დავით მიქაძე ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული და დაუსწრებლად აქვს პატიმრობა მისჯილი.
მიქაძესთან ურთიერთობის სტატუსი დავით ჩუბინიძის ერთადერთი უარყოფა არ ყოფილა. სასამართლოში მისი ჩვენება რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა გამომძიებლისთვის პოლიციის განყოფილებაში მიცემულ ჩვენებას.
პროკურორს ზუსტი პასუხების მისაღებად გამოკითხვის ოქმიდან წინადადებების ამოკითხვა მოუწია.
რა თქვა დავით ჩუბინიძემ
დავით ჩუბინიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში კარიდან არ შემოსულა - ბადრაგებმა პატიმრებისთვის განკუთვნილი დერეფნიდან შემოიყვანეს. ის დავით მიქაძესთან ერთად სხვა საქმეზეა ბრალდებული.
პროკურატურა მას იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას ედავება. ჩუბინიძე 2025 წლის 5 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, 2021 წლის სექტემბერში „დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე“.
დავით ჩუბინიძე წლების განმავლობაში სუსის ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომელი იყო. სახელმწიფო თანამდებობას 1994–1997 და 2008–2012 წლებში იკავებდა. სისტემიდან წასვლის შემდეგ კერძო სექტორში გადავიდა, სადაც დაცვის სფეროში საქმიანობდა. იბრძოდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში და მიღებული აქვს კონტუზია.
ჩუბინიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურის დაწყება ვერ მოახერხა, მათ შორის ვერც დავით მიქაძესთან - მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ჰქონდა და ამ მიზნით მას შეხვდა კიდეც.
მუშაობდა თუ არა მიქაძესთან
დავით ჩუბინიძე მედიაში, პროკურატურაზე დაყრდნობით, მოხსენიებულია როგორც დავით მიქაძის დაცვის უფროსი.
გამოკითხვის ოქმშიც ის გამომძიებელს უდასტურებს, რომ მიქაძესთანაა დასაქმებული.
სასამართლოზე კი ეს რამდენჯერმე უარყო და მიქაძე მეგობრად მოიხსენია, რომელსაც 2014 წლიდან იცნობს.
„გამომძიებლის მიმართ ნდობა გამიჩნდა, ჩემი ჩვენება აღარ გადამიკითხავს და, ეტყობა, ინტერპრეტაციებია“, – ასე ახსნა მან განსხვავებული პოზიციები.
მისი თქმით, დავით მიქაძის დაცვის წევრებიდან ბევრს იცნობდა. რამდენიმე მათგანის რეკომენდატორიც იყო და, პერიოდულად, საკუთარი ინიციატივით ან მიქაძის თხოვნით, უსაფრთხოების წესებზე ინსტრუქტაჟს უტარებდა. ზოგჯერ მონიტორინგსაც აკეთებდა.
ამბობს, რომ ხელფასს არ იღებდა, თუმცა ადასტურებს, რომ მიქაძე რეგულარულად ურიცხავდა საკმაოდ დიდ თანხებს - 1000-დან 4000 ლარამდე.
„მეხმარებოდა, უმუშევარი ვიყავი, მოხუცი მშობლები მყავდა“, – განმარტა ჩუბინიძემ.
ამონარიდი დაკითხვიდან:
პროკურორი: სად უტარებდით ინსტრუქტაჟს მიქაძის დაცვის წევრებს?
მოწმე: სახლთან.
პროკურორი: ქუჩაში?
მოწმე: ტროტუარზე, მარტივად, რა.
პროკურორი: თვეში რამდენჯერ?
მოწმე: როგორც საჭიროება მოითხოვდა… ნახევარი საათი ვუტარებდი…
პროკურორი: დავითი არ გაძლევდათ ხელფასს?
მოწმე: ხელფასს არ მაძლევდა… ინსტრუქტაჟის ჩატარებაში მე ანაზღაურებას არ ვიღებდი, მიქაძე მეხმარებოდა შეძლებისდაგვარად… მიქაძე თანხას მირიცხავდა.
პროკურორი: რა ინტენსივობით? ყოფილა თვეობითაც?
მოწმე: დიახ…
პროკურორი: სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდით?
მოწმე: არა.
ჩუბინიძის თქმით, დავით მიქაძესთან ხშირად დადიოდა - დაახლოებით კვირაში 2-3-ჯერ. მათ შორის, მისი თქმით, ავტოსამრეცხაო „საშხაპეშიც“ ყოფილა მასთან ერთად. კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებად კი ტელეფონის გარდა რაციას ასახელებს.
„საშხაპე“ - დავით მიქაძის ცოლისძმის ავტოსამრეცხაოა. გამოძიების ვერსიით, სწორედ აქ მართავდნენ მიქაძეები „კონსპირაციულ შეხვედრებს“ და სხვადასხვა საკითხსაც „არჩევდნენ“.
„საშხაპეში“, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს, ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები 2025 წლის 22 სექტემბერს ჩატარდა.
მიქაძე, ფარცხალაძე და „წვეულებები“
პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, მოწმემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ დავით მიქაძესა და ოთარ ფარცხალაძეს საერთო გარემოცვა ჰყავდათ და რამდენჯერმე გადაკვეთილან წვეულებებზე.
გამოკითხვის ოქმში ჩუბინიძე ამბობს, რომ მიქაძე და ფარცხალაძე მინიმუმ სამჯერ ჰყავს ერთად ნანახი. სასამართლოზე კი ზუსტი რაოდენობის დასახელება გაუჭირდა და თქვა - „ერთზე მეტჯერ“.
მოწმემ ასევე განაცხადა, რომ დავით მიქაძის გარემოცვაში „მთავრობის მოქმედი წევრებიც“ უნახავს, თუმცა მოგვიანებით, დამაზუსტებელ კითხვებზე, ვერ დაასახელა კონკრეტული პირები.
მოწმე: ბოლო შეხვედრა დათო მიქაძის და ოთარ ფარცხალაძის ქალაქგარეთ მახსენდება, მუხრანში იყო რაღაც წვეულება.
პროკურორი: არაფერში ხართ შეზღუდული, დაასახელეთ ვინ თანამდებობის პირები იყვნენ.
მოწმე: ვერ დავასახელებ. ზუსტად არ ვიცი, დაცვებით დადიოდნენ.
მოსამართლე: თქვენ თქვით მთავრობის წევრები იყვნენო, თქვით, ვალდებული ხართ.
მოწმე: შეიძლება არ იყვნენ და მე მეგონა. ალბათ, რაღაც ამერია.
პროკურორი: ანუ რა პასუხი მივიღოთ?
მოწმე: არ იყვნენ თანამდებობის პირები, ეს პასუხი მიიღეთ.
მისივე თქმით, წლების წინ „საშხაპეში“ გელა უძილაურიც ნახა და, თუ არ ცდება, გიორგი ჯოხაძეც. ძმები მიქაძეები ერთად ხშირად არ უნახავს. ასევე ვერ ამბობს დაზუსტებით, იმ სუფრაზე, სადაც დავით მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე ერთად ისხდნენ, იყო თუ არა გიორგი მიქაძეც.
- გელა უძილაური არის ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც ლევან ჯანგველაძის განზრახ, შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ბრალდებით იხდის სასჯელს - უვადო პატიმრობას;
- გიორგი ჯოხაძე არის მიმალვაში მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელსაც, მიქაძეებთან ერთად, მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან;
- გარკვეული დროის განმავლობაში უძილაური ჯოხაძის პირად მცველად მუშაობდა.
მხარეთა შეფასებები
გიორგი მიქაძის ადვოკატი, შორენა ნიქაბაძე დავით ჩუბინიძესაც „არასანდო მოწმედ“ მოიხსენიებს. ნიქაბაძემ არასანდო უწოდა წინა დღეს, 4 მარტს კონსტანტინე (კოკა) მორგოშიას ჩვენებასაც.
„მკვლელობის ორგანიზებაზე მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. სხვა კითხვები ბრალდების მხრიდან იყო მცდელობა გადაიფაროს ის ფაქტი, რომ საქმესთან შეხება მას არ ჰქონია“, – თქვა მან.
პროკურორის პოზიციით კი მოწმის სანდოობა მთლიანობაში უნდა შეფასდეს და არა ცალკეულ კითხვებზე პასუხებით.
„მოწმის ჩვენებით გიორგი მიქაძეს ფარცხალაძესთან გადაკვეთა არ ჰქონია“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება - სხდომები ყოველდღეა დანიშნული.
მოკლედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე
- ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს. ეს ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობაა, რომელიც პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროს უკავშირდება;
- ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს, - გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს; ის მკვლელობას აღიარებს, თუმცა შეკვეთას და მკვლელობის განზრახვას - არა;
- აპრილში მკვლელობის იარაღის „გასაღების“ (რაც აუცილებლად მიყიდვას არ გულისხმობს) ბრალდებით დააკავეს სანდრო (ჯანო) წივწივაძე; მას 12 თებერვალს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
- მკვლელობიდან ხუთ თვეში, აგვისტოში მკვლელობის ორგანიზების ბრალი წაუყენეს ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს; გიორგი მიქაძე დააკავეს, დანარჩენ ორზე კი ძებნა გამოაცხადეს - ისინი, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ არიან;
- ამავე დროს დააკავეს ჯოხაძის ნათესავი მამუკა ბაღდავაძე (დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით) და გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელსაც გამოძიების მასალებით უწოდებენ ჯოხაძე-მიქაძეების „დაჯგუფების წევრს“ - იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით;
- ამჟამად სწორედ ჯოხაძე-მიქაძეების სხდომები იმართება და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
- მკვლელობის შემდეგ შეიცვალა სახელმწიფო სტრუქტურების არაერთი ხელმძღვანელი - მათ შორის, სუსის, პროკურატურის, შსს-ისა და „ფინანსური პოლიციის“ ხელმძღვანელი პირები.
ფორუმი