Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწარმეები გვირაბის ღამით გახსნაში საფრთხეებს ხედავენ


რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში
რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში

ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული სავაჭრო ობიექტების მეპატრონეთა პროტესტი გამოიწვია ქალაქის მერიის გადაწყვეტილებამ, გადასასვლელი ღია იყოს ღამის საათებშიც.

ამჟამად მიწისქვეშა გადასასვლელი გახსნილია დილის რვიდან საღამოს 8 საათამდე. ამ გადასასვლელში 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრი „გვირაბი 95“ და მცირე ზომის მაღაზიებში 90-მდე ადამიანი მუშაობს. სავაჭრო ცენტრში დასაქმებულები ამბობენ, რომ ხალხი მიწისქვეშა გადასასვლელით დღისითაც კი ნაკლებად სარგებლობს, ამიტომ გაურკვეველია, რატომ გახდა საჭირო ღამის საათებში მისი გახსნა. მათივე განცხადებით, თუ მერიის ინიციატივა განხორციელდა, იძულებულნი იქნებიან სავაჭრო ობიექტები დატოვონ, რადგან მცირე ზომის მაღაზიებში პროდუქციის დატოვება უსაფრთხო არ იქნება. მცირე მეწარმეები იმასაც ეჭვობენ, რომ გვირაბში ისეთივე ანტისანიტარია შეიქმნება, როგორიც ქუთაისის ორ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელშია.

რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში
რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში

მიწისქვეშა გადასასვლელის ღამით ფუნქციონირებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ითხოვს სავაჭრო ობიექტ „გვირაბი 95“-ის დირექტორი ბონდო ბრეგაძე. მისი განცხადებით, ამჟამად ობიექტს ემსახურება დაცვის ორი თანამშრომელი, რომლებსაც იარაღის ტარების უფლება არა აქვთ, ღამით გვირაბის გახსნის შემთხვევაში კი, შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ. ბონდო ბრეგაძის თქმით, არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის გახშირებული ფაქტების გამო აუცილებელია დამონტაჟდეს ვიდეოთვალი და პოლიცია პატრულირებდეს.

რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში
რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში

თავის მხრივ, ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი საზოგადოებრივი სივრცის ნაწილია და აუცილებელია ღია იყოს ღამის საათებშიც. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას განცხადებით, თუ ბიზნესოპერატორთან მოლაპარაკება არ შედგა და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მიწისქვეშა გადასასვლელი ღამით არ გაიხსნა, მერია შესაბამის სანქციებს გაატარებს. ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, მერია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, რათა მოვაჭრეები არ დაზარალდნენ და მათი ქონება დაცული იყოს.

ქუთაისის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ღამის საათებში გახსნის თაობაზე ქალაქის მცხოვრებთა აზრი არაერთგვაროვანია. ნაწილი ამბობს, რომ ამ გადასასვლელით საერთოდ არ სარგებლობს, რადგან რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩებზე ზებრაგადასასვლელებია დახაზული, ღამით კი ინტენსიური საავტომობილო მოძრაობა აღარ არის.

რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში
რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისის ცენტრში

ქუთაისში სულ სამი მიწისქვეშა გადასასვლელია, მათ შორის ყველაზე დიდია ქალაქის ცენტრში რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარე გვირაბი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების ოთხ ადგილს. ნიკეას ქუჩასა და ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებიც მერიის საკუთრებაშია და ბოლო წლებია თვითმმართველობა უშედეგოდ ცდილობს მათ გასხვისებას. მიწისქვეშა გადასასვლელები არაერთხელ დაასუფთავეს, თუმცა ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა მათ იყენებს არა უშუალო დანიშნულებით, არამედ ტუალეტად და ნარჩენების დასაყრელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG