Accessibility links

site logo site logo

მეორე ტური მხოლოდ "ოცნებისთვის" და ახალი არჩევნების იმედი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. არჩევნების მეორე ტურისთვის მხოლოდ „ქართული ოცნება“ ემზადება; ოპოზიციური პარტიები ახალ კენჭისყრას ითხოვენ და მათი ერთადერთი შესაძლო კომპრომისი შესაძლოა დაუკავშირდეს მხოლოდ იმას, იქნება ეს ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნები.

ოპოზიცია არ აპირებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და ელოდება ხელისუფლების პასუხს - როდის ჩატარდება ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციისა და გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში - ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც ერთმანეთს 16 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვდნენ.

„როდესაც არჩევნების პირველი ტური ასე გაყალბდა და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, წარმოუდგენელია ლაპარაკი მეორე ტურში მონაწილეობაზე... პროცესი საით წავა საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ წარმართული დიალოგის ფარგლებში, ამას ვნახავთ... მაგრამ ერთი რამ არის უცვლელი - არ ვაპირებთ ვაღიაროთ არჩევნების შედეგი ... ამაში ვართ ერთიანი და ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. ოპოზიციის პროტესტი შეუვალია და არ ექვემდებარება გადახედვას... ეს დაინახა ყველამ და გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ.

ოპოზიციურ სპექტრში ერთ პოზიციაზეა ყველა პარტია, განურჩევლად იმისა, გადალახა თუ არა მან 1%-იანი ბარიერი ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად და მონაწილეობს თუ არა ელჩების შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებში.

მართალია, ამ დრომდე გამართულ ორ რაუნდს ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და მოვლენათა ამგვარ განვითარებას სულ უფრო მტკიცედ მიემხრობიან საერთაშორისო პარტნიორები.

ასეთ პროგნოზს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ არჩევნებთან დაკავშირებით 16 ნოემბერს გამოქვეყნებული მწვავე შეფასებებიც განამტკიცებს.

IRI-ის შეფასებები მიუთითებს, რომ სულ უფრო მკაცრი იქნება მიდგომა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან... სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას... დარწმუნებული ვარ, რომ მისი არაადეკვატური პოზიციები ძალიან სწრაფად შეიცვლება, რადგან ასე, ხისტი მიდგომით თვითონ „ქართული ოცნება“ იწვევს ღრმა პოლიტიკურ კრიზისს... ახლა გამოსავალი „ქართული ოცნების“ ხელშია - ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

საქართველოში დიდი ინტერესით ელოდებიან, თუ რას იტყვის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. ის თბილისში 17 ნოემბერს ჩამოვა და, ბოლო ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პატრიარქის გარდა, არასამთავრობო სექტორსაც შეხვდება.

გასულ კვირაში ვაშინგტონიდან ისიც დაზუსტდა, რომ სახელმწიფო მდივნის განსახილველ თემებს შორის - არჩევნებიც იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯერ არ იციან, მოხერხდება თუ ვერა მათი შეხვედრა მაიკ პომპეოსთან, მაგრამ მათ აიმედებთ მესამე სექტორთან შეხვედრის გეგმა და სჯერათ, რომ სახელმწიფო მდივანი ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას მიიღებს.

16 ნოემბერს ოპოზიციური სპექტრი 18 ნოემბრის აქციის დეტალებსაც ათანხმებდა. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეს არ იქნება ხმაურიანი საპროტესტო აქცია - ხალხი ქუჩაში მხოლოდ სტუმრის მისასალმებლად და გაყალბებული არჩევნების მიმართ საკუთარი პოზიციის საჩვენებლად გამოვა. ოპოზიციას სჯერა, რომ ეს ფაქტი ყურადღების მიღმა არ დარჩება საერთაშორისო მედიას, რომელიც ინტენსიურად აშუქებს სახელმწიფო მდივნის ვიზიტებს.

„ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ ჩვენ ვხვდებით სახელმწიფო მდივანს და როდესაც ასეთი რანგის დიპლომატი ჩამოდის საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია... ჩვენ მოვუწყობთ დახვედრას პატივისცემის ნიშნად და მთავარ მესიჯებში გამახვილებული იქნება ყურადღება იმ შიდაპოლიტიკურ კრიზისზე, რაც ქვეყანაშია“, - განაცხადა 16 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

„ქართული ოცნება“ კვლავ გამორიცხავს ხელახალი არჩევნების ჩატარებას და პროცესში მარტო დარჩენილი, მორიგი კენჭისყრისთვის ემზადება. ცესკოს განრიგით, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

„ქართული ოცნების“ სიის მე-20 ნომერმა, ბექა დავითულიანმა 16 ნოემბერს ისევ გაიმეორა პარტიის პოზიცია, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ბიულეტენების გადათვლაზე ნათქვამი უარიც სწორედ ამით აიხსნება.

„საჩივრების უმეტესობა არ არის არგუმენტირებული, დასაბუთებული. რაც იყო დასაბუთებული, იქიდან 40 უბანი გადაითვალა და შედეგი არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა საერთო სურათზე... პირიქით, ხელისუფლებას იმ 40 უბნის გადათვლის შედეგად მოემატა მხარდაჭერა, მცირედით, მაგრამ მაინც...

ამ ფონზე ჩვენი შეთავაზება იყო, რომ მოდით, ხალხო, რაზეც კი ვსაუბრობთ, ყველაფერი გადავთვალოთ. 1500 უბანი, ხო?! ხალხმა არჩევანი ხომ დააფიქსირა, მოდით ახლა დავთვალოთ ამ ხალხს რა უნდა... საქართველოს მოსახლეობას, ვინც არის ხელისუფლების წყარო. ამაზე ვიღებთ უარს და გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს ხელახალი არჩევნები. არა, ასე არ გამოვა, რაა...

ესენი იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სანამ თვითონ ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და არ უნდა ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში“.

საარჩევნო დავების მიმდინარეობისას, სულ 39 საარჩევნო უბნის მონაცემები გაიხსნა. აქედან, მაგალითად, 2 უბნის შემთხვევაში ოპოზიციის სასარგებლოდ, „დაკარგული“ 239 ხმა იქნა აღმოჩენილი:

ბექა დავითულიანის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გადათვლა არც ახლაა დაგვიანებული; მაგრამ ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები 14 ნოემბერს, საარჩევნო დავების ამოწურვამდე, ხმაურის ფონზე უკვე შეაჯამა.

გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიები იხსენებენ, რომ მათი და არასამთავრობო სექტორის საჩივრების დიდი ნაწილი (და მათ შორის უბნების გახსნის მოთხოვნა) არც საოლქო კომისიებში დაკმაყოფილდა და არც სასამართლოში.

ახლა კი, არჩევნებიდან თითქმის 20 დღის შემდეგ, ოპოზიციისთვის უკვე აღარ არის სანდო ის მასალები, რაც მათ ბიულეტენების ფუთების გახსნის შემდეგ შეიძლება დახვდეთ. ფიქრია ჩიხრაძე გვეუბნება, რომ სუს-ისა და ძალოვანი სტრუქტურების მობილიზებით, ხელისუფლებას საარჩევნო მასალებზე სათავისო მანიპულაციების ჩატარებაც შეეძლო.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და არის თუ არა მზად ოპოზიცია კომპრომისისთვის?

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კომპრომისული გამოსავალი შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები იყოს.

ასეთ სცენარში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევა ახალ პარლამენტში, თავად გამოცვლის საარჩევნო ადმინისტრაციას, მოამზადებს შესაბამის გარემოს და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. მაგრამ, ბოკერიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიდი დრო არც ამ შემთხვევაში აქვს:

„ეს არის ის კომპრომისი, რომელსაც „ევროპული საქართველო“ განიხილავს, რომ ხელახალი არჩევნების მაგივრად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ორივე ეს ვარიანტი ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გამოხატავს ხალხის ნებას... ვერ იქნება ამ არჩევნებსა და შემდეგ არჩევნებს შორის დიდი დრო, როდესაც მართავს ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება თუ ფიგურა - ივანიშვილი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, რომლებსაც არა აქვთ ხალხის მანდატი.

თუკი 2016 წლის ცუდმა არჩევნებმა „ოცნების“ სასარგებლო პროპორცია შეცვალა, ამ არჩევნებმა მთლიანად შეცვალა მოგებული და წაგებული... მომავალი არჩევნები იქნება ხელახალი არჩევნები თუ ვადამდელი არჩევნები, როგორც კომპრომისი, ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე“.

ამ სახის კომპრომისი ოპოზიციაში ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და იმავე გამოსავალს ხედავს სხვა არაერთი პარტიაც.

თუმცა ლაპარაკობენ ასევე სხვა ვარიანტზეც, როცა, მაგალითად - მომდევნო არჩევნები არა ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტის, არამედ ჯერ ისევ მოქმედი მე-9 მოწვევის პარლამენტის პირობებში დაინიშნოს.

თუკი „ქართული ოცნება“ საბოლოო უარს იტყვის როგორც ხელახალ, ასევე ვადამდელ არჩევნებზე, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს, რადგან დემოკრატიული ქვეყნისთვის დამაზიანებელია პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მიღებული ერთპარტიული პარლამენტი.

ოპოზიცია არ ეთანხმება მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ბოიკოტმა შესაძლოა ოპოზიციური პარტიების მარგინალიზება გამოიწვიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG