Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მისტიკური“ სინდრომი COVID-ით ინფიცირებულ ბავშვებში - როგორი სურათია საქართველოში?


ცნობები იმის შესახებ, რომ COVID19-ით ინფიცირებული ბავშვების მცირე ნაწილს, იშვიათი, „მისტიკური სინდრომი“ გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში გამოჩნდა.

მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი და გულის ფუნქციონირების დასუსტება - ექიმებმა და მკვლევრებმა ეჭვი „კავასაკის დაავადებაზე“, ანუ კავასაკის სინდრომზე მიიტანეს. ძალიან ჰგავს ბავშვებში გამოვლენილი ეს კლინიკური ნიშნები სწორედ ამ უიშვიათესი დაავადების სიმპტომებს, რომელიც პირველად 1967 წელს, იაპონიის წითელი ჯვრის ექიმმა, ტომიაკუ კავასაკიმ აღწერა.

„მისტიკური სინდრომის“ შესახებ უკვე აპრილში იტყობინებოდნენ იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი. მოგვიანებით, საფრანგეთი, გერმანია, აშშ.

15 მაისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსისა და ამ კლინიკური ნიშნების თანხვედრის 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ სიმპტომებით, გასულ კვირაში გარდაიცვალა 14 წლის ბიჭიც.

როგორც ლონდონის ბავშვთა ჰოსპიტალი იტყობინება, მოზარდთა უმეტესობას არ აქვს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომი, სუნთქვის უკმარისობა, თუმცა, რამდენიმე მათგანი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე გადაიყვანეს იმის გამო, რომ გულის ფუნქციონირება გაეუმჯობესებინათ.

თებერვალ-აპრილში, იტალიაში, კერძოდ კი ბერგამოში, „კავასაკის“ მსგავსი სიმპტომებით 10 ბავშვს უმკურნალეს. სტატია ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ იტალიელმა ექიმებმა 13 მაისს გამოაქვეყნეს. მათი ცნობით, მოზარდთა ასაკი 5-7 წელი იყო. 10 მოზარდიდან რვას, მკურნალობის მომენტში COVID-19 დაუდასტურდა. მათ ნაწილს კი სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, ანუ ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ.

5 წლამდე ასაკის სამი ბავშვის გარდაცვალების შესახებ იტყობინება აშშ. ბავშვები კორონავირუსთან ერთად ამ ე.წ. მისტიკური სიმპტომებით იყვნენ ავად. 12 მაისის მონაცემებით, ნიუ-იორკში ჯამში 80-მდე მსგავსი შემთხვევა აღირიცხა.

მაისის დასაწყისში, გერმანიაში, ორ მოზარდს იშვიათი ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა. დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა ბერნერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს სინდრომი ახალი ტიპის კორონავირუსს უკავშირდებოდეს. პაციენტებს სისხლძარღვების ანთება, გამონაყარი და მაღალი სიცხე ჰქონდათ.

ერთადერთი ნიშანი, რაც თებერვალ-მაისში დაფიქსირებულ შემთხვევებს „კავასაკის სინდრომისგან“ განასხვავებს, არის ის, რომ თუკი „კავასაკის სინდრომით“ ძირითადად 0-5 წლის ბავშვები ავადდებიან, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ასაკი, რომლებსაც „მისტიკური“ სინდრომიც გამოუვლინდათ, უფრო მაღალია - 15 წლამდე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა საკმაოდ დიდია და 9%-ს აღწევს, „კავაზაკის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები მათ შორის არ გამოვლენილა.

„კავასაკის სინდრომი“ და საქართველო

არის თუ არა ახალი კორონავირუსი ბავშვებში „კავასაკის სინდრომის“ მაპროვოცირებელი ფაქტორი? ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია. არ არის ასევე დადგენილი, ის კლინიკური ნიშნები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ნაწილში ვლინდება, არის თუ არა ნამდვილად „კავასაკის სინდრომი“.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევად მიაჩნია მაკა იოსელიანს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელსა და „კავასაკის სინდრომის“ ექსპერტს. სწორედ ამ ცენტრში იყრის თავს ინფორმაცია საქართველოში „კავასაკის სინდრომით“ დაავადებული ბავშვების შესახებ:

„ეს არის ახალი ვირუსი. არ არის ბოლომდე შესწავლილი. ჩვენ უნდა დაველოდოთ არა ცალკეულ სტატიებსა და გამოკვლევებს, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა ქვეყანამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მონაცემები, რომელთა შესწავლის საფუძველზეც მედიცინას ექნება საშუალება, თქვას, თუ რასთან გვაქვს საქმე - ეს არის კორონავირუსის ფონზე განვითარებული სინდრომი თუ ეს არის უბრალოდ თანხვედრა ამ ორი დაავადების? ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საკითხს გონივრულად უნდა მივუდგეთ, რათა მოსახლეობაში არ გამოვიწვიოთ ზედმეტი პანიკა. თუმცა ის, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები ამ შემთხვევებს აღწერენ და სტატიები ქვეყნდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ეს ინფორმაცია ექიმებმა უნდა გამოაქვეყნონ, თუმცა, შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ მონაცემების შეკრება და ანალიზი“.

„კავასაკის სინდრომი“ ერთ-ერთ უიშვიათეს დაავადებად ითვლება. უცნობია მისი გამომწვევი მიზეზები. დაავადება ძირითადად აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის არტერიებს. ამ სინდრომით, თავდაპირველად, დიდწილად იაპონიაში ავადდებოდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში „კავასაკის სინდრომით“ ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა ევროპასა და ამერიკაში. სისტემური მოდელირების თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, მაგალითად, ამერიკაში, 2030 წლისთვის, 1600 მოზარდიდან ერთი „კავასაკის სინდრომით“ დაავადდება. დღევანდელი სტატისტიკის თანახმად კი, მსოფლიოში ყოველ 100 ათას 0-დან 5 წლამდე ბავშვში, ერთი „კავასაკის სინდრომითაა“ დაავადებული.

მაკა იოსელიანის თქმით, „კავასაკის სინდრომის“ პირველი შემთხვევა საქართველოში 2007 წელსაა აღწერილი:

„ჩვენმა ცენტრმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ინფორმაციის ძიება საქართველოში „კავასაკის სინდრომის“ პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ. ჩვენ მხოლოდ 2007 წლის მონაცემს მივაკვლიეთ. ეს იყო „კავასაკის სინდრომის“ დაგვიანებული შემთხვევა, სადაც უკვე განვითარებული იყო ანევრიზმა და ინფარქტი. თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში „კავასაკის სინდრომი“ მანამდე არ დაფიქსირებულა“.

ამ სინდრომით საქართველოში ყოველწლიურად, 10-დან 20-მდე ბავშვი ავადდება. მაკა იოსელიანი არ გამორიცხავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მეტიც იყოს, რადგან „კავასაკის სინდრომში“ ხშირია თვითგანკურნების შემთხვევებიც. გასულ წელს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიურ ცენტრში, ამ სინდრომით 10 ბავშვი მკურნალობდა:

„კავასაკს“ ახასიათებს თვითგანკურნებაც. მაგალითად, რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, პირში გამონაყარი, ერითემა. ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში შესაძლოა ისე ალაგდეს, რომ გართულებები არ გამოიწვიოს. გართულებების შემთხვევაში კი ზიანდება საშუალო კალიბრის სისხლძარღვები, ანუ კორონარული სისხლძარღვები, ჩნდება ანევრიზმები, შესაძლოა განვითარდეს ინფარქტი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოში არის უფრო მეტი „კავასაკი“, ვიდრე ამის აღწერა ხდება. საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც დროულად ხდება სინდრომის გამოვლენა. როდესაც დიაგნოზი დასმულია ავადობის 10 დღემდე და მკურნალობა სწორედ ამ პერიოდშია დაწყებული, კორონარული სისხლძარღვების დაზიანების ალბათობა მცირდება, ხოლო, თუკი სისხლძარღვების დაზიანება დაწყებულია, ის უკან იხევს. 10 დღის შემდეგ, ანუ, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, სამწუხაროდ, შესაძლოა დადგეს ლეტალური გამოსავალი. ეს საკმაოდ იშვიათია, მაგრამ მაინც“.

„კავასაკის სინდრომი“ არ არის გადამდები დაავადება. გამოკვლევების თანახმადვე, ამ სინდრომით, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, რომელიც ასევე იაპონიაშია აღწერილი, ადამიანი მხოლოდ ერთხელ ავადდება.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, „კავასაკის სინდრომის“ სამკურნალოდ გამოიყენება იმუნოგლობულინი, მაღალი დოზით ასპირინი და, ახალი რეკომენდაციების თანახმად, მას ემატება სტეროიდული თერაპია.

მაკა იოსელიანის თქმით, დღესდღეობით, საქართველოში „კავასაკის სინდრომის“ დადასტურებული დიაგნოზით, არცერთი პაციენტი არ მკურნალობს. მისივე თქმით, 2020 წელს დაფიქსირებული შემთხვევები, არ აღემატება გასული წლის ამ დროისათვის დადასტურებულ მონაცემებს:

„მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ თუკი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს გამოუვლინდებოდა „კავასაკის სინდრომის“ კლინიკური ნიშნები, ეს შემთხვევა, ჩვენთან, როგორც „კავასაკის სინდრომის“ ექსპერტებთან, აუცილებლად იქნებოდა განხილული. დღევანდელი მდგომარეობით, ამგვარი კლინიკური ნიშნებით, საქართველოში არცერთი კოვიდპაციენტი არ მკურნალობს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG