Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 მიზეზი, რის გამოც გუდაურში სეზონი „ჩავარდა“


გუდაური
გუდაური

გუდაურს დამსვენებლები ტოვებენ. სამთო-სათხილამურო კურორტის დაცარიელებას სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: სეზონურობა, თოვლის ნაკლებობა და წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა.

მიზეზი 1 - სეზონურობა

სეზონურობა ყველაზე მსუბუქ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს. წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ 10 იანვრიდან თვის ბოლომდე გუდაური თითქმის ცარიელდება. მაგრამ წელს დამსვენებლების მიგრაცია უფრო ადრე, ახალი წლის დადგომისთანავე დაიწყო, როდესაც ზამთრის კურორტზე თავი იჩინა წყალმომარაგების პრობლემამ.

მიზეზი 2 - წყალმომარაგების სისტემა

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ირწმუნება, რომ გუდაურში წყლის დეფიციტის პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, თუმცა, როგორც ჩანს, ლაპარაკია პრობლემის დროებით გადაწყვეტაზე.

ვატო ასათაშვილი
ვატო ასათაშვილი

„ეს პრობლემა ასე ადვილად ვერ მოგვარდება, წყაროებს საკმარისი დებეტი არ აქვს“, - აცხადებს ვატო ასათაშვილი, ტურიზმის ექსპერტი და კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი. ის წლების მანძილზე გუდაურში და სხვა მაღალმთიან კურორტებზე ტურისტულ-ავიამომსახურებას ეწევა და კარგად იცნობს კურორტების პრობლემატიკას. ვატო ასათაშვილის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია გუდაურის წყლის რეზერვუარების ასავსებად სახანძრო მანქანებით არაგვის წყალს ორი დღის მანძილზე შეუჩერებლად ეზიდებოდა, მაგრამ წყალმომარაგების სისტემის სტაბილური მუშაობისთვის მარაგის ერთჯერადად შევსება საკმარისი არ არის. მთავარ გამოწვევად რჩება სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსების რაოდენობის სწრაფი ზრდა, რომელსაც თან არ ახლავს წყალ-კანალიზაციის სისტემის წარმადობის სათანადო ზრდა.

ვატო ასათაშვილის განცხადებით, გუდაურის წყალმომარაგების ქსელი, უკვე ბოლო 3 წელია, ანალოგიურ პრობლემებს აწყდება, თუმცა წინა წლებში მასშტაბი ნაკლები იყო აბონენტთა რაოდენობის შედარებითი სიმცირის გამო. მისივე თქმით, შიდა გზები არ არის გამტარი, კანალიზაცია ვერ უძლებს, წყალზე ახალი მაგისტრალებია გასაყვანი და, სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ აქცევს. მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ არის კურორტის მართვაო, დასძენს იგი.

მიზეზი 3 - ნალექის სიმწირე

კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც წელს გუდაურის საკურორტო სეზონი ჩავარდა, მოსული ნალექის, თოვლის ნაკლებობაა. ასეთი - შეიძლება უფრო ნაკლები - თოვლი იყო 2013 წელს, მაგრამ მაშინ გუდაურსა და, ზოგადად, საქართველოს გაცილებით ნაკლები ვიზიტორი ჰყავდა.

ვატო ასათაშვილის განცხადებით, მცირე თოვლი არამდგრადია და მაღალია ზვავების საშიშროება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის ზონაში ჩამოწოლილი ზვავების გამო ორი ტურისტი დაიღუპა. და რომ ზვავების ჩამოწოლის საშიშროება შემცირდეს და სტაბილური თოვლის საფარი ჩამოყალიბდეს, საჭიროა ხანგრძლივი დროის მანძილზე რეგულარული ნალექი მოვიდეს.

რატომ არ მოაგვარა პრობლემა ხელოვნურმა თოვლმა?

ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც გუდაურში, წყალმომარაგების სისტემის მსგავსად, ასევე არასტაბილურად მუშაობს.

გათოვლიანების აპარატურა პირველად გუდაურის სათხილამურო ტრასებზე 2014 წელს დაამონტაჟეს, მაგრამ მისი მუშაობისთვის საჭირო წყლის მაგისტრალების გაყვანა ვერ მოხერხდა და ის მუნიციპალური წყალმომარაგების აუზს დაუკავშირეს. ამგვარ გადაწყვეტილებას წყლის მომხმარებელთა უკმაყოფილება მოჰყვა და მაშინ სისტემა გათიშეს.

სპეციალური აუზი, რომელიც ორი წლის შემდეგ ააგეს, საკმარისი აღარ აღმოჩნდა იმ დროისთვის უკვე გაზრდილი გათოვლიანების სისტემის დასაკმაყოფილებლად.

2018 წლის შემოდგომაზე დასრულდა ხელოვნური ტბის მშენებლობა ზღვის დონიდან 2 800 მეტრზე, რომელიც გათოვლიანების კიდევ უფრო გაზრდილ სისტემას უნდა მომსახურებოდა, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ტბის მომარაგებისთვის საჭირო მაგისტრალური წყალსადენის გაყვანა.

2019 წლის პირველ ნახევარში მთავრობას უნდა დაეწყო კობი-გუდაურის საბაგირო გზის ზვავების პრევენციის სისტემის მშენებლობა და ახლა ცნობილი ხდება, რომ მშენებლობა მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში დაიწყება. ვატო ასათაშვილი, ამ ძირითადი პრობლემებიდან გამომდინარე, აცხადებს, გუდაურის მენეჯმენტი უპასუხისმგებლოდ ხორციელდება, „თუ შეიძლება ამას, საერთოდ, მენეჯმენტი ეწოდოსო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG