Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე არ ვარ კიტოვანი


რა სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ მრავალწლიანი პროპაგანდით შეიარაღებული საშუალო სტატისტიკური აფხაზისთვის ჩვენ და თენგიზ კიტოვანი "ერთი მხარე" ვართ - ქართველები...

დამთრგუნველ ვიდეოში, სადაც აფხაზი ეროვნების ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს 80 წელს გადაცილებულ პუტჩისტს (როგორც მას 90-იანებში მოიხსენიებდნენ და რაც უდავოდ იყო), მხოლოდ ის კი არ ყოფილა მძიმე სანახავი, თუ რა საშინელებაა, როცა, თუნდაც ხსენებული პუტჩისტის მსგავსი ისტორიული დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლების სურვილი უჩნდება ვიღაცას, არამედ ისიც, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ აღმოვაჩინეთ (თუ გავიხსენეთ), რომ ამ "საშუალო სტატისტიკური აფხაზისთვის" საქართველო და ქართველები ჯერ კიდევ "კიტოვანია", მით უმეტეს, რომ ამ სტერეოტიპის განმტკიცებას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, კრემლის გაქნილი პოლიტტექნოლოგებიც უწყობს ხელს.

ალბათ, ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, ვინც რაიმენაირ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო იდენტიფიკაციას მოახდენდა ხანდაზმულ ვაიგენერალთან, უფრო პირიქით, მისი სახელისა და გვარის მარტო წარმოთქმაც კი თბილისის ომსა და აფხაზეთის ტრაგიკულ ავანტიურას გვახსენებს ტრავმულად - კიტოვანი შეცდომებით, ღალატითა და ტრაგიზმით აღსავსე წარსულის აჩრდილია, ოცდაათი წლის წინანდელი აბსურდის, ძველი და შეძლებისდაგვარად მივიწყებული კოშმარის, რომელიც თურმე ვიღაცისთვის ისევ ჩვენთან ყოფილა კავშირში...

ამ დროს - სად ჩვენ, სად ის? რა გვაკავშირებს კრებსით თუ კონკრეტულ კიტოვანთან, თუ არა არარეფლექსირებული წარსული?! წარსული, რომელსაც, მართალია, დავიწყებითა და მიუღებლობით გამოვუტანეთ განაჩენი, მაგრამ ვერასდროს მოვიცალეთ მისი გააზრებისთვის. თუმცა საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა - საშუალო სტატისტიკური აფხაზისგან განსხვავევით - მეტწილად მაინც დაივიწყა და შეიძულა კიდეც ეს წარსული (შეიძლება ომში მარცხის, შეიძლება განვითარების სურვილის ან ბევრად მეტი შესაძლებლობის გამო), იქ კი, ასევე მეტწილად, წარსული ისევ ფუნქციური და ხელოვნურად აქტუალიზებულია - რომ არა მისავიწყებლად განწირული ხელოვნური კონფლიქტის შენარჩუნებაზე გახარჯული ჯაფა, ეჭვი მეპარება, თანამედროვე ქართველს და აფხაზს, ან ოსს ან ქართველს, დღეს კვლავაც 90-იანების მოდელის მიხედვით ვერ აეტანათ ერთმანეთი.

წარმოიდგინეთ ცივილიზებული სივრცე, ვთქვათ, ევროკავშირი (რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზებული სივრცეა ჩვენი დროის ვულგარულ მსოფლიოში), სადაც ქართველს, აფხაზსა და ოსს შორის არა მათი შემზღუდავ-დამმორჩილებელი იმპერიალისტურ-მილიტარისტული კრემლი, არამედ კონფლიქტის რეალურად მოგვარებაზე ორიენტირებული სტრუქტურა იდგებოდა, ურთიერთსიძულვილის ხელოვნური ესკალაციის შესაძლებლობა, სულ მცირე, უმდაბლეს ნიშნულამდე იქნებოდა დასული, დროთა განმავლობაში კი საერთოდ გაილეოდა კიდეც, რადგან ვინც რა არ უნდა იქადაგოს ბოროტებით ტკბობაზე, ადამიანებისათვის - გინდა აფხაზი იყოს ის, გინდა ოსი, გინდა ქართველი ან რუსი - ზოგადად არაბუნებრივია ბოროტებით საზრდოობა და მშვიდობისა და თავისუფლების მიუღებლობა.

იმპერიალიზმი ხელოვნურად გვაბამს მოუგვარებელ წარსულზე, შეუძლებელს ხდის ნორმალურ კომუნიკაციას და თავისი მიზნების სასარგებლოდ გვაუცხოებს ერთმანეთისგან, ამ დროს, ასეა თუ ისე, ყველანი ერთ ბედს ქვეშა ვართ, რაკი შეუძლებელია გადარჩენა და კარგად ცხოვრება არ გვინდოდეს ამ მრავალსიმართლიან, ანუ სიცრუით გატენილ სამყაროში.

დარწმუნებული ვარ (რადგან არაერთხელ გავმხდარვარ ამის მოწმე), რომ არც აფხაზურ და ოსურ სოციუმში არ უნდათ სიძულვილში ჩაბეტონებული წარსულით არსებობა, ისევე როგორც დღევანდელი დღის რუსს - არ ვიცი, რამდენ მილიონს (ერთი ჩემი კოლეგა ამბობდა, რომ რუსეთში თოთხმეტი მილიონია ასეთი), - შეუძლებლად მიაჩნია ჩვენთვის, მისთვის და მსოფლიოსთვის სახიფათო რეჟიმის პირობებში ცხოვრება, მაგრამ რეჟიმიც ხომ სწორედ იმის რეჟიმია, რომ არა შენს, არამედ თავის სასარგებლოდ გაცხოვროს.

ამრიგად, მეტ-ნაკლებად ყველა იმ ანაქრონიზმის მძევლები ვართ, სადაც N აფხაზს, რომელსაც ისტორიის და წარსულის რეფლექსირების პირობები არ აქვს (და, შესაბამისად, არც რეფლექსიის უნარი აქვს პირობების არქონის გამო), ისტორიულად არარეფლექსირებული კიტოვანი ხვდება ისტორიის რეფლექსიის ამკრძალავ პუტინისტურ რუსეთში და რაკი წარსულს ობიექტურად არც თბილისში, არც სოხუმში და არც მოსკოვში არ გამოეტანა განაჩენი, ის მატარებელი, რომელშიც ერთად აღმოჩნდნენ ოთხმოცდაათიანების ქართველი და ოთხმოცდაათიანებში ჩარჩენილი აფხაზი, ჯერაც არ გამოსულა და კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვა უსამართლობით დაბნელებული ლაბირინთიდან, რადგან ეს მატარებელი - როგორც პირდაპირი, ასევე ალეგორიული მნიშვნელობით - ათწლეულებია იმპერიის მიერ დანაღმულ მიწებზე მოძრაობს...

შემთხვევითი სულაც არ არის, რომ პირქუში დოსტოევსკი სწორედ მატარებელში შეხვედრით იწყებს ხოლმე თავის უიმედო რომანებს.

ეს წარსულის მატარებელია, უკვე წასული და ვერსად მისული, აჩრდილად ქცეული, მაგრამ მაინც საშიში უკვდავი მკვდრების ხომალდი-მოჩვენებასავით, სადაც ადამიანები კი არა, არამედ მათი დაბეჩავებული ანარეკლები ეხლებიან ერთმანეთს, სადაც ეს უბედური კიტოვანიც კი აღარ ჰგავს იმ ამაზრზენ და სიბრიყვეში თავდაჯერებულ სასტიკ "გენერალ კიტოვანს" - ეს უბრალოდ არარეფლექსირებული და შიშისგან გახევებული, დაუცველი მოხუცი კაცია, რომელსაც არათუ მე, ჩემს თაობას, ჩემზე უფროსებს თუ უმცროსებს, არამედ მასაც კი შეეძლო ამის თქმა: "თქვენ რაღაც გეშლებათ, მე არ ვარ კიტოვანი".

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად არ ვართ...

მე არ ვარ კიტოვანი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:21 0:00
გადმოწერა


  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG