Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხეებით გარემოცული ქვეყანა უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციის გარეშე


2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, მათ შორის - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში.

გაუქმდა მუხლი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. იმ საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. დღეს ქვეყანაში არ არის უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაკოორდინირებელი ორგანო.

დღეს პარლამენტში მსჯელობენ კანონპროექტზე "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებაზე. დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების საბჭო იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და უშუალოდ მთავრობის მეთაურს დაექვემდებარება. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებად სახელდებიან:

  • პრემიერ-მინისტრი
  • თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები
  • სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების უფროსები
  • თავდაცვის ძალების მეთაური

მუდმივმოქმედ წევრთა შორის არ არის საქართველოს პრეზიდენტი.არათუ მუდმივმოქმედ წევრთა სიაში შეყვანა, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის - უმაღლესი მთავარსარდლის საბჭოს სხდომებზე დასწრების წესი.ეს მიდგომა ექსპერტთა კრიტიკის საგნად იქცა.

პროექტში მითითებულია, რომ მუდმივმოქმედი წევრების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჰყავს „მოწვეული წევრები“. დოკუმენტში არის აგრეთვე ასეთი ჩანაწერი: "საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საბჭოს მუდმივი წევრები", რაც თეორიულად პრეზიდენტსაც შეიძლება მოიაზრებდეს და, მაგალითად, რომელიმე დარგის სპეციალისტსაც.

13 თებერვალს, გავრცელდა პრეზიდენტის პრესსპიკერის კომენტარი. ის აცხადებს: "მიგვაჩნია, რომ კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული პრეზიდენტის მონაწილეობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში იმისათვის, რომ პრეზიდენტმა შეძლოს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით. ბუნებრივია, პრეზიდენტი ვერ იქნება მთავრობის სათათბირო ორგანოს წევრი, თუმცა მისი კონსტიტუციური ვალდებულებების გათვალისწინებით, უნდა გამოინახოს სხდომებზე პრეზიდენტის დასწრების კანონით გაწერილი გზა".

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაკოორდინირებელი ახალი ორგანოს მუშაობაში პრეზიდენტის ჩართვა-არჩართვის შესახებ კითხვა და ეჭვები გაჩნდა ჯერ კიდევ ეროვნული უშიშროების საბჭოს მოქმედების პერიოდში. სფეროს ექსპერტები მაშინაც ხაზს უსვამდნენ, რომ არ შეიძლება პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის ფიგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესებიდან ჩამოშორება.

მოქმედი კონსტიტუციით, "საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ მდგომარეობას", აგრეთვე "საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი". ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვა: რა როლს ასრულებს პრეზიდენტი უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციაში, როცა არ არის გამოცხადებული საომარი მდგომარეობა?

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საბჭო „კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას“. ამ დოკუმენტებს შორის უპირატესი - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG