Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზარდი ვნებათაღელვა „ქსელის“ საქმის გარშემო


მრავალმა რუსმა ჟურნალისტმა, უფლებადამცველმა, პოლიტიკოსმა, მწერალმა და რეჟისორმა გააპროტესტა ე.წ. „Сети"-ს საქმეზე დამდგარი განაჩენი, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურად მოტივირებულ, უსამართლო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

საზოგადოების პროტესტი გამოიწვია რუსეთის ვოლგისპირეთის სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებამ გახმაურებულ საქმეზე, რომლის 7 ფიგურანტს რუსეთის სახელით 6-დან 18- წლამდე პატიმრობა შეეფარდა.

„თვალახვეული“ რუსული თემიდა

თანახმად გამოძიების დასკვნისა, რომელიც სასამართლომაც დაადასტურა, „ქსელი“ მიჩნეულ იქნა ტერორისტულ დაჯგუფებად, რომლის წარმომადგენლები მიზნად ისახავდნენ რუსეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

ყველაზე ხანგრძლივი,18-წლიანი,პატიმრობა შეეფარდა „ქსელის“ შემქმნელ დმიტრი პჩელინცევს, ხოლო მის თანამებრძოლ შაკურსკის - 16 წელი. ორივე სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

სასამართლო პროცესის მსვლელობისას განსასჯელებმა უარყვეს თავიანთ მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენებები, რომელიც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებმა მათ სხვადასხვა ფორმით დასტყუეს, მათ შორის დენის გამოყენებით წამების შედეგად.

გამოძიების პროცესში წამებაზე ლაპარაკობდა „ქსელის“ საქმის კიდევ ორი თანამონაწილე, ანდრეი ჩერნოვი და არმან საგინბაევი, რომლებსაც ასევე პატიმრობა მიესაჯათ - პირველს 14, მეორეს კი 6 წლის ვადით.

მაგრამ, ამ განცხადებების მიუხედავად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს არ აღუძრავს სისხლის სამართლის საქმე განსასჯელების მიმართ ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“, „ქსელის“ საქმის მონაწილეები პოლიტპატიმრების სიაში შეიტანა.

საიდუმლოებებით მოცული „ქსელის“ საქმე

ჯგუფ „ქსელის“ საქმე რუსეთში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა, რომელიც დასაბამს იღებს 2017 წლიდან.

სამი წლის წინ, ოქტომბერში, პოლიციამ დააკავა პენზელი სტუდენტი, ეგორ ზორინი, რომლის ჩვენების საფუძველზეც პროკურატურამ პეტერბურგსა და პენზაში მცხოვრები 11 მოზარდი და სტუდენტი დააკავა ტერორისტული დაჯგუფების შექმნასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით.

დაკავების მომენტში ყველა ეჭვმიტანილი 30 წელზე ნაკლები ასაკისა იყო.

სხვების საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემდეგ ეგორ ზორინს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, 2018 წელს კი მის მიმართ დაწყებული საქმე დაიხურა.

პროკურატურის ვერსიით, ტერორისტული გაერთიანება „ქსელი“ შექმნა დმიტრი პჩელნიცევმა. მას უნდა გაეერთიანებინა რუსეთში არსებული ანარქისტები და „საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლას“, იარაღის საწყობების ხელში ჩაგდებას, სამართალდამცველ ორგანოებზე თავდასხმას და იარაღის გამოყენებით ძალაუფლების ხელში აღებას.

გამოძიება ამტკიცებს, რომ „ქსელი“ დაყოფილი იყო ჯგუფებად, რომლებიც, პენზის გარდა, ფუნქციონირებდნენ ასევე სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და მინსკში.

ბრალდებულები სასამართლოს დარბაზში.
ბრალდებულები სასამართლოს დარბაზში.

ზოგიერთი ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს სანადირო თოფი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ერთი ხელყუმბარა, რაც საქმის მასალებში ფიგურირებს, ისევე როგორც საქმეში შეიტანეს და „საბრძოლო მომზადებად“ გაატარეს ჯგუფის წევრების სიარული „სტრაიკბოლზე“ და პლასტმასის ტყვიებით მიზანში სროლა.

დაჯგუფება, რომელიც, გამოძიების ვერსიით, რუსეთში ხელისუფლების შეიარაღებული ძალით დამხობას გეგმავდა, „ღრმად ინსპირირებული“ ყოფილა, ხოლო კონსპირაციის დადასტურებად გამომძიებლებმა მიიჩნიეს მიმოწერის დროს გამოყენებული გამოგონილი სახელები.

“ქსელის“ საქმეს რუსეთში უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლოზე განაჩენი გამოცხადდა, ეჭვი მზარდ პროტესტსა და აღშფოთებაში გადაიზარდა.

„ერთხელ ჩვენთანაც იქნება ნიურნბერგის პროცესი“

მას შემდეგ, რაც „ქსელის“ საქმეზე 10 თებერვალს ქალაქ პენზის სამხედრო-საოლქო სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ უკიდურესად მკაცრი სასჯელი მოითხოვა, სოციალურ ქსელში გამოჩენა დაიწყო ბრალდებულთა მიერ სასამართლოზე წარმოთქმულმა სიტყვებმა.

დმიტრი პჩელინცევმა, რომელსაც მოსამართლემ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დღევანდელი რუსეთი სტალინისდროინდელ საბჭოთა კავშირს, ხოლო რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (ФСБ) მის საბჭოთა წინაპარ НКВД-ს შეადარა.

„ჩვენმა ქვეყანამ, უფრო ზუსტად, არა იმდენად ჩვენმა, რამდენადაც იმან, რომელიც მის ადგილზე ჩვენამდე არსებობდა, ფაშიზმი დაამარცხა. და ის ადამიანები, რომლებმაც დაამარცხეს ფაშიზმი, დღემდე ცოცხლები არიან და ცოცხლები ვართ ჩვენც, მათი შთამომავლები.

მაგრამ გერმანიაში, რამდენადაც მე ვიცი, მართლმსაჯულების მხრივ ასეთი პრობლემები არ არსებობს, მიუხდავად იმისა, რომ თავის დროზე იქ იყო მესამე რეიხი და ხალხს ღუმელებში წვავდნენ. უბრალოდ, ჩვენ ჯერ არ გვქონია ჩვენი ნიურნბერგის პროცესი... და ამიტომ დღეს, როდესაც მე მაკავებდნენ და ელექტროშოკით მაწამებდნენ, ამის შემდეგ ФСБ-ს თანამშრომლები მიდოდნენ და თავიანთი ორგანიზაციის მეასე წლისთავს აღნიშნავდნენ. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავს თვლიან НКВД-ს მემკვიდრეებად. ყველას მშვენივრად გესმით, რომ არ იყო არავითარი მართლმსაჯულება და სამართლიანობა. იყო უბრალო ბანდიტიზმი“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე დმიტრი პჩელინცევმა, რომელსაც მოსამართლემ 10 თებერვალს ყველაზე დიდი სასჯელი -18-წლიანი პატიმრობა - შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ
განაჩენის გამოცხადების შემდეგ

გამოძიების პროცესში წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებდნენ სხვა განსასჯელებიც, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებოდათ, თუ რა შედეგი დადგებოდა „საჩვენებელ პროცესზე“.

„გამომძიებლები ჯერ კიდევ შუა გამოძიების დროს გვეუბნებოდნენ, რომ პროცესი იქნებოდა საჩვენებელი: თქვენ ციხეში ჩასხდებით, რათა სხვებმა ისწავლონ ჭკუა, ანტიფაშისტებმა და ანარქისტებმა, რათა მათ ვერ შეძლონ შეკრება და დაჯგუფება. ჩემი აზრით, ყველასათვის ცხადია, რომ ეს საჩვენებელი პროცესი ახლა მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან გულგრილები და ყველაფერს ხვდებიან. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მომავალში, სამართლის ლექციაზე რომელიმე ლექტორი ადგება და იტყვის: ჩვენ განვიხილავთ საქმეს, რომელიც დაიწყო 2017 წელს. ამის გაკეთება დაუშვებელია, ასეთი დარღვევები ყოვლად დაუშვებელია“, - განაცხადა „ქსელის“ ჯგუფის წევრმა, ვასილი კუკსოვმა, რომელსაც 10 თებერვალს მოსამართლემ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საზოგადოებრივი პროტესტი „სადამსჯელო პრაქტიკის“ წინააღმდეგ

„ქსელის“ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ პირველად რუსეთის ხელისუფლებას ცნობილმა სამართალდამცველებმა - სვეტლანა განუშკინამ, ლევა პონომარიოვმა და ვალერი ბორშჩევმა - მიმართეს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ „ქსელის“ საქმის გამოძიების დროს მომხდარ წამების ფაქტებზე ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს წამებაში მონაწილე თანამდებობის პირთა გამოვლინებითა და დასჯით. ამისათვის საჭიროა პრეზიდენტის გაბედულება და პოლიტიკური ნება, მზადყოფნა, მოუსმინოს საზოგადოების ხმას და ბოლომდე არ იყოს დამოკიდებული იმ ინფორმაციაზე, რომელიც მასთან საქაღალდეებით შეაქვთ“, - ნათქვამია ცნობილი რუსი უფლებადამცველების მიმართვაში.

„ქსელის“ საქმეზე 7 ახალგაზრდის მიმართ გამოტანილ პატიმრობის სანქციას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ ხელმძღვანელი, სერგეი მირონოვი, რომელმაც „სასტიკი“ უწოდა განაჩენს და სასამართლო სისტემისაგან მოქალაქეთა უკანონო დევნის აღკვეთა მოითხოვა.

„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ გამოყენებული სადამსჯელო პრაქტიკის გამო ქვეყანაში სამწუხარო რეგულარობით ღვივდება სკანდალები“, - წერს მირონოვი.

დენის კონოვალოვი
დენის კონოვალოვი

რუს დეპუტატს მაგალითად მოჰყავს ჟურნალისტ ივან გოლუნოვის შემთხვევა, როდესაც თავდაპირველად ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი საზოგადოების პროტესტის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ხელახალი გამოძიების შემდეგ,სულ ახლახან,ერთ-ერთმა პოლიციელმა, დენის კონოვალოვმა, აღიარა, რომ ნარკოტიკი გოლუნოვს უფროსების ბრძანებით ჩაუდო.

აღსანიშნავია, რომ „ქსელის“ საქმის თაობაზე გამოტანილი განაჩენის გაუქმებისა და საქმის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს მეცნიერებმა, ჟურნალისტებმა, კინემატოგრაფისტებმა, მულტიპლიკატორებმა, ფსიქოლოგებმა და მხატვრებმა.

ყველასათვის მოულოდნელად, საყოველთაო პროტესტს საკუთარი ხმა შეუერთა რამდენიმე წიგნის მაღაზიის წარმომადგენელმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი თქვეს სამსახურში გამოსვლაზე.

„როგორ შეიძლება გავყიდოთ ნათელი, მარადიული და კარგი წიგნები, როდესაც ადამიანებს აწამებენ? როგორ უნდა მოვუწოდოთ რომელიმე წიგნის გმირისადმი თანაგრძნობისაკენ ვინმეს, როდესაც აზრისა თუ ხმამაღალი ფანტაზიისათვის შეიძლება მოგისაჯონ დიდი სასჯელი, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობა?“ - ნათქვამია წიგნით მოვაჭრეთა მიერ ინსტაგრამით გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG