Accessibility links

მთავრობა იმპორტის ჩანაცვლების გეგმით - შაქარი და კიდევ რა?


მთავრობის დაპირებით, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, საქართველოში დაიწყება ქართული წარმოების აღორძინება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების მიზნით. რა გზებით აპირებს ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას? რა რესურსი აქვს საქართველოს ამისათვის? რა რისკები არსებობს ამ გზაზე?

რას აპირებს მთავრობა?

ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების მიზანი ჯერ კიდევ 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ:

„ახლა ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი, ინდუსტრიები... ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით... ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს - პირველ რიგში, რომ საკუთარი ბაზარი დავაკმაყოფილოთ და როგორცკი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტიც მაქსიმალურად გავაფართოვოთ და მხარი დავუჭიროთ“.

ბიზნესის პოსტკრიზისული აღორძინების გეგმის შემუშავება - ასე უწოდებს ეკონომიკის მინისტრი დავალებას, რომელიც პრემიერმა გახარიამ მას და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მისცა.

7 აპრილს, ამჯერად უკვე დავითაშვილმა განმარტა, რომ იმპორტის ჩანაცვლებაში ნაგულისხმევი მიზანი სიახლე სულაც არ არის, რადგან ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე ყოველთვის ზრუნავდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. თუმცა BMG-ის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მინისტრმა ასევე თქვა, რომ კორონავირუსის გამოწვევების ფონზე მიდგომები მთელ მსოფლიოში იცვლება:

„გაეროს კვლევამაც აჩვენა, რომ ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, არის პრობლემები მიწოდების ჯაჭვში... ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ჩვენ განსხვავებულ მდგომებს შევთავაზებთ ბიზნესს ან საზოგადოებას“.

ითქვა ასევე, რომ ბიზნესის გადაწყობა საჭირო ხდება პირველადი საჭიროების როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო პროდუქციის წარმოების კუთხით. ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად პირბადეების წარმოება სახელდება.

კონკრეტულად ვისთვის, რა და როგორ იქნება?

ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ არ არის. ბოლო დღეებში იყო მხოლოდ დაპირება, რომ გეგმის დეტალებს საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს. ზოგადად ითქვა, რომ: პროცესში აქტიურად იქნება ჩართული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ბიზნესისთვის ამოქმედდება სესხების საგარანტიო მექანიზმი.

რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სესხებთან დაკავშირებული მექანიზმი შემდეგნაირად ახსნა:

  • მოხდება სესხების საგარანტიო მექანიზმის კონკრეტული პაკეტების შემუშავება - „ამ პროდუქტზე ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან“;
  • ბიზნესს ექნება შესაძლებლობა ახალი სესხების აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით - „რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული“;
  • საკრედიტო მექანიზმის უზრუნველყოფა წარმოადგენს ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოყოფილი 2-მილიარდიანი დახმარების შემადგენელ ნაწილს.

ცქიტიშვილის თქმით, მხარდაჭერის მასშტაბები კონკრეტული დარგებისა და კონკრეტული წარმოების საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

შაქgრის მხარდაჭერა

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ეკონომიკის მინისტრმა „აგარის შაქრის კომბინატი“ დაასახელა. თურნავას თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და ამ საწარმოს ამოქმედებით შაქარზე საქართველოში არსებული მოთხოვნის 50%-ის დაკმაყოფილება მოხერხდება.

რატომ მაინცდამაინც „აგარის შაქრის კომბინატი“?

ნათია თურნავამ 8 აპრილს თქვა, რომ:

  • მთავრობამ გადაწყვიტა ზოგადად ადგილობრივი შაქრის წარმოების მხარდაჭერა - „ეს ერთ-ერთი ის დარგია, რომელსაც ჩვენ სერიოზულად ავაღორძინებთ და განვავითარებთ“;
  • „აგარის შაქრის კომბინატი“ არ იქნება გამონაკლისი და იგივე მხარდაჭერა ექნება შაქრის მწარმოებელ სხვა კომპანიებსაც, თუკი ასეთები გამოჩნდებიან;
  • თუმცა ამ ეტაპზე წარმოების დასაწყებად ყველაზე მეტად არის მზად „აგარის შაქრის კომბინატი“, რომელსაც მუშაობის დაწყება უკვე 2 თვეში შეუძლია.

„აგარის შაქარმა“ მუშაობა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ შეაჩერა და ყოველ ჯერზე უმუშევრად რჩებოდა კომპანიის 500-მდე თანამშრომელი. ბოლოს ეს 2019 წლის გაზაფხულზე მოხდა.

ყოველი მორიგი შეჩერების მიზეზად სახელდებოდა ის ფაქტი, რომ აგარაში დაფასოებული, ასევე იმპორტირებული ნედლეულით დამზადებული შაქარი კონკურენციას ვერ უწევდა იმპორტირებულ იაფ, მაგრამ უხარისხო პროდუქციას. კომპანია იმთავითვე მოუწოდებდა ხელისუფლებას - რომ საჭირო იყო დაცვა შაქრის იმპორტიორებისგან. იმპორტიორები კი ამ კომპანიის მონოპოლისტურ მდგომარეობაზე ლაპარაკობდნენ.

2018 წლის ივნისში, როცა „აგარის შაქარმა“ მუშაობა განაახლა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება, თანამშრომელთა ხმაურიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით მოხდა. დაკონკრეტების გარეშე ლაპარაკი იყო „მხარდაჭერის პაკეტზე“. არც ახლა, ამჯერად დაკონკრეტებულა, რით დაეხმარება სახელმწიფო „აგარის შაქარს“.

უარს იტყვი თურქულ პომიდორზე?

რატომ უნდა გადავიხადოთ ბიუჯეტის ფული ან საერთაშორისო დახმარებების სახით მიღებული თანხა ბიზნესის ხელოვნურ წახალისებაზე? - რიტორიკულ კითხვას სვამს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.

როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, სახელმწიფოს შუამავლობით აღებული სესხები უმრავლეს შემთხვევაში უშედეგო იქნება, რადგან ღია საზღვრების პირობებში ადგილობრივი პროდუქცია ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას მასშტაბური მწარმოებლების მიერ დაბალი თვითღირებულებით წარმოებულ პროდუქციას.

  • „საზღვრებს ხომ არ დაკეტავ?! ისევ საბჭოთა კავშირად ხომ არ ვიქცევით?! მაგალითად, თურქეთს როგორ უნდა შეეჯიბრო?! უარს ეტყვი - არ შემოიტანო შენი პომიდორიო?! თურქეთი ერთ-ერთი მოწინავეა. მის პომიდორს იტალიაც კი ყიდის თავისი სახელით“;
  • „თუ შენ უარს იტყვი იმპორტზე, შენ უარს გეტყვიან ექსპორტზე და მით უმეტეს - პატარა ქვეყნის მხრიდან ეს იქნება აღქმული მტრულ ნაბიჯად. ეს არ უნდა გააკეთოს ამ ქვეყანამ“;
  • „თე შეგეძლო, რომ სხვა ქვეყნებზე უფრო იაფად გეწარმოებინა შაქარი თუ ხორბალი - აქამდე ვინ გიშლიდა?!“.

გია ჯანდიერის თქმით, თუკი მთავრობას ბიზნესის რეალური დახმარება და წახალისება უნდა, მას გადასახადები უნდა შეუმციროს და ამით, ადგილობრივი პროდუქციის ფასიც უფრო დაბალი იქნება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს.

„იმპორტირებული პროდუქციის თუნდაც ნაწილობრივი ჩანაცვლება ხელს შეუწყობდა ლარის სტაბილიზაციასაც... თუმცა სიმძლავრეები, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს, საქართველოს არა აქვს... საქართველოს ამისთვის არც ადამიანური რესურსი ეყოფა... დღეს რომ დაიწყოს ეს პროცესი, დიდი დრო დასჭირდება ვიდრე დახლებზე შესამჩნევი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომატება...

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ აქამდეც ხომ არსებობდა?! აქამდე ვინ უშლიდათ ხელს, ადგილობრივი წარმოებისთვის რეალურად რომ მიეხედათ?!“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG