Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მეტრიანი ავტობუსები საქართველოშია - რა ხდება შემდეგ


თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები ნატახტართან, კერძო პარკინგზე დგას.

18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებზეც თბილისის სატრანსპორტო მოძრაობის მცირედი განტვირთვის ერთ-ერთი გზა გადის, საქართველოში ჩამოიყვანეს, თუმცა დედაქალაქის მერიისთვის ჯერ არ გადაუციათ. ახალი ავტობუსების მომსახურებისთვის აუცილებელი ავტობაზის მშენებლობა ახლახან დაიწყო.

ამ სტატიაში ვარკვევთ, როდის გამოჩნდებიან ახალი ავტობუსები თბილისის ქუჩებში.

18-მეტრიანი მწვანე ავტობუსები თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზთან, სატვირთოებისთვის განკუთვნილ კერძო სადგომზეა გაჩერებული. დრონიდან გადაღებულ კადრებში 5 იანვარს მათი რაოდენობა 42 იყო.

"ორ კვირაზე მეტია ავტობუსები შემოჰყავთ, ნაწილ-ნაწილ ემატება ხოლმე. სადგომიდან ჯერ არც ერთი გაუყვანიათ", - გვითხრა კაცმა, რომელიც პარკირების კურატორად გაგვეცნო.

თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსები "თეგეტა ჰოლდინგმა" დროებით ამ ავტოსადგომზე განათავსა.
თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსები "თეგეტა ჰოლდინგმა" დროებით ამ ავტოსადგომზე განათავსა.
ავტობუსები თბილისის მერიასთვის ჯერ არ გადაუციათ
ავტობუსები თბილისის მერიასთვის ჯერ არ გადაუციათ

გერმანული კომპანია MAN-ის ეს 18-მეტრიანი ავტობუსები საქართველოში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, "თეგეტა ჰოლდინგის" წევრმა Tegeta Truck and Bus-მა შემოიყვანა.

სადგომი, სადაც ავტობუსები განათავსეს, კერძოა და შპს LG Trans-ს ეკუთვნის. "თეგეტა ჰოლდინგისთვის" პარკირების საფასური თითო ავტობუსზე დღეში 20 ლარია, პლუს დღგ.

თავდაპირველად, 18-მეტრიანი ავტობუსების ვიდეო სოციალურ ქსელში ტრანსპორტის შესახებ შექმნილმა არხმა გაავრცელა. იქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ავტობუსების ნაწილი საბაჟო პროცედურების გავლას ელოდებოდა.

სადგომზე გაჩერებულ ავტობუსებს უკანა საქარე მინაზე განუბაჟებელი ავტოტრანსპორტის ნომრები აქვს. "თეგეტა ჰოლდინგში" გვითხრეს, რომ კომპანია ახლა საბაჟო და სხვა დოკუმენტების მოგვარებითაა დაკავებული.

"ავტობუსები, დროებით სადგომზეა ექსპლუატაციაში გაშვებამდე, წინასწარ მოსამზადებელ სერვისს გაივლიან. პროცედურების დასრულების შემდეგ, ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში, აღნიშნული ავტობუსები გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას", - განუმარტეს რადიო თავისუფლებას "თეგეტა ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და დაამატეს, რომ ეს ვადა 50 ავტობუსისთვის 2024 წლის პირველ აპრილამდეა.

18-მეტრიანი ავტობუსები სატვირთოებისთვის განკუთვნილ სადგომზე.
18-მეტრიანი ავტობუსები სატვირთოებისთვის განკუთვნილ სადგომზე.

სხვა ვადებს ასახელებს თბილისის მერი, კახა კალაძე.

გასული წლის 6 ნოემბერს მიუნხენში სამუშაო ვიზიტით წასულმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში ფეისბუკჩართვისას თქვა, რომ პირველი 50 ავტობუსი დეკემბრის ბოლომდე თბილისში იქნებოდა, იანვრის ბოლოდან კი მგზავრებს მოემსახურებოდა. იგივე გაიმეორა ერთ თვეში თბილისშიც.

"გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი არის და­სა­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი ავ­ტო­ბუ­სის შიგ­ნით და იან­ვრის ბო­ლოს უკვე და­ვი­წყებთ ხა­ზებ­ზე გაშ­ვე­ბას", - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი დაჯდა, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

ეს ავტობუსები 2023 წელსაა გამოშვებული, აქვს 43 დასაჯდომი ადგილი და იტევს 162 მგზავრს. მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ-ია. აქვს wifi 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, usb-დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.

ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, თავდაპირველად, მხოლოდ 4 ხაზზე ივლის. კერძოდ:

  • N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
  • N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
  • N308 (გლდანიდან ორბელიანის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
  • N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.

18-მეტრიანი ავტობუსები ავტობაზის გარეშე

18-მეტრიანი ავტობუსების მომსახურებისთვის აუცილებელია ავტობაზა. ახლა ისე გამოვიდა, რომ ავტობუსები საქართველოში ჩამოიყვანეს, თუმცა მათთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. სპეციალური სადგომი აეროპორტის მიმდებარედ ალექსეევკის დასახლებაში შენდება.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს "ქონსთრაქშენ სერვისთან" ხელშეკრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გასული წლის ივნისში გააფორმა. იმავე თვეში, როდესაც ავტობუსების შეძენის ხელშეკრულება გაფორმდა "თეგეტა ჰოლდინგთან".

ავტობაზის მშენებლობის ხელშეკრულების ღირებულება 60 495 906 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს "ქონსთრაქშენ სერვისს" ავტობაზის მოსაწყობად 18 თვე აქვს. თუმცა კონტრაქტის გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში ვალდებულია ინფრასტრუქტურა მიიყვანოს ეტაპამდე, რომელიც მინიმუმ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების ექსპლუატაციას შეძლებს. ეს თბილისის ნომერი მეოთხე ავტობაზა იქნება.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვე - 2024 წლის მაისია. ამ ვადაში ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს:

  • ავტობუსების სადგომი;
  • გაზგასამართი სადგური;
  • სამრეცხაო;
  • სარეგლამენტო მომსახურების სივრცე;
  • სადისპეტჩერო და სამექანიკო სივრცე;
  • საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა;
  • ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა;
  • ტერიტორიის შემოღობვა;
  • საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სამუშაო ინფრასტრუქტურა;
  • დაცვის სამსახურისთვის საჭირო მინიმალური ინფრასტრუქტურა.

ადგილი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზა უნდა აშენდეს
ადგილი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზა უნდა აშენდეს

ასე გამოიყურება 2024 წლის 5 იანვრისთვის ახალი ავტობაზისთვის გამოყოფილი ტერიტორია - 170 000 კვ.მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლთან. ამ ადგილამდე მოხრეშილი გზა მიდის, რომელიც, როგორც ჩანს, სპეციალურად გაიყვანეს. მუშაობს ორი ტრაქტორი მიწის მოსასწორებლად. სხვა სამშენებლო ტექნიკა ჯერჯერობით გაჩერებულია. რკინის ბადით შემოსაზღვრულ სივრცეში მცირე კონსტრუქციას ამონტაჟებენ.

ეს ტერიტორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ძალიან ახლოსაა
ეს ტერიტორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ძალიან ახლოსაა

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ავტობაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და ტერიტორიაზე არა მხოლოდ 50-ის, არამედ სრულად 160 ერთეულის განთავსება იქნება შესაძლებელი. მშენებლობის დასრულებამდე ავტობუსებს დიდ დიღომში თბილისის მერიის მეორე ავტობაზაზე განათავსებენ.

თბილისის მერიის მეორე ავტობაზა, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს.
თბილისის მერიის მეორე ავტობაზა, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს.

მერიაში არ პასუხობენ კითხვას, ირღვევა თუ არა ხელშეკრულება, რადგან უკვე 7 თვე გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ შორია იმ მომენტამდე, როცა ავტობაზის ინფრასტრუქტურა მინიმუმ 50 ავტობუსის მომსახურებას მაინც შეძლებს. შპს "ქონსთრაქშენ სერვისს" ავანსად 12 მილიონი ლარი უკვე გადაუხადეს.

რა ვიცით შპს "ქონსთრაქშენ სერვისზე"

კომპანია "შპს Construction Service"-ი (404935647) 2012 წელს დაფუძნდა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით 55%-ის მესაკუთრეა გიორგი გაბუნია, 5% წილის მესაკუთრე - თამაზ ცვარიანი, ხოლო კომპანიის 40%-ს შპს "ქისთოუნ ქონსთრაქშენი" ფლობს.

გიორგი გაბუნია "ქართული ოცნების" შემწირველია. მან მმართველ პარტიას 2016 წელს 59,000 ლარი შეწირა.

კომპანიის 40%-ის მფლობელი შპს "ქისთოუნ ქონსთრაქშენი" დაარსებიდან 2 თვეში გახდა. მან ამ წილში 1,360,000 აშშ დოლარი გადაიხადა. შპს "ქისთოუნ ქონსთრაქშენის" მესაკუთრეები არიან:

  • გიორგი პერტაია (35001016408) 12.5%
  • გივი კუბლაშვილი (60001000335) 12.5%
  • თემურ ანჩაბაძე (01201143020) 75%
გივი კუბლაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი
გივი კუბლაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი

გივი კუბლაშვილი თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო 2015-2018 წლებში. ამასთან, მან "ქართულ ოცნებას" 2020 და 2023 წელს ჯამში 120 000 ლარი შეწირა. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2014-2015 წლებში გივი კუბლაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ კომპანიაში, შპს "ელიტა ბურჯში" მუშაობდა და შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

"ელიტა ბურჯი" ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. "ელიტა ბურჯის" აშენებულია, მაგალითად, ივანიშვილის ბიზნესცენტრი. თავად "ელიტა ბურჯი" არაერთი შვილობილი კომპანიის მფლობელია, რომლებიც უძრავ ქონებას ფლობენ თბილისში, ჭორვილაში, ბათუმსა და ბაკურიანში.

გიორგი პერტაია, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი
გიორგი პერტაია, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი

გიორგი პერტაია 2011-2012 წლებში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო. გივი კუბლაშვილის მსგავსად, ისიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. 2018-2019 წლებში ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2019 წლის ივლისიდან კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

შპს Construction Service-ი ტენდერებში მონაწილეობას 2014 წლიდან იღებს და დღემდე ჯამში ბიუჯეტიდან 177,373,422 ლარი აქვს მიღებული, მათგან 63 მილიონ ლარზე მეტი - თბილისის მერიის ტენდერებიდან. ამავე კომპანიას დაუკვეთა თბილისის მერიამ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა 2021 წელს 34 968 999 ლარად.

თბილისის მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის საჭირო ავტობაზის მშენებლობის პროცედურა რამდენჯერმე წამოიწყო. 2023 წლის იანვარში სატრანსპორტო კომპანია შესყიდვების სააგენტოს სწერდა, რომ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია ღონისძიება ჩატარდეს უმოკლეს ვადებში" და ამის გამო ტენდერის გარეშე მშენებლობის დაწყებას გეგმავდა. შესყიდვების სააგენტომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მერიამ ბაზის მშენებლობა მაინც არ დაიწყო. რადგან დიდ თანხაზე იყო საუბარი, ისევ ტენდერის გზას გამოვიყენებთო, უთხრეს მაშინ რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში.
18-მეტრიანი ავტობუსების ქალაქში შემოყვანა თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ჯერ კიდევ მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, 2018 წლის ოქტომბერში, ის ამბობდა, რომ "2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსიო".

ამ ავტობუსებმა ქალაქში მოძრაობა რომ განტვირთოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიმართოს, ე.წ. სწრაფი დერეფნებია საჭირო. თბილისის მერის დაპირება იყო ისიც, რომ თბილისში 10 ასეთი დერეფანი იქნებოდა, რომლებზეც 12- და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიდნენ. არც ერთი ასეთი დერეფანი დღემდე ბოლომდე დასრულებული და ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

XS
SM
MD
LG