Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფანჩუკი პაპუაშვილს: მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს


უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი. ლვოვი. 2022 წლის 6 აპრილი.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი. ლვოვი. 2022 წლის 6 აპრილი.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ, როცა მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.

უკრაინის პარლამენტის სპიკერის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში ჩასვლას, სანამ „უკრაინის მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას". სტეფანჩუკის წერს, რომ პაპუაშვილმა მძლავრი მხარდაჭერის მაგალითად მოიყვანა გაეროს მსგავს საერთაშორისო მოედნებზე კენჭისყრებში საქართველოს მონაწილეობა.

სტეფანჩუკი პაპუაშვილს მიმართავს, რომ უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, ყოველდღიურად ითხოვს სანქციების გაძლიერებას და სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას და არიან ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ყველა მიმართულებით ეხმარებიან და არიან ქვეყნები, რომლებიც დახმარებას უწევენ ცალკეულ საკითხებში.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ აფასებენ მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას და დღეს არაერთი ქართველი მებრძოლი უკრაინელებთან ერთად უკრაინას იცავს რუსეთისგან, ისევე, როგორც 2008 წელს უკრაინელები მხარში ედგნენ ქართველებს.

სტეფანჩუკის განცხადებით, 2008 წელს, რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან, უკრაინა საქართველოს მხარს უჭერდა პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე და საქართველო საკუთარ ცას იცავდა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. როგორც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს და ყველა, ვინც ამას აკეთებს, მოქმედებს გარემოებების, სინდისის და მოვალეობის გრძნობის მიხედვით.

8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა ადამიანური და ისტორიული ვალი, რომელსაც შეასრულებენ, "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად.

„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG