Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება დონბასის დასაცავად - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 აპრილს

დიდი ბრძოლის წინ

რუსეთი კიევის ოლქიდან გავიდა, თუმცა ახლა ყველას ყურადღება დონბასისკენაა მიპყრობილი, სადაც უკრაინა ახალ შეტევას მოელის, დიდი მასშტაბებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო ექსპერტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის არმია შეეცდება მთლიანად დაიკავოს დონბასი და შექმნას სახმელეთო დერეფანი ლუგანსკს, დონეცკსა და ანექსირებულ ყირიმს შორის.

სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთის არმიას ასევე მიეცემა პაუზის აღების და ზაფხულის ომისთვის საჭირო რეზერვების მოზიდვის საშუალება.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ გადამწყვეტი იქნება ბრძოლა კიევის აღმოსავლეთით 300 კილომეტრში მდებარე ქალაქ სლავიანსკისთვის, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და, რომლისკენაც მიიწევს ქალაქ იზიუმის აღების შემდეგ რუსეთის I სატანკო არმია.

მოსალოდნელი ომი უკვე შეადარა მეორე მსოფლიო ომის მასშტაბებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. რეგიონში ევაკუაცია წინა კვირას გამოცხადდა და ახლა მთავარი კითხვებია - როგორ შეუტევს რუსეთი და როგორ დაიცავს თავს უკრაინა? ამის შესახებ წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

დამოკლდა თუ არა გზა ევროკავშირისკენ? - რას ნიშნავს ევროკომისიის კითხვარის მიღება

კითხვარი, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას ევროკომისიამ 11 აპრილს ლუქსემბურგში, ხოლო უკრაინას 9 აპრილს, კიევში გადასცა, შეკითხვების კრებულია - უკვე გაკეთებული საქმის შესაფასებლად და იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცედურული ეტაპია, რის შემდეგაც ევროკომისია რეკომენდაციებს მოამზადებს ევროკავშირის საბჭოსთვის.

მოლდოვა ოფიციალურად იუწყება, რომ მის კითხვარში 369 შეკითხვაა. ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ საქართველოს საგარეო უწყებისგან, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის ინგლისურენოვანი პორტალის - Agenda.ge-ს ცნობით, საქართველოს კითხვარიც 369 პუნქტისგან შედგება.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანას ევროკომისიამ 40-გვერდზე გაწერილი 368 შეკითხვა გადასცა.

ექსპერტების ვარაუდით, შეკითხვების რაოდენობა შესაძლოა შემცირებული იყოს - ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების სეგმენტის ხარჯზე, რადგან, მათი თქმით, ამ კუთხით ბრიუსელი ისედაც საქმის კურსშია.

რა კითხვებზე მოგვიწევს პასუხების გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაგლოევის გარშემო სხვა ოპოზიციური კანდიდატები ერთიანდებიან

ალან გაგლოევი მომხრეებსა და სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან ერთად წუხელ ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გავიდა. მან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აჯობა.

ოკუპირებული რეგიონის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის გამოცხადება დაასწრო მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. მან პირველ ტურში დამარცხება აღიარა და ამით მოედანზე შეკრებილი ხალხიც დაიშალა. ბიბილოვმა კომისიის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა მეორე ტურში ბრძოლისთვის, ოსმა ხალხმა კი არჩევანი ორ იდეოლოგიას შორის უნდა გააკეთოს.

რას გულისხმობდა ბიბილოვი ორ იდეოლოგიაში, არ დაუკონკრეტებია, თუმცა რთული მისახვედრი მისი მთავარი კონკურენტისთვის არ ყოფილა, რომ ეს რუსეთთან შეერთების საკითხს ეხებოდა.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

ნიკა კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს

ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ საქმის მოსამართლეს, დავით მგელიაშვილს მიმართა და სამართლიანი სასჯელის გამოტანა სთხოვა.

მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში შედგება უკრაინაში ვიზიტი - გამოხმაურებები განცხადებაზე

უკრაინაში საქართველოდან უმაღლესი რანგის ვიზიტების ორგანიზებისთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალურად მოითხოვს კიევისგან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას.

მისი თქმით, ზოგადი მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ უმაღლეს დონეზე შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა აქ არის წინაპირობები.

კობახიძის თქმით, უკრაინამ გადადგა „შეურაცხმყოფელი ნაბიჯები“ საქართველოს მიმართ. მან ახსენა ელჩის გაწვევა, უკრაინის დაზვერვის განცხადება რუსეთისკენ კონტრაბანდული საქონლის გატარებაზე და „რადიკალური ოპოზიციის ლიდერების“ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინაში. მან ჩამოთვალა სააკაშვილის, ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის გვარები. აქვე დაამატა, რომ მათ „პირდაპირ კავშირს უკრაინის ხელისუფლებასთან უზრუნველყოფს“ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, ისედაც ფიქციური ხელმძღვანელია რეფორმების საბჭოში, რატომ არის შეუძლებელი, არ ვიცი. თუ მეგობრობის სურვილი აქვთ, ეს შეიძლება მოგვარდეს ერთ წამში. ან ადეიშვილი რა რჩევებს აძლევს გენპროკურორს, რომ მისი გათავისუფლება არის შეუძლებელი, ან ლორთქიფანიძეს რა გამოცდილება აქვს დაზვერვის სფეროში? ძალიან კარგად ვიცით, რისი გამოცდილებაც აქვს რეალურად, ეს არის ტერორის გამოცდილება. სამივე არის ტერორის გამოცდილებით აღჭურვილი ადამიანი, - სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში, რატომ არის შეუძლებელი მათი გათავისუფლება? ერთ წამში შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის ხელისუფლებას, ამას სჭირდება ერთადერთი რამ, მეგობრობის სურვილი ხელისუფლებებს შორის. თუ ეს სურვილი დაფიქსირდება, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე განხორციელდება ვიზიტი“, - განაცხადა კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა

მოსკოვში, თავის სახლთან დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა, - ამის შესახებ სოციალური მედიით იუწყება მისი მოკავშირე, ოპოზიციონერი ილია იაშინი.

კარა-მურზას ადვოკატის, ვადიმ პროხოროვის თქმით, დაკავებული წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხამოვნიკის რაიონულ განყოფილებაში, თუმცა ადვოკატს მასთან არ უშვებენ.

ტელეგრამის არხ SOTA-ს თანახმად, კარა-მურზას ბრალი ედება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. პოლიტიკოსს საპატიმროში ღამის განმავლობაში ტოვებენ.

2015 და 2017 წლებში კარა-მურზა საავადმყოფოებში მოხვდა კრიტიკულ მდგომარეობაში, მძიმე მოწამვლის სიმპტომებით. საფრანგეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა მძიმე მეტალების ნორმაზე გაცილებით მეტით კონცენტრაცია პოლიტიკოსის ორგანიზმში. კარა-მურზა მიმართავდა საგამოძიებო კომიტეტს, მაგრამ თავდასხმის საქმის აღძვრაზე მას უარს ეუბნებოდნენ.

წაიკითხე მეტი.

პირველი მსოფლიო კიბერომი - რუსეთი ჯერჯერობით მასშიც მარცხდება

რუსები უკრაინასთან კიბერომშიც მარცხდებიან. მათი ყველა მცდელობის მიუხედავად, უკრაინაში ინტერნეტი და სამთავრობო საიტები გამართულად მუშაობს. ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსეთთან ომში ინტერნეტი მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება როდია, ინტერნეტი დაცვაა.

ომის დაწყებისთანავე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები შიშობდნენ, რომ რუსეთი უკრაინას ინტერნეტს და მობილურ კავშირს ჩაუჭრიდა. ამ შიშის საფუძველი რუსი ჰაკერების რეპუტაცია იყო.

ომის დაწყებიდან უკვე თვე-ნახევარი გავიდა და პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდა - ჰაკერებმა იმის მეასედიც ვერ მოახერხეს, რასაც ექსპერტები მათგან ელოდნენ.

„ის, რომ ინტერნეტქსელი და მობილური კავშირი კვლავ გამართულად მუშაობს, უბრალოდ შთამბეჭდავია”, - ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ ლუკას ოლეინიკი, კიბერუსაფრთხოების მკვლევარი.

8 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში ინტერნეტმომარაგება 80 პროცენტით მუშაობს. ინტერნეტი მხოლოდ აქა-იქ ითიშება. ძირითადად, რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მათ უბრალოდ მწყობრიდან გამოჰყავთ კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

ზალინა აიუბოვა ინტერიერის დიზაინერია. საქართველო პირველად 6 წლის წინ ნახა და, როგორც ამბობს, ერთი ნახვით შეუყვარდა ეს ქვეყანა. მოგვიანებით ოჯახში საშინელი სისასტიკის მოწმე გახდა და მამის მხრიდან ძალადობა პუტინის ძალადობრივ სისტემას დაუკავშირა. დაბრუნდა თბილისში და თითქმის ერთი წელია, რაც აქ ცხოვრობს. რადიო თავისუფლების პროექტში "შვილი" ზალინა აიუბოვა თავის ისტორიას იხსენებს და გვიამბობს რუსებზე, რომლებიც დღეს საქართველოს აფარებენ თავს.

XS
SM
MD
LG