Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან არ გააძევა


ონლაინტელევიზია “Krym TV”-ს ჟურნალისტის, ჟურნალ „Forbes-უკრაინის" ყოფილი რედაქტორის, ვლადიმირ ფედორინისათვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „სააკაშვილი - წელიწადი დევნილობაში“, რომელიც ბრიუსელში ჩაიწერა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მრავალ პოლიტიკურ თემას ეხება. მათ შორის ლაპარაკობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ბიძინა ივანიშვილსადმი დამოკიდებულებაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე, თანაგუნდელთა პატიმრობაზე და სხვა.

როგორია თქვენი ყოველღიურობა? - ამ კითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა, მაგალითად, ქართული დიასპორის ყრილობა. „მთელი ევროპიდან ჩამოვიდნენ თვითმფრინავებით, მატარებლით და საქართველოდან გამოგზავნეს 100 ადამიანი, - არა მხოლოდ მმართველი პარტიის წევრები, არამედ მათი ბინძური ტრიუკების სპეციალისტები, ასევე 6 სატელევიზიო არხი. ჩამოვიდა ასევე სამი რუსული არხი პროვოკაციების მოსაწყობად. მიზანი ღონისძიების ჩაშლა იყო. როგორ არ მივცეთ ღონისძიების ჩაშლის შესაძლებლობა - აი არსებობისთვის ბრძოლა! როგორ არ მიმეცა შესაძლებლობა თავში ჩაერტყათ ბოთლი, რასაც აპირებდნენ! როგორ არ მიმეცა შესაძლებლობა შეესხათ შავი საღებავი, რასაც აპირებდნენ! ვერ ვიწყენ, მაგრამ მე ეს მომწონს“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მასზე საქართველოში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და ეს ვითარება მას სულაც არ ახარებს.

„ხალხი ჩემგან რაღაც მოქმედებას მოელის, სხვანაირად ქვეყანა, უბრალოდ, იღუპება. ეს ისეთივე შერძნებაა, თითქოს შენი შვილი იღუპება, რომელიც გააჩინე, გამოკვებე, მეექვსე კლასამდე მიიყვანე და უცებ რაღაც საშინელი გრიპი შეეყარა, გართულებებით. აი, მთელი ამბავი. თავიდან იყო სურდო, ახლა უკვე ფილტვების ანთებაა, რომელიც მენინგიტში გადაიზარდა და გადარჩენაა საჭირო, სასწრაფო ზომებია მისაღები და მშობელი ვერ იტყვის, ბავშვი ჩაგაბარეთ და ახლა მიხედეთ ბავშვსო. ეს უკვე შიგნით გტკივა და შეუძლებელია რეაგირების გარეშე დატოვება. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ . ჩემი პირმშო იღუპება“.

შეკითხვაზე:“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ ჩასულიყო, „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებდაო?“ - მიხეილ სააკაშვილი უპასუხებს, „დიახ, ეს ასეაო“.

„ნებისმიერი 72 საათის განმავლობაში, როცა მე საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გავლას შევძლებ, ახლაც კი, არჩევნების გარეშე, ეს რეჟიმის დასასრული იქნება... ავსტრია-უნგრეთის ჰაბსბურგების შემდეგ, მე ვარ ერთადერთი სახელმწიფო ლიდერი, რომელსაც მოქალაქეობა ჩამოართვეს. მე არც დევნილი ვარ და არც პოლიტემიგრანტი, რომელიც უსამართლო სასჯელს გაექცა. მე ვითხოვდი გავესამართლებინეთ, მე ვითხოვდი გავსამართლებულიყავი უკრაინაში, მზად ვიყავი მეთანამშრომლა ქართველ სამართალდამცავებთან, ოღონდ საჯაროდ და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. მაგრამ დამიჭირეს უკრაინაში, ხელბორკილები დამადეს და პოროშენკო საქართველოს მთავრობას ემუდარებოდა წავეყვანეთ, მაგრამ ქართველებმა გარკვევით უარი უთხრეს, ანუ ისინი თითქოს მასამართლებენ, მაგრამ ქართულ ციხეში ჩემი დანახვა არ სურთ“.

შეკითხვა ივანიშვილის თაობაზე: „არ ნანობთ, რომ თავის დროზე საქარველოდან არ გააძევეთ?“

„ვნანობ, ვნანობ ერთმნიშვნელოვნად. ოლიგარქებს არ უნდა ეფერო, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი დახარბდა ივანიშვილის დაპირებებს.საზოგადოებას უნდა მისცე ყველაფრის გამოცდის შესაძლებლობა. იყო ასეთი ცდუნება და საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნილება და ეს მტკივნეული გამოცდილება ყველას უნდა გადაეტანა. ის ხალხს „უფასო ფულს “ ჰპირდებოდა და მან მიიღო უფასო ფული ბიუჯეტიდან“.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს დაპატიმრებულ თანაპარტიელებზე, მათ შორის ყოფილ შს მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ბაჩო ახალაიაზე, გუნდის სხვა წევრებზე.

„ხალხი მიეჩვია, რომ ის [ვანო მერაბიშვილი] ქრონიკულად უნდა იჯდეს ციხეში და უკვე აღარავის ახსოვს რისთვის ჩასვეს“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,საპრეზიდენტო არჩვნებზე ბიძინა ივანიშვილმა მათზე 40-ჯერ მეტი დახარჯა და ბევრი დასავლელიც ვერ ხვდება ამას.

„ამას წინათ ერთ-ერთი სულელი მეორეხარისხოვანი ამერიკელი მოღვაწე აფასებდა და თქვა, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირები არიან, მათ საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანილიო. ჩემმა ნაცნობმა რომ ჰკითხა,„როგორ არიან სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირებიო“, უპასუხა, ორივე მილიარდერიაო და თავისი არაფორმალური მექანიზმებით საქართველოს აკონტროლებენო. უგუნური! დარწმუნებულია, რომ მილიარდერი ვარ“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში, მომრავლდნენ პოლიტოლოგები, რომლებიც შარლატანებს ზრდიან, რათა მასები აკონტროლონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG