზარდები არიან. მაგალითად, აშშ-ში “ტიკტოკის“ მომხმარებელთა თითქმის მესამედი 10-დან 19 წლამდეა.

BBC-ს თხოვნის პასუხად, “ტიკტოკის“ წარმომადგენელს კომენტარი გაეკეთებინა NewsGuard-ის დასკვნაზე, მან თქვა, რომ “ტიკტოკი არ არის ადგილი ძალადობისკენ მოწოდებებისთვის” და ყველა ვიდეო, რომელიც არღვევს პლატფორმის წესებს, აუცილებლად წაიშლება. თუმცა, ჯერ კიდევ ხუთშაბათს ვიდეოების ნაწილი ისევ იძებნებოდა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG