Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახლოებული ზამთარი და გათბობის პრობლემა კახეთში


ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობა სათბობი მასალის მომარაგებაზე იწყებს ზრუნვას. კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ოჯახების ნაწილი მყარი საწვავით გათბობას, ნაწილი კი ბუნებრივი აირის მოხმარებას ანიჭებს უპირატესობას. შეშის ღირებულება და ბუნებრივი აირის დანახარჯი ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვაა. პრობლემაა ის, რომ სოფლების ნაწილი კახეთში გაზიფიცირებული არ არის, მყარ საწვავს ასეთ დასახლებებში ალტერნატივა არ აქვს. კიდევ რა პრობლემებზე ლაპარაკობს რეგიონის მოსახლეობა გათბობის სეზონთან დაკავშირებით და ვინ მიიღებს მყარ საწვავს ეროვნული სატყეო სააგენტოდან?

გადმოწერა
ყველაფერი ძვირდება. გასულ წლებში დიდი მანქანით შეშა თუ 400 ლარი ღირდა, ახლა 450 გახდა. რადგან დაჩეხა არ შემიძლია, ამაშიც ფული უნდა გადავიხადო და, მთლიანობაში, ერთი მანქანისთვის 600 ლარი მჭირდება.

მართალია, კალენდარულად ზამთრის დადგომამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა კახეთში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და მოსახლეობამ გათბობის სეზონზე დაიწყო ფიქრი. ჩვენი რესპონდენტების თქმით, ერთი ღუმელი რომ ჰქონდეთ და ორი ოთახი გაათბონ ზამთრის განმავლობაში, 800-დან 1000 ლარამდეა საჭირო. ამ თანხაში შედის მყარი საწვავის ყიდვა და დაჩეხა.

რეგიონში პრობლემებზე ძირითადად მოსახლეობის ის ნაწილი ჩივის, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს და პენსიონერია. ისინი ამბობენ, რომ უფულობის გამო ზამთრისთვის მყარი საწვავი ჯერ არ შეუძენიათ, თუმცა დაანგარიშებული აქვთ, რა ოდენობისა და ღირებულების დასჭირდებათ. ჩვენ მიერ გამოკითხულთაგან ზოგი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გამათბობლით თბება:

„ყველაფერი ძვირდება. გასულ წლებში დიდი მანქანით შეშა თუ 400 ლარი ღირდა, ახლა 450 გახდა. რადგან დაჩეხა არ შემიძლია, ამაშიც ფული უნდა გადავიხადო და, მთლიანობაში, ერთი მანქანისთვის 600 ლარი მჭირდება, მაგრამ ეს ერთი მანქანა არ მყოფნის და გაზაფხულზე კიდევ პატარა მანქანით ვყიდულობ, რომელშიც კიდევ 130 ლარს ვიხდი ხოლმე“.

სიებში ვინც არის მოხვედრილი, მათ შეუძლიათ გადაიხადონ მოსაკრებელი და წაიღონ კუთვნილი შეშის რაოდენობა. ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს შეშა მივცეთ მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ტყიდან. მთავრობის დადგენილებაში წერია, სად შეიძლება მოინიშნოს ხეები.
გიორგი ხაბეიშვილი

„ახლა თუ არ გააძვირეს, პატარა, ჟიგულის მანქანით შეშა 50-60 ლარი, ისე, დიდი მანქანა შეშა 450 ლარი მიჯდება, მაგრამ დეკემბერში კიდევ უფრო ძვირდება. ვყიდულობ, რასაც შევძლებ. პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზე ვარ დამოკიდებული“.

„მარტო ვცხოვრობ, ამიტომ შეშის ყიდვა და დაჭრა საკმაოდ ძვირი მიჯდება. უფრო მირჩევნია გაზით გავთბე და ეკონომიურად მოვიხმარო“.

მყარი საწვავი კახეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე ყოველწლიურად გაიცემა. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი ხაბეიშვილი გვეუნება, რომ წელიწადში ერთხელ ბარში მცხოვრებ ოჯახებზე 7 კუბური მეტრის, ხოლო მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ ოჯახებზე 15 კუბური მეტრის ოდენობით შეშა გაიცემა. ოჯახი მუდმივად მცხოვრებია თუ არა კონკრეტულ ადგილზე, ამას ადგილობრივი მერია ადგენს, შემდეგ მონაცემებს სატყეო სააგენტოს უგზავნის, სააგენტო კი მის დაქვემდებარებულ ტყეკაფებში ამ სიის მიხედვით შეშას გამოყოფს. 1 კუბური მეტრი შეშის ფასი 5-დან 6 ლარამდეა. ფასი ხის სახეობის მიხედვით იცვლება. საფასურის გადახდის შემდეგ მოსახლეობამ შეშა თავად უნდა გაიტანოს ტყიდან.

„სიებში ვინც არის მოხვედრილი, მათ შეუძლიათ გადაიხადონ მოსაკრებელი და წაიღონ კუთვნილი შეშის რაოდენობა. ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს შეშა მივცეთ მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ტყიდან. მთავრობის დადგენილებაში წერია, სად შეიძლება მოინიშნოს ხეები. სიღნაღში და დედოფლისწყაროში საერთოდ არ არის ტყე. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა შორს რომ არ წავიდეს, მეზობელი რაიონის ტყით ისარგებლებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მანძილი ტყესა და სახლს შორის იყოს ახლოს“.

ამ ეტაპისთვის 18 ბაღში უკვე შეტანილია შეშის მორები და მიმდინარეობს მისი დაჩეხა. დანარჩენ ბაგა-ბაღებშიც, სვარაუდოდ, ოქტომბრის 10-მდე უნდა მორჩეს შეშის შეტანა.
ლელა თევდორაშვილი

სწორედ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობისთვის გამოყოფილი შეშა მათი საცხოვრებელი სახლებიდან ზოგჯერ მოშორებულია, კონკრეტული პირები საერთოდ უარს ამბობენ ტყიდან შეშის გატანაზე. რადგან შორი მანძილიდან შეშის მიტანა ძვირი უჯდებათ, ამიტომ ყიდვას ამჯობინებენ. კახეთში შეშას ყიდულობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებიც - მათ შორის სკოლები და ბაღები. რეგიონში სულ 20-მდე სკოლა და ბაღი იქნება, სადაც ცენტრალური გათბობაა. ასეა გურჯაანშიც. 37 საბავშვო ბაღიდან 30-ში შეშის ღუმელით თბებიან. მართალია, ეკოლოგიურად სუფთა საწვავს მოიხმარენ, მაგრამ ამბობენ, რომ არაჰიგიენურია.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების შეშით მომარაგება უკვე დაწყებულია და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება:

„ამ ეტაპისთვის 18 ბაღში უკვე შეტანილია შეშის მორები და მიმდინარეობს მისი დაჩეხა. დანარჩენ ბაგა-ბაღებშიც, სვარაუდოდ, ოქტომბრის 10-მდე უნდა მორჩეს შეშის შეტანა. მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში ბუნებრივი აირი გასათბობად კი არა, ბაღების სამზარეულოებშიც კი არ გვქონდა. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის დამთავრდა ყველა ბაღის გაზიფიცირება. ბუნებრივ აირს ახლა მხოლოდ სამზარეულოში მოვიხმართ“.

აღსანიშნავია, რომ წლების წინ კახეთში ადგილობრივი მთავრობა სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ოჯახებისთვის მყარ საწვავს თავად ყიდულობდა და სახლში მიჰქონდა, მაგრამ ეს პროგრამა გაუქმებულია. მაგალითად, ლაგოდეხის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს წელს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯისთვის 100-100 ლარს აძლევს, თუმცა თავად ასეთ ოჯახებში ამბობენ, რომ სეზონზე გათბობის პრობლემა რომ მოეხსნათ, 700-დან 1000 ლარამდეა საჭირო.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG