Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მთავარია, რუსების გარეშე” - კიევი მოსკოვისა და ენერგოკრიზისისგან იცავს თავს 


რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად, უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგია გამოირთო. კიევი, 23 ნოემბერი, 2022 წელი.
რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად, უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგია გამოირთო. კიევი, 23 ნოემბერი, 2022 წელი.

რუსეთის მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმების შედეგად, უკრაინის დედაქალაქისა და რეგიონების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია თითქმის ორი დღის განმავლობაში არ ჰქონდა. ენერგოსისტემა თანდათან იწყებს აღდგენას, მაგრამ ახალი სარაკეტო დარტყმებისგან დაზღვეული არავინაა. უკრაინელები ყველაფრისთვის არიან მზად.

„უგაზოდ, უდენოდ, უწყლოდ - მთავარია, რუსების გარეშე“, - თუკი სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, დღეს თითქმის ყველა უკრაინელი ამ სიტყვებს იმეორებს და დაახლოებით ასეთი სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთს, სექტემბერში, როცა მოსკოვი უკრაინული ენერგოობიექტების განადგურებას შეუდგა.

კიევის მკვიდრი, სვეტლანა გოლოლობი რადიო თავისუფლებას უყვება შეცვლილი ცხოვრების წესისა და მხნე, ოპტიმისტური საბრძოლო განწყობის შესახებ. ის ორ არასრულწლოვან ვაჟთან და პატარა ძაღლთან ერთად, მარტის ბოლოდან მაისამდე, საქართველოში, კერძოდ - ბათუმში ცხოვრობდა და მერე, თავი მოვალედ ჩათვალა, დაბრუნებულიყო უკრაინაში.

  • როგორ იცვლება ყოველდღიურობა და როგორ ადაპტირდებიან უკრაინელები?

სვეტლანა კიევში, ორ ვაჟთან, 14 წლის არტურთან და 7 წლის ჟენიასთან ერთად ცხოვრობს, ბოლო ორი დღეა, თითქმის სრულად - შუქის, წყლისა და გათბობის გარეშე. 23 ნოემბრის შემდეგ, რაც რუსეთმა მორიგ ჯერზე დაბომბა უკრაინის დიდი ნაწილი და 30-ზე მეტი რაკეტა ისროლა კიევის მიმართულებით, ოჯახს ელექტროენერგია და წყალი სულ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა.

"ასევე არ იყო მობილური კავშირი, ინტერნეტი... ყველაზე რთულია, როცა ვერ იღებ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში თუ მსოფლიოში. ამ ბოლო დაბომბვამდე ელექტროენერგია გრაფიკით მოგვეწოდებოდა - ყოველ ოთხ საათში ოთხი საათით თიშავდნენ. ბოლო დღეებში, ჯერჯერობით, გრაფიკი დარღვეულია", - გვეუბნება სვეტლანა.

სვეტლანა, არტური და ჟენია. 25 ნოემბერი, 2022 წელი.
სვეტლანა, არტური და ჟენია. 25 ნოემბერი, 2022 წელი.

დედა ცდილობს, ყველა პრობლემას თავისი გასაღები მიუძებნოს: სახლში 150 ლიტრ სასმელ წყალს მუდმივად ინახავს; შეიძინა პორტატული დამტენები (POWER BANK), რაც მობილური ტელეფონების დატენვის გარდა, ეკონომიური (LED) ნათურებით ოთახის განათების საშუალებასაც იძლევა - ბავშვებს არც სწავლაში ეშლებათ ხელი და ასე ერთად, საღამოობით, ძველებურად, ათასგვარი თამაშებით ირთობენ თავს.

არტური და ჟენია მეგობართან ერთად
არტური და ჟენია მეგობართან ერთად

მაგრამ ყოველდღიურობაში მაინც ბევრი რამ იცვლება: სვეტლანა ელექტროენერგიის ეკონომიას ცდილობს და უკვე კარგა ხანია აღარ რთავს ჭურჭლის სარეცხ მანქანასა თუ სხვა ელექტროხელსაწყოებს; ხოლო სარეცხს, როგორც გვეუბნება, მხოლოდ კვირაში ერთხელ, გვიან ღამით რეცხავს, მაშინ, როცა უკრაინის ენერგოსისტემას ნაკლები დატვირთვა აქვს.

სექტემბრიდან, რაც რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება დაიწყო, ხელისუფლების წარმომადგენლები, და თავად პრეზიდენტი ზელენსკიც, ხშირად მოუწოდებენ უკრაინის მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ელექტროენერგიას და ენერგოსისტემას რეაბილიტაციის საშუალება მისცენ.
უკრაინელი ენერგეტიკოსები, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ დაზიანებული ქსელების აღდგენას; მაგრამ ყოველი დაბომბვის შემდეგ, უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებს ახალი პრობლემები უჩნდებათ.
ევროპარლმენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინაში გაანადგურა წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების 5 315 ობიექტი, და მათ შორის - ირანული დრონებით. ეს უკრაინის საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ია.

საჭმლის მოსამზადებლად კიევში ელექტროენერგია არ სჭირდებათ, რადგან ბინები ძირითადად ბუნებრივი აირით მარაგდება და, როგორც სვეტლნა გოლოლობი გვეუბნება, გაზმომარაგებას შეფერხება არა აქვს.

რაც შეეხება გათბობას, ბინებში თბილად ყოფნის ერთადერთი გზა ცენტრალური გათბობის სისტემაა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება მართავს და ალტერნატივის გამოძებნა ჭირს. ჯერ უძლებენ და თუკი საქმე კიდევ უფრო გართულდება, სვეტლანა, ბავშვებთან და ორ ძაღლთან ერთად, ქალაქგარეთ, ჩერნიგოვის ოლქში, კერძო სახლში გადავა - იქ გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზეა მორგებული, ხოლო დენის დეფიციტის დასაზღვევად, მან გენერატორიც შეიძინა და საჭირო ბენზინიც მოიმარაგა.

ვისაც ამ ყველაფრის საშუალება არა აქვს, ე.წ. გათბობის ცენტრებში შეუძლიათ მისვლა, თუკი ელექტროენერგიის გარეშე 24 საათზე მეტხანს დარჩებიან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ასეთი 400 ცენტრია გახსნილი, სადაც შესაძლებელია ტელეფონის დატენვა, უფასო კვება და გათბობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ამ ცენტრებისთვის ინტერნეტის მისაწოდებლად.

სვეტლანა გვეუბნება, რომ არ აპირებს უკრაინის დატოვებას, გამარჯვებაში დარწმუნებულია და ერთი წუთითაც კი არ ფიქრობს რუსეთთან კომპრომისზე.

„აქ ფიქრებშიც არავინ უშვებს, რომ რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს უკრაინა. ქვეყნის გათავისუფლების პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა, ყირიმის ჩათვლით...

ყველაფერს გადავიტანთ, მოვიფიქრებთ ათას რამეს, „ბურჟუიკებს“ (პატარა ღუმელი) ვიშოვით, წავალთ ქალაქგარეთ, 40-50 ადამიანი ერთად ვიცხოვრებთ, კოცონს დავანთებთ... ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რუსები გავყაროთ ჩვენი ტერიტორიიდან. რაღაცნაირად ხომ ცხოვრობდა ხალხი, შუქი და გათბობა როცა არ იყო. გადავრჩებით, ეგ არაფერია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სვეტლანა გოლოლობი.

უკრაინის პირველმა ლედიმ, ელენა ზელენსკაიამ ВВС-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელების 90%-ზე მეტი მზად არის, მოითმინოს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები ორი წლისა და მეტი ხნის განმავლობაშიც, ღირსების გრძნობით, გამარჯვების იმედითა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით. ზელენსკაიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროცესი გასულ კვირაში დასრულდა.
უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს.

სვეტლანა გოლოლობის ოპტიმიზმი შესაშურია, ამბობს, რომ უარესი დროც ახსოვს - რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ კვირებში, როცა დამპყრობელთა არმია ჩრდილოეთ უკრაინას მოედო, კიევთან ახლოს, კერძო სახლში, სარდაფში ჩუმად მჯდომი ხუთი ბავშვის დასაცავად, უფროსები თოფით ხელში მორიგეობდნენ. მათ შორის იყო სვეტლანაც.

რუსეთის მიერ ენერგოობიექტების მიზანმიმართულ განადგურებას, საერთაშორისო თანამეგობრობა ტერორიზმად აფასებს და ბოლო კვირებში, ერთმანეთის მიყოლებით, რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად თუ ტერორისტულ რეჟიმად აღიარებენ საერთაშორისო სტრუქტურები თუ ცალკეული ქვეყნები. ასეთი რეზოლუციები დამტკიცებული აქვთ: ევროპარლამენტს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას; ხოლო ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტებს, 25 ნოემბერს, ამ მხრივ ნიდერლანდის პარლამენტიც დაემატა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG