Accessibility links

„მე ვარ არუთი...” - საფლავის ქვები მშრალი ხიდიდან


მშრალ ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს საფლავის ქვები, რომლებიც ქვაფენილად იყო გამოყენებული. „თბილისის განვითარების ფონდი“ ახლა სპეციალისტების დასკვნას ელოდება, რომ განსაზღვროს სად და როგორ გამოიყენოს ისინი.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ქვები ქალაქის ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი თავია:

„მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, თბილისის პირველი გენგეგმის მიხედვით, ქალაქის იერსახე სრულად შეიცვალა. თბილისისთვის მაშინ ბევრი არეალი დაიკარგა, მათ შორის გაუქმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაფლაო: რამდენიმე სომხური სასაფლაო, მათ შორის ხოჯევანქის სასაფლაო, კათოლიკური, მუსულმანური, ვერის ძველი სასაფლაო და ა.შ. უბრალოდ, კომუნისტებმა ეს საფლავის ქვები გამოიყენეს პრაგმატულად, შეხედეს როგორც სამშენებლო მასალას და გამოიყენეს იმ პროექტებში, რომლებიც მაშინ განხორციელდა“.

ცირა ელისაშვილის სიტყვებით, ასეთი ქვებია გამოყენებული ცირკის ასასვლელში:

“ბორდიურები და კიბეები გაკეთებულია ამ ქვებით. ასეთი ქვებია გამოყენებული ჩელუსკინელების ხიდზე, იმელის შენობაში, ასევე არის გამოყენებული გმირთა მოედანზე, ე.წ. 11-სართულიანი შენობის პირველ, ქვედა, რეგისტრში“.

ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ აღმოჩენილი საფლავის ქვების მომავალი განსჯის საგანი უნდა გახდეს, თუმცა ის ემხრობა აზრს, რომ ქვები ისევ მშრალი ხიდის მოსაპირკეთებლად გამოიყენონ.

„მართალია, ეს ტრაგიკული, მაგრამ ამ ქალაქის ურბანული ისტორიის ნაწილია, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ისევ ადგილზე უნდა დარჩეს ქვაფენილად. უბრალოდ, ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, რომ აქ არის ეს საფლავის ქვები გამოყენებული“.

ცირა ელისაშვილის სიტყვებით, ქვები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ზუსტი იდენტიფიცირება, თუ რომელი საფლავის ქვებია. ამ საკითხის შესწავლა საზოგადოებას მისცემდა საშულებას მეხსიერებაში შეენახა ქალაქის ტრაგიკული ისტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG