Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ გორბაჩოვი 9 აპრილზე: „ძნელია ამის გახსენება, მაგრამ...“


საბჭოთა კავშირის პირველმა პრეზიდენტმა, 90 წლის მიხეილ გორბაჩოვმა, ინტერნეტგამოცემა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი სათაურით „გაიგო პერესტროიკა, დაიცვა ახალი აზროვნება“, რომლის შესავალში ავტორი წერს:

„სამ ათეულ წელიწადზე მეტი გავიდა საბჭოთა კავშირში „პერესტროიკის“ (გარდაქმნის) სახელით ცნობილი ცვლილებების დაწყებიდან, მაგრამ დავა იმაზე, თუ რას ნიშნავდა იგი, რა მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, დღემდე არ წყდება. მე თვითონაც მუდმივად ვფიქრობ ამაზე, ვეძებ პასუხს იმ კითხვებზე, რომლებსაც მეცნიერები, ჟურნალისტები, რუსეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები მისვამენ ჩემთვის გამოგზავნილ წერილებში. ხალხს სურს გაერკვეს პერესტროიკაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პერესტროიკა არ ქცეულა შორეულ წარსულად. პერესტროიკის გამოცდილება და გაკვეთილები აქტუალურია დღეს და არამხოლოდ რუსეთისთვის“.

წერილის შესავალ ნაწილში მიხეილ გორბაჩოვი აღიარებს, რომ პერესტროიკას მიღწევებთან ერთად ჰქონდა არაერთი შეცდომა. „თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ბევრ რამეს შეცვლიდიო“, - ამბობს ის, თუმცა ამგვარი აღიარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გორბაჩოვს ეჭვი შეაქვს პერესტროიკის ისტორიულ სამართლიანობაში. საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი ასევე იხსენებს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს და მასში ადგილობრივი ხელისუფლების როლს.

ივან სილაევი, ლეონიდ კრავჩუკი და მიხეილ გორბაჩოვი
ივან სილაევი, ლეონიდ კრავჩუკი და მიხეილ გორბაჩოვი

„პერესტროიკა აუცილებელი იყო. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდიოდით“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი და იხსენებს იმ ბრალდებებსა და საყვედურებს, რომლებიც პერესტროიკის ინიციატორების მისამართით დღესაც გამოითქმის: „მკაფიო გეგმის არარსებობა“, „გულუბრყვილობა“, „სოციალიზმის ღალატი“.

მიხეილ გორბაჩოვს მოკლე მეხსიერების პრობლემად მიაჩნია პერესტროიკის საჭიროებისა და აუცილებლობის უარყოფა:

„დაავიწყდათ ან არ სურთ გაიხსენონ, როგორი მორალური და ფსიქოლოგიური ვითარება იყო საბჭოთა საზოგადოებაში 1985 წელს. ხალხი ითხოვდა ცვლილებებს. ყველა - ხელმძღვანელები და რიგითი ადამიანები - გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა. ქვეყანა სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა უძრაობაში. ფაქტობრივად, შეწყდა ეკონომიკური ზრდა. იდეოლოგიურ დოგმებს მარწუხებში ჰქონდა მოქცეული ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრება. ბიუროკრატიული მანქანა პრეტენზიას აცხადებდა საზოგადოების ტოტალურ კონტროლზე, მაგრამ ვერ უზრუნველყოფდა ხალხის ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საკმარისია გავიხსენოთ, რა ხდებოდა მაღაზიებში. სწრაფად უარესდებოდა სოციალური ვითარება, უკმაყოფილება იყო საყოველთაო. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ეს სიტყვები ჩემს თავში არ გაჩენილა, ყველას პირზე ეკერა“.

ეროვნული მოძრაობის მიტინგი. 1990 წ. უკრაიანა
ეროვნული მოძრაობის მიტინგი. 1990 წ. უკრაიანა

შემდეგ გორბაჩოვი ლაპარაკობს მძიმე მემკვიდრეობაზე და ლოგიკურად მიიჩნევს იმას, რომ თავიდან არ ჰქონდათ მოქმედების „მკაფიო გეგმა“, რადგან შეუძლებელი იყო ასეთი გეგმა გაჩენილიყო ბრეჟნევის 20-წლიანი უძრაობის პირობებში, თუმცა, გორბაჩოვის თქმით, თავიდანვე ნათელი იყო პერესტროიკის ლაიტმოტივი, ექციათ მოქალაქე თავისა და ქვეყნის პატრონად, მიეცათ მისთვის თავისუფლება.

„პერესტროიკა ადამიანისთვის - ასეთი იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომელსაც, უთანხმოებისა და კამათის შემდეგ, პოლიტბიურომაც დაუჭირა მხარი“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი, რომლის თქმითაც, პერესტროიკა უდავოდ იყო მასშტაბური ჰუმანიტარული პროექტი, რომელმაც გაწყვიტა კავშირი ტოტალიტარულ წარსულთან.

ახალი აზროვნება

მიხეილ გორბაჩოვის თქმით, პერესტროიკის აუცილებლობა დიდწილად ასევე განპირობებული იყო საგარეო პოლიტიკური ფაქტორებით. XX საუკუნის 80-იან წლებში კვლავ ხელშესახები გახდა ბირთვული დაპირისპირების საფრთხე, საერთაშორისო თანამეგობრობა მოექცა ჩიხში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებას არ უჩანდა ბოლო, რკინის ფარდის ორივე მხარე გამალებით იარაღდებოდა.

„არავის უნდოდა ბირთვული ომი, მაგრამ ვერავინ იძლეოდა გარანტიას, რომ ომი არ დაიწყებოდა, თუნდაც ტექნიკური ხარვეზის, ცრუ განგაშის ან სხვა შემთხვევითობის გამო“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი, რომლის თქმითაც, საბჭოთა კავშირს გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა ჩინეთთან, აშშ-თან, დასავლეთის ევროპის ქვეყნებთან; გარდა ამისა, ჩართული იყო რეგიონალურ კონფლიქტებში, მათ შორის ყველაზე ღრმად ავღანეთში, სადაც ათობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი იმყოფებოდა, რაც უკიდურესად მძიმე ფონს ქმნიდა რეფორმების განსახორციელებლად, გამალებული შეიარაღება კი სასიცოცხლო ენერგიას ართმევდა ქვეყნის ეკონომიკას. გორბაჩოვის თქმით, სამხედრო ხარჯები მთელი ეკონომიკის 25-30 %-ს შეადგენდა და 5-6-ჯერ აღემატებოდა აშშ-ისა და ნატოს ქვეყნების მიერ გაწეულ ხარჯებს. გარდა ამისა, თავდაცვაზე მუშაობდა მეცნიერების 90 %, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელი იყო. გორბაჩოვის თქმით, ყველას ესმოდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, საჭირო იყო საგარეო პოლიტიკური მიდგომებისა და პოზიციების გადახედვა.

ჯორჯ ბუში უფროსი და მიხეილ გორბაჩოვი
ჯორჯ ბუში უფროსი და მიხეილ გორბაჩოვი

„ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი მსოფლიო პოლიტიკის საფუძვლების შესაცვლელად, ჩვენ შევთავაზეთ სამყაროს ახალი აზროვნება, რომელმაც წინ წამოსწია ზოგადსაკაცობრიო ინტერესების პრიორიტეტი. ახალი აზროვნება არ უარყოფს ეროვნულ, კლასობრივ, კორპორაციულ ინტერესებს, მაგრამ წინა პლანზე გადმოაქვს კაცობრიობის გადარჩენის, ბირთვული და ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების ინტერესები. ჩვენ უარი ვთქვით ორი სოციალური სისტემის ერთმანეთთან დაპირისპირების მოდელზე. მიზნად დავისახეთ მსოფლიო პოლიტიკის დემილიტარიზაცია... რომ განვაზოგადოთ, ახალი აზროვნება როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში გულისხმობდა მცდელობას გვეფიქრა და გვემოქმედა საღი აზრის შესაბამისად“, - წერს მიხეილ გორბაჩოვი.

ძალაუფლების ფორმულა

მიხეილ გორბაჩოვი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში რადიკალური ცვლილებები მხოლოდ „ზემოდან“ თუ დაიწყეობდა. მისი თქმით, შეუძლებელი იყო მკვეთრი წყვეტა ძალაუფლების არსებულ ფორმულასთან, პოლიტიკურ ენასა და ტრადიციებთან. საზოგადოების დიდი ნაწილი ამისთვის მზად არ იყო და თავიდან დღის წესრიგში არც იდგა პოლიტიკური რეფორმების გატარების ამოცანაო.

მიხეილ გორბაჩოვი. 1986 წ.
მიხეილ გორბაჩოვი. 1986 წ.

„არასოდეს დამიმალავს და არც ახლა უარვყოფ, რომ ვეყრდნობოდი საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას, მასში ვხედავდი პერესტროიკის რეალიზაციის მექანიზმს“, - ამბობს გორბაჩოვი და იქვე შენიშნავს, რომ პლენუმებსა და ყრილობებზე მწვავე დისკუსიების შედეგად მოწონებული მისი რეფორმები ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევდა ადგილებამდე, რის გამოც, მისივე თქმით, საჭირო გახდა ახალი საკადრო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის მოწვევა, რაც გაკეთდა კიდეც 1987 წლის იანვარში. სწორედ ამ პლენუმზე დაისვა პირველად კომუნისტური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხი და სწორედ ამ პლენუმზე გაისმა პირველად პერესტროიკის კრიტიკა. გორბაჩოვის თქმით, 1987 წლიდან დაიწყო ბრძოლა პარტიის შიგნით რეფორმატორებსა და ანტირეფორმატორებს შორის, რაც პერესტროიკის პოლიტიკის ჩიხში შეყვანის საფრთხეს ქმნიდა.

„გავიაზრეთ, რომ საჭირო იყო პოლიტიკური რეფორმების გატარება“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი.

საჯაროობის შუქჩრდილები

მიხეილ გორბაჩოვი ვრცლად ლაპარაკობს „საჯაროობაზე“ (გლასნოსტ), რომელსაც თვით „გარდაქმნის“ („პერესტროიკის“) ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს და თავის „მთავარ თანაშემწეს“ უწოდებს. ასევე იხსენებს საჯაროობის კრიტიკოსებს, მათ შორის ნობელის პრემიიის ლაურეატ მწერალს, ალექსანდრ სოლჟენიცინს, რომელსაც უთქვამს, ყველაფერი გორბაჩოვის საჯაროობამ დაღუპაო, თუმცა თვითონ მიხეილ გორბაჩოვი დარწმუნებულია, რომ საჯაროობის გარეშე ვერანაირი ცვლილება, მათ შორის ვერც პერესტროიკა ვერ მოხდებოდა.

დემოკრატიზაციისა და საჯაროობის კურსის მხარდამჭერი აქცია ირკუტსკში
დემოკრატიზაციისა და საჯაროობის კურსის მხარდამჭერი აქცია ირკუტსკში

„ყველაფერი დრომოჭმული იდეოლოგიის ჭაობსა და უწყებრივ ბიუროკრატიაში ჩაიხრჩობოდა“, - ვკითხულობთ წერილში, რომლის მიხედვითაც, საჯაროობაც ზემოდან დაიწყო, შემდეგ საზოგადოების ყველა ფენამდე ჩააღწია და მალევე იქცა სიტყვისა და პრესის თავისუფლებად, რამაც მოიტანა მანამდე ცენზურის მიერ აკრძალული ლიტერატურის დაბეჭდვა და გავრცელება, მოიტანა ტაბუს მოხსნა აკრძალულ თემებზე, მოიტანა თავისუფალი მსჯელობა ადამიანის უფლებებზე, მრავალპარტიულობა და ა.შ.

საჯაროობით ყველაზე მეტად ინტელიგენციამ იხეირა, მიეცა რა თავისუფალი წერისა და ლაპარაკის უფლება, თუმცა, როგორც გორბაჩოვი შენიშნავს, ინტელიგენციამ ვერ შეძლო პარტიული ნომენკლატურის ჩანაცვლება მმართველობის სფეროში, მას ამისთვის არც ცოდნა ეყო და არც გამოცდილებაო.

მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი
მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი

„ინტელიგენციის წარმომადგენლები კონცენტრირდნენ წარსულის კრიტიკასა და მხილებაზე, მაგრამ ვერ შეძლეს კონსტრუქციული იდეების წამოყენება“, - ვკითხულობთ წერილში, რომლის ავტორი, მიხეილ გორბაჩოვი, დღესაც დარწმუნებულია, რომ საჯაროობას არ ჰქონდა ალტერნატივა, რადგან „საზოგადოების ნორმალური განვითარება გამორიცხავს საყოველთაო ჩაკეტილობას, საიდუმლოზე დაფუძნებულ სახელმწიფო მმართველობას და გულისხმობს ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებას; სამოქალაქო, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა სახის შეხედულებების ღია გამოხატვას და კრიტიკას“.

ფასების ხელშეუხებლობა!

მიხეილ გორბაჩოვი უპასუხებს ასევე ოპონენტებს, რომლებიც პერესტროიკას ეკონომიკური რეფორმების ჩავარდნის გამო აკრიტიკებენ. სტატიის ავტორის თქმით, პერესტროიკის დაწყებისას ბრეჟნევის „რეალური სოციალიზმის“ ეკონომიკა დეგრადირდებოდა, ქვეყანა შეუქცევად კრიზისში ეშვებოდა, 80-იანი წლების დასაწყისიდან ეკონომიკა აღარ იზრდებოდა, საბჭოთა კავშირი მოსახლეობის რეალური შემოსავლით დიდად ჩამორჩებოდა დასავლეთის ქვეყნებს. შეიქმნა არა მხოლოდ სურსათის და სამრეწველო საქონლის, არამედ მეტალების, სათბობის დეფიციტი. საბჭოთა კავშირმა გამოტოვა სამეცნიერო-ტექნიკური რევოლოუციის მორიგი ეტაპი, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებმა წარმატებით დაასრულეს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე, თუმცა, როგორც გორბაჩოვი შენიშნავს, ის საბჭოთა მეცნიერები და ხელმძღვანელები, რომლებიც ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, არ გადიოდნენ „სოციალიზმის შესაძლებლობების მეტად გამოყენების“ ჩარჩოებიდან.

პეტერბურგი (ყოფილი ლენინგრადი). რიგი პურის მაღაზიასთან. 1991 წ.
პეტერბურგი (ყოფილი ლენინგრადი). რიგი პურის მაღაზიასთან. 1991 წ.

გორბაჩოვი ლაპარაკობს ასევე 1985-1986 წლებში დაწყებულ ეკონომიკურ (3-4 %-იან) ზრდაზე, რომლის სრული ნიველირება მოახდინა ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამ (1 ბარელის ფასი 12$-მდე დაეცა). საჭირო გახდა რადიკალური რეფორმების გატარება, ხარჯების შემცირება, ე. წ. „ფასების რეფორმის“ დაწყება, რამაც ბოლო მოუღო ე.წ. ფიქსირებულ, სტაბილურ ფასებს, თუმცა მანამდე წარმოიქმნა მძლავრი ოპოზიციური მოძრაობა დევიზით „ფასებს ხელი არ ახლოთ!“, რომლის სულისკვეთებას იზიარებდა თითქმის ყველა მეცნიერ-ეკონომისტი, მათ შორის ისინიც, ვინც მონაწილეობდა რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში. გორბაჩოვი ვარაუდობს, რომ „ფასების რეფორმას“ ფარულად ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკური ბიუროკრატიაც, რომელიც ამუხრუჭებდა რეფორმებს.

გორბაჩოვი სინანულით აღნიშნავს, რომ მაშინ ვერ დაიკავა სათანადოდ მტკიცე პოზიცია, რამაც დროის გაუმართლებელი დაკარგვა და სტრუქტურული რეფორმების დამუხრუჭება გამოიწვია. ხელიდან იქნა გაშვებული ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებებისთვის საუკუთესო 1987-1988 წლები.

„ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. მაშინ ჩვენ არ ვიცოდით და არც შეგვეძლო გვცოდნოდა, რომ ისტორიისგან მცირე დრო გვქონდა მოცემული“, - ამბობს გორბაჩოვი, რომლის თქმითაც, საჭირო იყო სწრაფი და რადიკალური მოქმედება საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად, ასევე საჭირო იყო გადატრიალება მთელი საზოგადოების ცნობიერებაში.

სამყაროთა სამყარო

ეროვნული პოლიტიკისა და ფედერალური ურთიერთობების შესახებ საუბრისას მიხეილ გორბაჩოვი ამბობს, რომ მძიმე მემკვიდრეობა ერგო და რომ ვერც ის და ვერც მისი კოლეგები, რომლებთან ერთადაც პერესტროიკა დაიწყო, სრულად ვერ ხედავდნენ პრობლემის სიღრმეს. გორბაჩოვი „სამყაროთა სამყაროს“ („ქვეყნების ქვეყანას“) უწოდებს საბჭოთა კავშირს, რომელშიც ისეთი განსხვავებული რესპუბლიკები იყვნენ გაერთიანებული, როგორებიც, მაგალითად, ესტონეთი და თურქმენეთი იყვნენ და, შესაბამისად, ამგვარი ქვეყნის შენარჩუნება და განახლება კოლოსალური სირთულის ამოცანა იყო. პერესტროიკის დროს იფეთქა ყველა იმ პრობლემამ, რომლებიც წლების, საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდაო.

ვილნიუსის მოვლენები, 1991 წლის იანვარი
ვილნიუსის მოვლენები, 1991 წლის იანვარი

„ყოველივე ეს იყო, მაგრამ ასევე იყო ერთად ცხოვრებისა და აღმშენებლობის გამოცდილება და შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა ყოველივე საუკეთესო ამ გამოცდილებიდან. რატომ არ იქნა ამგვარი შესაძლებლობა რეალიზებული?“ - კითხულობს გორბაჩოვი, რომელიც არ იზიარებს რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, აზრს, რომ საბჭოთა კავშირი დაშალა ფედერაციის ლენინურმა კონცეფციამ, ყოველი რესპუბლიკისათვის კავშირიდან გასვლისა და თვითგამორკვევის კონსტიტუციური უფლების მინიჭებამ.

მიხეილ გორბაჩოვის აზრით, ყველა პრობლემის თავი და თავი სუპერცენტრალიზებული უნიტარული სისტემაა, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტდა ყველაფერს, მათ შორის რესპუბლიკებს შორის საზღვრების საკითხს. სტალინი ეროვნულ მოთხოვნებსა და ეროვნებათაშორის ნებისმიერ დავას განიხილავდა როგორც ანტისაბჭოთა ქმედებას და მთელი სიმკაცრით თრგუნავდა მას მრავალი წლის განმავლობაში. რა გასაკვირია, რომ დემოკრატიზაციისა და თავისუფლების პირობებში ყველა ამ პრობლემამ ერთდროულად იჩინა თავი.

მიხელ გორბაჩოვი მაგალითად ასახელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, რომელმაც 1988 წელს იფეთქა და რომლის ფესვები ასევე წარსულში იყო გადგმული. გორბაჩოვის თქმით, მოსკოვმა საკითხის გადაწყვეტა სომხეთსა და აზერბაიჯანს მიანდო, თვითონ კი შუამავლის როლს დასჯერდა, თუმცა, როგორც გორბაჩოვი ამბობს, ამ ორი რესპუბლიკის ვერც მთავრობებმა და ვერც ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დიალოგის წარმოება.

„1987-1988 წლებში ვცდილობდი შემემუშავებინა ერთიანი დემოკრატიული მიდგომა ეთნიკური დავების მიმართ. მიდგომის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ეროვნული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის ზოგად კონტექსტში. და უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ეროვნული მოძრაობები ბალტიის რესპუბლიკებში, მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინაში მოქმედებდნენ პერესტროიკის მხარდაჭერის ლოზუნგებით. 1987 წელს კავშირის დატოვების საკითხს თითქმის არავინ აყენებდა“, - ამბობს გორბაჩოვი და იქვე შენიშნავს:

მიტინგი თბილისში. 1989 წ.
მიტინგი თბილისში. 1989 წ.

„მაგრამ სეპარატისტულმა ტენდენციებმა ძალიან სწრაფად დაიწყო გაძლიერება ეროვნულ მოძრაობებში. რესპუბლიკების პარტიის ლიდერებმა ვერ შეძლეს დემოკრატიის პირობებში მუშაობა. დაიბნენ. ეს კარგად გამოჩნდა საქართველოში, როდესაც 1989 წლის აპრილში ხალხი გამოვიდა თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებიც უნდა გასულიყვნენ ხალხთან, მაგრამ მათ ბუნკერში ჯდომა ამჯობინეს და საქმე უბედურებამდე მივიდა: დემონსტრანტებისგან ტერიტორიის "გასასუფთავებლად" ძალა იქნა გამოყენებული, 21 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა. ძნელია ამის გახსენება. მაგრამ შემიძლია სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისში აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს ზურგს უკან, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინ და შემდეგაც მე მტკიცედ ვიცავდი ჩემს კრედოს: ყველაზე რთული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური საშუალებებით, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე“.

სსრკ, რომელიც ვერ გადარჩა

ვრცელ წერილში გორბაჩოვი ბევრს ლაპარაკობს ჟენევისა და რეიკიავიკის მოლაპარაკებებზე, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ცივი ომისა და გამალებული შეიარაღების დასრულებაში. ასევე დიდ დროს უთმობს სახალხო დეპუტატთა პირველ საკავშირო ყრილობას, გერმანიის გაერთიანებასა და რუსი ხალხის დიდსულოვნებაზე საუბარს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მცდელობაზე მსჯელობას.

ჩამოგდებული ლითონის "ნამგალი და ურო". 1990 წლის 1 ნოემბერი. მოსკოვი
ჩამოგდებული ლითონის "ნამგალი და ურო". 1990 წლის 1 ნოემბერი. მოსკოვი

„დარწმუნებული ვიყავი, რომ კავშირის შენარჩუნებისა და რეფორმირების პრობლემა შეიძლებოდა მოგვარებულიყო პოლიტიკურად, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე. მაგრამ უკვე იანვრის პირველ ნახევარში გავარდა მეხი. ლიტვაში სისხლი დაიღვარა“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი. - „არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ლიტვის ხელმძღვანელობა, რომელსაც ვიტაუტას ლანდსბერგი ედგა სათავეში, ცენტრთან ურთიერთობების გამწვავების გზას დაადგა, გადაწყვიტა დამოუკიდებლობის მოპოვება ნებისმიერ ფასად. მიუხედავად ამისა, მე შევთავაზე კომპრომისი, მზად ვიყავი მოლაპარაკებებისათვის. 1991 წლის 12 იანვარს გავაკეთე განცხადება, რომ კრიზისი მოგვარდებოდა კონსტიტუციური გზით, მაგრამ 12-13 იანვრის ღამეს ვილნიუსში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს სატელევიზიო კოშკი და რადიო, რასაც ხალხის სიმცოცხლე შეეწირა“.

მიხეილ გორბაჩოვი აქვე ხაზგასმით შენიშნავს, რომ ჯარები მისი ბრძანების გარეშე მოქმედებდნენ.

13 იანვრის სისხლისღვრის შემდეგ ლიტვისა და ბალტიის ორი რესპუბლიკის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის მცდელობა ამაო აღმოჩნდაო, ამბობს გორბაჩოვი, რომელმაც საბჭოთა კავშირის გადასარჩენად 1990 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი ჩაატარა. მოსახლეობის 76 %-მა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და, როგორც გორბაჩოვი ამბობს, ამან მნიშვნელოვნად ჩაუშალა გეგმები რუსეთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს, ბორის ელცინს, რომელიც ოპოზიციის ლიდერი იყო.

მიხეილ გორბაჩოვი დარწმუნებულია, რომ პერესტროიკას ფატალური ზიანი მიაყენა ორმა „დარტყმამ“: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ (ე.წ. გე-კა-ჩე-პემ) და 1991 წლის „დეკემბრის შეთქმულებამ“, რომელშიც რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

ГКЧП-ის წევრები: ბორის პუგო, გენადი ინაევი, ოლეგ ბაკლანოვი
ГКЧП-ის წევრები: ბორის პუგო, გენადი ინაევი, ოლეგ ბაკლანოვი

„ელცინმა სიტყვა არ შეასრულა. მან და მისმა გარემოცვამ შესწირეს საბჭოთა კავშირი კრემლში გამეფების დაუოკებელ სურვილს. რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებმა გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის ბედი არასამართლებრივი გზით, რეფერენდუმისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, სსრკ პრეზიდენტის ზურგს უკან, გორბაჩოვის თავიდან მოშორების მიზნით. ამ სურვილმა გააერთიანა რადიკალები, სეპარატისტები და კომუნისტები - რუსეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატები, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი შეთქმულებას, რასაც ადგილი ჰქონდა ბელოვეჟის ტევრში 1991 წლის 8 დეკემბერს“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი.

პერესტროიკის ფასეულობები

ბოლოს, გარდაქმნის (პერესტროიკის) ფასეულობებზე საუბრისას, გორბაჩოვი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ არ მისცა საშუალება ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე, თუმცა, მისი თქმით, აუწონავია ის პოზიტიური როლი, რომელიც პერესტროიკამ ითამაშა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიაში.

სტატიის ფინალურ ნაწილში გორბაჩოვი ჩამოთვლის პერესტროიკის მიერ მოტანილ რეალურ შედეგებს: ცივი ომის დასრულება, ბირთვული განიარაღების უპრეცედენტო შეთანხმებები, ადამიანების მიერ უფლებებისა და თავისუფლებების მოპოვება. იგულისხმება სიტყვის, შეკრების, რელიგიის, ქვეყნის დატოვების თავისუფლება, ალტერნატიული არჩევნები, მრავალპარტიული სისტემა.

„და რაც მთავარია, ჩვენ მივიყვანეთ ცვლილების პროცესი იმ დონემდე, რომ შეუძლებელი გახდა მისი უკან შემობრუნება“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი წერილში, რომელიც გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემამ „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG