Accessibility links

მიტოვებული შენობები, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს


მიტოვებული კულტურის სახლი

უკვე ათწლეულებია, ლაგოდეხში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობების ბედი გაურკვეველია. ზოგ მათგანს კერძო მესაკუთრე ჰყავს, ნაწილი კი სახელმწიფოსია, თუმცა ყველა ერთად ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00
Direct link

ამჟამად მიტოვებულ შენობებს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. იყო ყველმრეწვი, სამკერვალო ფაბრიკა, წიგნების მაღაზია და ა.შ. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ქალაქის დამახინჯებული იერსახე არც მათ მოსწონთ და ამიტომ 2 თვის წინ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყეს.

რას ითხოვს ხალხი და რას გეგმავს მერია?

უნივერმაღი, წიგნების სახლი, ყველმრეწვი, კულტურის სახლი, კინოთეატრი და სამკერვალო საამქრო – ეს ლაგოდეხში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობების მხოლოდ მცირე ნაწილია. თითქმის ყოველი მათგანი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაში, ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ინფრასტრუქტურა, რომლის ნაწილიც სახელმწიფომ წლების წინ კერძო მესაკუთრეებზე გაასხვისა, დღეს თითქმის ნგრევის პირასაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ შენობების ფუნქცია გაურკვეველია, ხოლო ინფრასტრუქტურა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს:

წიგნის მაღაზია
წიგნის მაღაზია

„შენობები ქვეწარმავლებისა და ვირთხების ბუდეა. ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ხდება. შენობებში მუდმივად ანტისანიტარიაა“.

„ეს შენობები ნამდვილად ამახინჯებს იერსახეს. ამას წინათაც ვლაპარაკობდით მეგობრები, რომ ქალაქის ცენტრში მიტოვებული და გასარემონტებელი შენობები არ უნდა იყოს“.

„ამ შენობების გაკეთება და მოწესრიგება იმის ვალია, ვისაც დიდი ხელფასი და ბევრი ფული აქვს“.

„ცუდი თავშეყრის ადგილებია და, ჩემი აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს რაც შეიძლება დროულად“.

„ან მუნიციპალიტეტმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ან სხვას დაავალონ, რომ ათწლეულების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“.

კინოთეატრი
კინოთეატრი

მიტოვებულია ლაგოდეხში კულტურის სახლის შენობაც, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე აშენდა, მაგრამ რემონტი ვეღარ მოესწრო. მას შემდეგ შენობა პერიოდულად იძარცვებოდა და ნადგურდებოდა. კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქციაზე ლაპარაკი ლაგოდეხის ყოფილმა გამგებელმა კახა ჯამბურიამ, რომელიც ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა, 2016 წელს დაიწყო. ჯამბურია ამბობს, რომ ამ შენობის რეაბილიტაციას 5 მილიონამდე ლარი სჭირდება, თუმცა დამფინანსებელი ჯერ კიდევ არ არის მოძიებული:

„პირველ ეტაპზე რაც გავაკეთეთ, შენობის მდგრადობა შევისწავლეთ და ამის შემდეგ მომზადდა პროექტი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდეა საჭირო. ჩვენ გვინდოდა ამ შენობაში ის ორგანიზაციებიც განთავსებულიყო, რომლებიც კულტურის მიმართულებით მუშაობენ. მივმართეთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციას - მაგალითად, მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც მსხვილ პროექტებს აფინანსებს. ვიცი, რომ პროექტი განხილვის პროცესშია და დიდი იმედი მაქვს, რა ჩანაფიქრიც გვქონდა, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ“.

კულტურის სახლი
კულტურის სახლი

რა ბედი ელის მიტოვებულ შენობებს ლაგოდეხში? - ამ შეკითხვით ჩვენ მერიას მივმართეთ. მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ნინო ბატიაშვილის თქმით, ორი თვეა, ამ მიმართულებით მუშაობენ და ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია 70-ზე მეტი ნაგებობა, რომელიც ქალაქისა და სოფლების იერსახეს ამახინჯებს. ბატიაშვილის თქმით, მათი მიზანია მუნიციპალიტეტში ქუჩების იერსახე მოწესრიგდეს.

„აღწერის მონაცემები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, ვინაიდან, როგორც ქონების მესაკუთრის, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მისი პრეროგატივაა. მუნიციპალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, თუ ისეთი შენობა-ნაგებობაა, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, შესაძლებელია დონორის მოძიება და შემდგომ რეაბილიტაციის პროცესის დაგეგმვა. მუშაობა გრძელდება. ჩვენი მიზანია, რომ მუნიციპალიტეტის იერსახე მოწესრიგდეს“.

კინოთეატრი
კინოთეატრი

მიტოვებული შენობებისა და ობიექტების პრობლემა კახეთში მხოლოდ ლაგოდეხში არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა თითქმის ყველა ქალაქში. უკვე რამდენიმე წელია, გურჯაანში საბაგიროს დემონტაჟს ითხოვენ, რამდენადაც, ადგილობრივების თქმით, ის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, მიტოვებული და განადგურებულია სოფლის კულტურის სახლები, სადაც საბჭოთა პერიოდში კინოსეანსები და წარმოდგენები იმართებოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG